Accessibility links

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისთვის სამგორის სამხრეთი თაღის ნავთობის საბადო შეარჩია და, ერთ-ერთ კომპანიასთან მოლაპარაკებების შედეგად, პროექტის განხორციელების უფლებაც მიიღო.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, სამგორის სამხრეთი თაღის სტრუქტურაზე გაზსაცავის მშენებლობის შემდეგ შესაძლებელი იქნება მასში 230-250 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის შენახვა, რაც საქართველოში გაზის მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-ს შეადგენს.

ნავთობისა და გაზის კორპორაციაში აცხადებენ, რომ გაზსაცავის მშენებლობით ქვეყანა მიიღებს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს, რომელიც მნიშვნელოვნად აამაღლებს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, უზრუნველყოფს საქართველოს მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდებას კრიტიკულ სიტუაციებში, ქვეყნის გარედან გაზის მოწოდების შეფერხების შემთხვევაში, და შეამცირებს გაზის მოწოდებასა და მოხმარებას შორის არსებულ სეზონურ დისბალანსს.

მათივე ინფორმაციით, გაზსაცავის პროექტის წინასწარი საინჟინრო-ტექნიკური შესწავლა და ფინანსების მოძიების სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

არ არის გამორიცხული გაზცასავი მთლიანად სახელმწიფო სახსრებით აშენდეს, რადგან, ექსპერტების აზრით, პროექტის სიძვირისა და ეკონომიკურად შედარებით მცირე მომგებიანობის გამო, ნაკლებად სავარაუდოა ინვესტორი მისით დაინტერესდეს.

თუმცა გაზსაცავს გააჩნია ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ენერგოუსაფრთოხოების თვალსაზრისით. სწორედ ამის გამო მსოფლიოში ამჟამად 700–მდე გაზსაცავია. აქედან სამი გაზსაცავი ამიერკავკასიაში მდებარეობს: ერთი სომხეთში, ერევნის მახლობლად, სადაც ქვეყანას 2 თვის სამყოფი ბუნებრივი აირის შენახვა შეუძლია, 2 კი აზერბაიჯანში – ყარადაღსა და კალმასში. რუსეთს გაზსაცავებში 400 მლრდ კუბ/მ გაზის შენახვა შეუძლია, რაც მისი წლიური მოხმარების 10%–ზე ნაკლებია. 13 მიწისქვეშა გაზსაცავი აქვს უკრაინასაც, სადაც 32 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შენახვა შეიძლება.

საინტერესოა, რომ საქართველოში გაზსაცავის მშენებლობის იდეა პირველად ჯერ კიდევ საბჭთა პერიოდში, 80-იანი წლების მიწურულს, გაჩნდა. 90-იან წლებში და უკვე 2005-2006 წლებშიც მსგავსი გაზსაცავის არსებობის აუცილებლობა ფიზიკურად განიცადა თავის თავზე საქართველოს მოსახლეობამ, როცა, რუსულ გაზზე დამოკიდებულების პირობებში, ზამთრის გარკვეული პერიოდები გაზმომარაგების გარეშე დარჩა. ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით გაზსაცავის მშენებლობისთვის საჭირო კვლევითი სამუშაოები არაერთხელ ჩატარდა. განიხილებოდა ნინოწმინდის მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის ვერსიაც, რომელიც ტექნიკურადაც იქნა შესწავლილი.

გაზსაცავის პროექტის მშენებლობის დაწყების გაჭიანურება ძირითადად მისი სიძვირით და იმით იყო განპირობებეულ, რომ საქართველოში გაზის მოხმარება დიდი არ არის და ამიტომ ექსპერტთა ნაწილს მიაჩნია, რომ ძვირად ღირებული გაზსაცავის მშენებლობის აუცილებლობა არ გვაქვს, რადგან საქართველოს 2 მლრდ კუბ/მ გაზის მოხმარების დაბალანსება გაზსაცავის გარეშეც შეუძლია. ენერგეტიკოსთა შორის არის მოსაზრება, რომ ძვირად ღირებული გაზსაცავის ნაცვლად ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების ჩადება ეკონომიკურად უფრო მომგებიანია და ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისითაც შედეგს იძლევა.

თუმცა გამოცდილება - განსაკუთრებით კი ევროპული გამოცდილება - მსგავსი გაზსაცავის მშენებლობის აუცილებლობას მოწმობს. ამასთან, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წესებით, ამ გაერთიანების ყველა წევრ ქვეყანას ბუნებრივი აირის 2 თვის მარაგი უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, საცავში მუდმივად უნდა იყოს გაზის გარკვეული რაოდენობა, რომელსაც ქვეყანა ვერ შეეხება.

ასე რომ, ევროკავშირისა და, ამასთან, ენერგოუსაფრთხოებისკენ სავალ გზაზე საქართველოს გაზსაცავის მშენებლობა მაინც მოუწევს. რამდენად შეძლებს ამისთვის ქვეყანა ფინანსების მოძიებას, ეს უახლოეს თვეებში უნდა გახდეს ცნობილი.

XS
SM
MD
LG