Accessibility links

საქართველოში „გაზპრომის“ შემოსვლის ეკონომიკური საფრთხეები


საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი გაზსადენი, რომლის მეშვეობითაც "გაზპრომის" გაზის ტრანსპორტირება ხორციელდება.

საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი გაზსადენი, რომლის მეშვეობითაც "გაზპრომის" გაზის ტრანსპორტირება ხორციელდება.

საზოგადოების ნაწილში სულ უფრო მძაფრდება პროტესტი რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელობასთან საქართველოს ვიცე-პრემიერ კახა კალაძის შეხვედრის გამო. როგორც ცნობილია, კალაძისა და მილერის მოლაპარაკების მიზანი იყო საქართველოში რუსული გაზის მოცულობის გაზრდა. რა რისკებს უკავშირდება „გაზპრომთან“ შესაძლო დაახლოება?

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძისა და რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელის ალექსეი მილერის შეხვედრის შესახებ ცნობილი გახდა რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით. საქართველოს მთავრობა ბრიუსელში 25 სექტემბერს გამართული შეხვედრის დეტალებს დღემდე არ ახმაურებს, ცნობილია მხოლოდ ის, რომ კალაძემ და მილერმა ისაუბრეს საქართველოში რუსეთიდან ბუნებრივი აირის შესყიდვაზე და ასევე მესამე ქვეყნაში გაზის ტრანზიტზე. ინფორმაციის გავრცელებას უმალვე მოჰყვა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აზერბაიჯანის დედაქალაქში ვიზიტი, რადგან სწორედ აზერბაიჯანიდან იღებს საქართველო გაზის ძირითად მოცულობებს. სამშობლოში დაბრუნებულმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან ურთიერთობების გადახედვა არ იგეგმება:​

ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა ფიქრობს ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიცირებაზე. აქ საუბარი არ არის მხოლოდ და მხოლოდ დამატებითი მოცულობების შემოტანაზე რუსეთიდან...

„ჩვენ აზერბაიჯანთან გვაქვს ძალიან მჭიდრო სტრატეგიული ხასიათის ურთიერთობა და მეგობრობა. არავითარ დივერსიფიკაციაზე, აზერბაიჯანის გაზის ჩანაცვლებაზე საუბარი არ მიდის. ეს არის სრული აბსურდი, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. გთხოვთ, ნუ შეჰყავთ მოსახლეობა შეცდომაში უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს".

არადა, სწორედ დივერსიფიკაციის სურვილზე აკეთებს აქცენტს საქართველოს მთავრობის მეორე წარმომადგენელი, კახა კალაძე:

„ჩვენ ვიღებთ ბუნებრივ აირს რუსეთიდან, ანუ კომპანია „გაზპრომიდან“. ეს უკვე წლებია, გუშინ და დღეს არ დაწყებულა და მე ვფიქრობ, მომავალშიც გაგრძელდება. ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა ფიქრობს ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიცირებაზე. აქ საუბარი არ არის მხოლოდ და მხოლოდ დამატებითი მოცულობების შემოტანაზე რუსეთიდან, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ასევე ირანთან მიმართებაში.“

მთავრობის ხელმძღვანელების სხვადასხვაგვარმა განცხადებამ კიდევ უფრო გაამძაფრა საზოგადოების ნაწილის ეჭვები და პროტესტი საქართველოში „გაზპრომის“ პოზიციების შესაძლო გაძლიერების გამო. იმის გასარკვევად, თუ რა საფრთხეები ახლავს თან „გაზპრომთან“ თანამშრომლობის გაღრმავებას, 16 ოქტომბერს „თავისუფალ უნივერსიტეტში“ საჯარო დისკუსია გაიმართა.

დივერსიფიკაციის არგუმენტი, როგორც ასეთი, არის უსასაცილოესი არგუმენტი, იმიტომ რომ წარსულს თუ შევხედავთ, „გაზპრომი“ არის გაზის ერთ-ერთი ყველაზე არასაიმედო მომწოდებელი მთელ მსოფლიოში...

ამ უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის დეკანის გიგა ბედინეიშვილის მოსაზრება „გაზპრომის“ მეშვეობით ბუნებრივი აირის მოწოდების დივერსიფიკაციის შესაძლებლობის შესახებ ასეთია:

„დივერსიფიკაციის არგუმენტი როგორც ასეთი არის უსასაცილოესი არგუმენტი, იმიტომ რომ წარსულს თუ შევხედავთ „გაზპრომი“ არის გაზის ერთ-ერთი ყველაზე არასაიმედო მომწოდებელი მთელ მსოფლიოში. ჩვენ გარდა წარსულში გაზის მიწოდება აქვს შეწყვეტილი ევროპის ქვეყნებისთვის.“

გიგა ბედინეიშვილმა „გაზპრომის“ სხვა ნაბიჯებიც გაიხსენა, რომლებიც ზრდის გაზმომარაგების რისკებს და, ამასთანავე, ზრდის ფინანსურ დანაკარგებსაც. მან ისაუბრა ასევე „გაზპრომის“ ეკონომიკურ მდგომარეობაზე:

„85 პროცენტით არის შემცირებული "გაზპრომის" კაპიტალიზაცია. ჩვენ უნდა გავაკეთოთ დასკვნა, რომ "გაზპრომი" არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში, შესაბამისად, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია რუსეთი. ტრენდი არის დაღმავალი, ტრენდი არის აშკარა და ეს უნდა განაპირობებდეს ჩვენს ამოცანებს და ჩვენს სტრატეგიას.“

ასეთი რამ გაკეთდა სომხეთში. დააწერეს ვალი და ამ ვალის შედეგად მთელი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დღეს არის 'გაზპრომის'...

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ ბიზნესსკოლის დეკანის გიგა ბედინეიშვილის აზრით, ასეთ ვითარებაში საქართველომ უნდა აირჩიოს სწორი მომენტის ლოდინის სტრატეგია და არა „გაზპრომზე“ მიბმის დაჩქარება. იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოჰყვეს რუსეთის სახელმწიფო კომპანიასთან თანამშრომლობის გაღრმავებას, „თავისუფალი უნივერსიტეტის“ კანცლერი ვახტანგ ლეჟავა ამბობს:

„'გაზპრომი' ცდილობს, რომ პოლიტიკურად ჩაერიოს შენს ქვეყანაში და ენერგეტიკა იყოს რაც შეიძლება კორუმპირებული. ენერგეტიკა უნდა იყოს კორუმპირებული, რათა გადახდების დონე იყოს დაბალი და შემდეგ ამ გადახდების დონის მანიპულირებით და დატაცებით, რაც თან მოაქვს კორუფციას ენერგეტიკაში, თავისთავად მოაქვს, დაგაწეროს ვალი და მერე ამ ვალში მოგთხოვოს რაღაცა. ასეთი რამ გაკეთდა სომხეთში. დააწერეს ვალი და ამ ვალის შედეგად მთელი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დღეს არის 'გაზპრომის'.“

"სოკარის" გაზგასამართი სადგური გორის მახლობლად

"სოკარის" გაზგასამართი სადგური გორის მახლობლად

ვახტანგ ლეჟავამ პოლიტიკაში „გაზპრომის“ ჩარევის მაგალითად სხვადასხვა ქვეყანაში რუსეთის სახელმწიფო კომპანიის მიერ პოლიტიკური პარტიებისა თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაუფარავი დაფინანსებაც დაასახელა. ასეც რომ არ იყოს, გაუგებარია ახალი პარტნიორის ძიება მაშინ, როდესაც საქართველოს პოზიტიური ენერგეტიკული ბალანსი აქვს და ქვეყანა ენერგიის ექსპორტიორია.

ამჟამად საქართველო ბუნებრივ აირს სამი მომწოდებლისგან იღებს. „გაზპრომი“ საქართველოს ტრანზიტის ღირებულების სახით აწვდის სომხეთში ექსპორტირებული გაზის მოცულობის 10 პროცენტს, მასზე მოდის საერთო მომარაგების მხოლოდ მცირე ნაწილი. მეორე არის „შახდენიზის“ გაზსადენი - საერთაშორისო კორპორაცია, რომლის გაზის გატარების სანაცვლოდ საქართველო აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირს იღებს დაბალ ფასად, ხოლო, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია მიიღოს იმ რაოდენობის ბუნებრივი აირი, რამდენსაც მოითხოვს, ოღონდ საერთაშორისო ფასის შესაბამისად. და მესამეა აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია "სოკარი", რომელიც საქართველოს გაზს აწვდის ორი სხვადასხვა ხელშეკრულების ფარგლებში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG