Accessibility links

logo-print

გეგუთის ისტორიული კომპლექსი ვიზიტორებს საინტერესო მასალებს სთავაზობს


გეგუთი

გეგუთი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ისტორიული ძეგლის, „თამარის ციხედ“ წოდებული კომპლექსის შესახებ, რომლის რეკონსტრუქციის ფარგლებში არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს, ვიზიტორთათვის სპეციალური საიტის შექმნა იგეგმება, გათხრების შედეგად აღმოჩენილი ექსპონატები კი ივლისის თვიდან დამთვალიერებელთათვის საგანგებოდ მოწყობილ სივრცეში დროებით ადგილზე გამოიფინება.

გეგუთის ისტორიული კომპლექსის მთავარი სასახლის მიმდებარედ მოწყობილი შუშის კონსტრუქციის საშუალებით, ვიზიტორებს სასახლის ნანგრევების აღქმა პერსპექტივაში პირვანდელი სახით უკვე შეუძლიათ. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, გეგუთის სასახლის კომპლექსის არქეოლოგიური, კვლევითი და საკონსერვაციო სამუშაოების დასრულება 2016 წლის ბოლომდე იგეგმება.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა გაფრინდაშვილის განცხადებით, 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაიყო გეგუთის სასახლის კომპლექსზე სარეკონსტრუქციო, არქეოლოგიური და საველე სამუშაოები. არქეოლოგიური კვლევის პროცესში კომპლექსის სხვადასხვა ნაწილში გაიჭრა თხუთმეტი თხრილი, რომლის საფუძველზე გამოვლინდა აქამდე უცნობი ნაგებობები. მათგან ყველაზე ადრეული, IV–V საუკუნეების,ციხისა და მის ფარგლებში არსებული სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებია. პაატა გაფრინდაშვილის განმარტებით, არქეოლოგიური გათხრებისას, მანამდე ცნობილი სამის ნაცვლად, 11 ფენა ღმოჩნდა.მეცხრე ფენას, აგურით ნაგებ გრანდიოზულ სასახლეს, წინასწარი დასკვნებით, დავით აღმაშენებლის, გიორგი III-ის და თამარის ეპოქას უკავშირებენ. კვლევის საფუძველზე პაატა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ გეგუთში მდებარე ისტორიული კომპლექსი განსაკუთრებით ისტორიითა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით დაინტერესებული ვიზიტორების ყურადღებას მიიპყრობს.

გეგუთის ისტორიულ კომპლექსში ექსპედიციის ხელმძღვანელის, არქეოლოგ როლანდ ისაკაძის ინფორმაციით, სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად მთლიანად აღდგენილია გალავანი, გათხრების დასრულების შემდეგ კი რამდენიმე თვე დაეთმობა ნაპოვნი მასალების კვლევას. გეგუთის ისტორიულ კომპლექსში არქეოლოგიური გათხრებისას ახლად აღმოჩენილი ნიმუშები ვიზიტორთათვის ადგილზევე სპეციალურად მოწყობილ სივრცეში ერთი თვით გამოიფინება. ძეგლის ნაწილის კონსერვაციის შედეგად კი დამთვალიერებელს საშუალება ექნება აღმოჩენილი ნაგებობები პირვანდელი სახით იხილოს. გეგუთის კომპლექსი ფეოდალური ხანის სამეფო ტიპის სასახლეებს შორის ერთადერთი კარგად შემონახული ძეგლია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG