Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იყო თუ არა „ხალიფატის ჯარისკაცი“ ომარ მატენი


პოლიციამ გაჩხრიკა ორლანდოელი თავდამსხმელის სახლი
please wait

No media source currently available

0:00 0:01:33 0:00

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო სწავლობს ინფორმაციას, აშშ-ის შტატ ფლორიდაში გეიკლუბში მოწყობილ სისხლიან თავდასხმაში ბრალდებული იყო თუ არა დაკავშირებული „ისლამურ სახელმწიფოსთან“. ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ აცხადებს, რომ მათი „ჯარისკაცი იყო შეიარაღებული თავდამსხმელი“, ვინც 12 ივნისს ქალაქ ორლანდოს ერთ-ერთ ღამის გეიკლუბში ტყვიით 50 ადამიანი მოკლა და 53 დაჭრა. გამოძიების ფედერალური ბიუროს ცნობით, ტერაქტის მოწყობამდე, 12 ივნისის დილით, თავდამსხმელმა პოლიციის საგანგებო სიტუაციათა სამსახურში დარეკა და განაცხადა, რომ ერთგულება შეჰფიცა „ისლამურ სახელმწიფოს“. მამაკაცი, რომელმაც დაიწყო სროლა და მძევლები აიყვანა ღამის კლუბში, ავღანური წარმოშობის 29 წლის ომარ მატენი აღმოჩნდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ორლანდოში მომხდარ მასობრივ მკვლელობას „ტერორიზმისა და სიძულვილის აქტი“ უწოდა. ტერაქტს ავღანეთის პრემიერ-მინისტრი აბდულა აბდულაც გამოეხმაურა:

„ჩვენ ვგმობთ ამ ტერორისტულ თავდასხმას და მას დანაშაულად მივიჩნევთ. გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას და ვუსამძიმრებთ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და ხალხს. ტერორიზმი არ ცნობს რელიგიას, საზღვრებსა და ეთნიკურობას. ტერორისტი ტერორისტია, მისი წარმომავლობის მიუხედავად“.

ომარ მატენი, ავღანელი ემიგრანტის შვილი, ნიუ-იორკში დაიბადა და სულ პატარა იყო, როდესაც მშობლებმა ფლორიდაში წაიყვანეს. 9 წლის განმავლობაში იგი უსაფრთხოების გლობალური ფირმის G4s -ის დაცვაში მუშაობდა. იგი კანონიერად ფლობდა იარაღს, რომლის შეძენის ლიცენზიაც 2011 წელს მოიპოვა. 2009 წელს მატენმა იქორწინა უზბეკ მიგრანტ სიტორა ალიშერზოდა იოსუფიზე, თუმცა წყვილი შეუღლებიდან რამდენიმე თვეში ერთმანეთს არაოფიციალურად დაშორდა, როგორც სიტორა იოსუფი აცხადებს, მისი ყოფილი ქმრის მანიაკალური გადახრების გამო:

„დასაწყისში ის ოჯახში ნორმალურად იქცეოდა, უყვარდა ხუმრობა და გართობა, მაგრამ ჩვენი შეუღლებიდან რამდენიმე თვის შემდეგ იგი ბიპოლარული გახდა (ბიპოლარულობა ახლავს მანიაკალურ დეპრესიას, ბიპოლარულობა არის მენტალური მდგომარეობის მოშლა დეპრესიისა და აღგზნებულობის დროს) და უმიზეზოდ კარგავდა წონასწორობას. ამ დროს მე უკვე ვწუხდი საკუთარ უსაფრთხოებაზე, რადგან რამდენიმე თვის შემდეგ მან დაიწყო ჩემზე ფიზიკური ძალადობა და ამიკრძალა საუბარი ჩემს ოჯახთან - მძევალივით ვიყავი, რომ მათთან კავშირი არ მქონოდა. ამის მიუხედავად, მასში კარგის დანახვას ვცდილობდი, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები ძალიან იყვნენ შეწუხებული იმით, რაც ჩემს თავს ხდებოდა, და გადაწყვიტეს მოვენახულებინე და გავერიდებინე ამ სიტუაციას“.

გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლის თქმით, მათ ჯერ ვერ მოიპოვეს მტკიცებულება, რაც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ომარ მატენის პირდაპირ კავშირს დაადასტურებდა. ჯერჯერობით უცნობია, თავდამსხმელი ექსტრემისტული დაჯგუფებისგან პირდაპირ ღებულობდა მითითებებს, თუ, უბრალოდ, ექსტრემისტული იდეოლოგიის გავლენით მოქმედებდა. 5 წლის წინ გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა ორჯერ დაკითხეს მატენი ისლამისტებთან სავარაუდო კავშირის გამო, მაგრამ ინტერვიუს შემდეგ საქმე დახურეს. მეორედ გამოძიება მატენით 2014 წელს დაინტერესდა. ამის მიზეზი გახდა ომარ მატენის შესაძლო კავშირი მონერ მოჰამად აბუსალეჰთან, ჯიჰადისტთან, რომელმაც სირიაში დანაღმული სატვირთო ავტომობილით აიფეთქა თავი და ალ ყაიდასთან აფილირებული ორგანიზაცია „ან-ნუსრას ფრონტის“ მებრძოლი აღმოჩნდა. თუმცა, როგორც გამოძიების ფედერალური ბიუროს სპეციალური აგენტი რონალდ ჰუპერი აცხადებს, მატენსა და აბუსალეჰს შორის იმდენად უმნიშვნელო კავშირი აღმოჩნდა, რომ იმხანად ის საფრთხის შემცველად არ ჩაითვალა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG