Accessibility links

logo-print
გეგუთის კოლონიაში ცემის შედეგად დაღუპული პატიმრის ლევან კორტავას ოჯახი ეჭვის თვალით უყურებს გამოძიების შედეგებს და ფიქრობს, რომ მთავარი დამნაშავეები დაუსჯელნი დარჩნენ. საუბარია საგამოძიებო დასკვნაზე, რომელიც მთავარმა პროკურატურამ 2 აგვისტოს გამოაქვეყნა და რომლის თანახმადაც, უშუალოდ მოძალადე პატიმრების გარდა, ლევან კორტავას საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია გეგუთის კოლონიის 4 თანამშრომელი. რა მოხდა მაისში გეგუთის კოლონიაში და რას ფიქრობენ უფლებადამცველები - რა განაპირობებს მსგავს ძალადობას სასჯელაღსრულების სისტემაში?

27 წლის პატიმარი ლევან კორტავა, ”მასზე განხორციელებული ძალადობით ქალა-ტვინის დახურული ტრავმის შედეგად განვითარებული ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპებისა და დარბილების გამო”, 2013 წლის 23 მაისს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, ცნობიერების დაბრუნების გარეშე გარდაიცვალა. როგორც მთავარი პროკურატურის მიერ პარასკევს გამოქვეყნებულ დასკვნაშია განმარტებული, პატიმარს, რომელიც რუსთავის მე-6 დაწესებულებიდან გეგუთის მე-14 დაწესებულებაში 12 მაისს გადაიყვანეს, იმავე დღეს მოუვიდა უსიამოვნება უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ ილია შანშაშვილთან. შელაპარაკება ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემასთან დაკავშირებით მოხდა და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორმა შანშაშვილმა ლევან კორტავასთან კონფლიქტური სიტუაციის გარკვევა დაავალა სხვა პატიმარს, კერძოდ, შოთა სინაურიძეს, მეტსახელად „ბულდოგას“.

მთავარი პროკურატურის საგამოძიებო დასკვნით, რომელიც საგანგებო ბრიფინგზე 2 აგვისტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ გაახმაურა, ლევან კორტავას პატიმრებმა იმ დღეს ჯგუფურად განსაკუთრებული სისასტიკით, მძიმე საგნების გამოყენებით, უმოწყალოდ სცემეს ორჯერ და მძიმე შედეგმაც არ დააყოვნა:

”განხორციელებული ძალადობის შედეგად, ლევან კორტავამ მიიღო მძიმე ხარისხის, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები, კერძოდ, მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები შუბლის, ორივე თვალბუდის, მარჯვენა საფეთქლისა და ცხვირის მიდამოში, სისხლჩაქცევებით ქალას რბილი საფარის ქსოვილში, რბილ გარსებში და თავის ტვინის ნივთიერებაში, ასევე ცხვირის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა”.

მსჯავრდებულის დაშავების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიზნით მისულ გამომძიებელს განზრახ არასწორად მიუთითა ლევან კორტავას სხეულის დაზიანების ადგილი და განუცხადა, რომ ლევან კორტავამ დაზიანებები მიიღო მეორე სართულის კიბიდან დაგორების შედეგად...
პატიმარ ლევან კორტავას მიმართ განხორციელებულ ძალადობას გამოძიებისთვის გზა-კვალის არევის ინტენსიური მცდელობა მოჰყვა და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორმა ილია შანშაშვილმა ეს სხვა თანამშრომლების დახმარებით გააკეთა. გაყალბდა ფაქტები:

”მსჯავრდებულის დაშავების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიზნით მისულ გამომძიებელს განზრახ არასწორად მიუთითა ლევან კორტავას სხეულის დაზიანების ადგილი და განუცხადა, რომ ლევან კორტავამ დაზიანებები მიიღო მეორე სართულის კიბიდან დაგორების შედეგად, რაც რეალობას არ შეესაბამებოდა. ამგვარად, საგამოძიებო მოქმედების - შემთხვევის ადგილის - დათვალიერების ოქმზე ხელმოწერით, ილია შანშაშვილმა, მტკიცებულების ფალსიფიკაციის გზით, მცდარ კვალზე დააყენა გამოძიება”.

უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორის, აწ უკვე დაკავებული ილია შანშაშვილის მიერ შეთხზული ვერსია, თავის დროზე, სასჯელაღსრულების სამინისტრომაც გაიმეორა და ის ოფიციალურ განცხადებებშიც აისახა. თუმცა, შეიძლება ითქვას, უფლებადამცველებს ეს ვერსია არასოდეს გაუზიარებიათ და ისინი არაერთხელ გამოვიდნენ სამართლიანი და საფუძლიანი გამოძიების მოთხოვნით. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, პატიმარ ლევან კორტავას საქმესთან დაკავშირებით, ილია შანშაშვილის გარდა, დაკავებულია სასჯელაღსრულების მე-14 დაწესებულების კიდევ 3 თანამშრომელი - გიგა კოხოძე, ალექსანდრე ბაბუნაშვილი და თენგიზ ნასარია. გარდა ამისა, ბრალი წარედგინა ძალადობის აქტის უშუალოდ შემსრულებელ 7 პატიმარს. წინასწარი ინფორმაციით, ბრალდებულთა აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე ქუთაისის საქალაქო სასამართლო 4 აგვისტოს იმსჯელებს.

შედეგი არ აკმაყოფილებს გარდაცვლილის ოჯახს. როგორც მამიდა - ხათუნა კორტავა - ვარაუდობს, 3 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში გამოძიება საქმის ჩაფარცხვას ცდილობს. ”არ მინდა ვიფიქრო, რომ უდანაშაულო ხალხს დაადეს ხელი, მაგრამ, ვფიქრობ, მთავარი შემკვეთები არ ჩანან და თუ ძლიერი არგუმენტები გაქვთ, დამაჯერეთ, ბატონო, წინააღმდეგი არ ვარ", - ამბობს დაღუპული პატიმრის მამიდა, რომელსაც შეკითხვა აქვს ასევე სასჯელაღსრულების სამინისტროსთან. ხათუნა კორტავას აინტერესებს, რატომ გადაიყვანეს ლევან კორტავა ოჯახთან შეუთანხმებლად, მოულოდნელად, გეგუთის კოლონიაში, სადაც მას, წინასწარი მუქარის გათვალისწინებით, რეალური საფრთხე ელოდა.

როდესაც მოდის ახალი პოლიტიკური ხელმძღვანელობა უწყებაში, სადაც დიდ უბედურებებს ჰქონდა ადგილი, და ვტოვებთ ძირითად კადრებს, ან ახლების ნაცვლად მოგვყავს ძველები, რომლებიც ამ სისტემის ნაწილები იყვნენ და დარჩნენ... ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა...
ამ შეკითხვაზე პასუხი, არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, რადიო თავისუფლებამ 3 აგვისტოს ვერ მიიღო სასჯელაღსრულების სამინისტროსგან. ჩვენ ასევე გვინდოდა დაგვეზუსტებინა, ეთანხმება თუ არა უწყება, ვთქვათ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის ეკა ფოფხაძის აზრს იმის თაობაზე, რომ საპატიმროთა მართვის კუთხით რეალური რეფორმა არ განხორციელებულა:

”პატიმრების მიმართ ადრე თვითონ ადმინისტრაციის მხრიდან ხდებოდა ძალადობის გამოყენება, წამება, მუქარა და ისინი ვერ ბედავდნენ ძალადობის ფაქტების განხორციელებას თუ სხვა კანონდარღვევის ჩადენას. და ახლა, როცა ყველანი ვხედავთ, რომ ასეთი ძალადობა პატიმრებზე აღარ ხორციელდება და მათ აღარ ატერორებენ, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, ახლა საკითხი დგას, რომ აუცილებელია სწორი მენეჯმენტი, რადგანაც პატიმრებს სჭირდებათ მართვა. ციხის მენეჯმენტი, ციხის მართვა - ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რაც აუცილებლად უნდა განახორციელოს სახელმწიფომ”.

სასჯელაღსრულების სისტემაში შექმნილ ვითარებას სასწრაფოდ გამოსასწორებლად მიიჩნევს ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ხელმძღვანელი, უფლებადამცველი ლია მუხაშავრია. მისი აზრით, ყველაფერი კოჰაბიტაციის პროცესში გამოვლენილი სუსტი პოლიტიკური ნების ბრალია:

”როდესაც მოდის ახალი პოლიტიკური ხელმძღვანელობა უწყებაში, სადაც დიდ უბედურებებს ჰქონდა ადგილი, და ვტოვებთ ძირითად კადრებს, ან ახლების ნაცვლად მოგვყავს ძველები, რომლებიც ამ სისტემის ნაწილები იყვნენ და დარჩნენ... ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა...”

ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ, საკადრო პრობლემის გარდა, მოსაგვარებელია საკანონმდებლო ბაზაც და, საერთოდ, სასჯელაღსრულების სისტემას სჭირდება ”რადიკალური, ძალიან კარგად გააზრებული და სრულიად ახლებური სტრატეგია”.
XS
SM
MD
LG