Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გამარჯვება მიაკუთვნა გეიქორწინების მომხრეებს


აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააბათილა ფედერალური კანონმდებლობის მუხლი, რომელიც ქორწინებას განსაზღვრავდა როგორც კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის.

ამავე დღეს მიღებული სხვა გადაწყვეტილებით, სასამართლომ კალიფორნიაში გაუხსნა გზა ერთი სქესის წარმომადგენელთა ქორწინებას.

პირველი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ კანონიერ ქორწინებაში მყოფ ერთსქესიან წყვილებს შეეძლებათ გადაიხადონ იგივე ფედერალური გადასახადები, მიიღონ ჯანდაცვისა და პენსიის იგივე შეღავათები, რომლებითაც ამ დრომდე ძირითადად საპირისპირო სქესის წარმომადგენელი წყვილები სარგებლობდნენ.

უზენაესი სასამართლოს მიერ ოთხშაბათს მიღებულ გადაწყვეტილებებს მიიჩნევენ ბოლო ათწლეულების ყველაზე დიდ გამარჯვებად, რომელსაც ჰომოსექსუალებმა სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლაში მიაღწიეს.
ერთი სქესის წარმომადგენელთა ქორწინება დაშვებულია 12 შტატსა და ვაშინგტონში. ამასთან, კიდევ 18,000-მდე წყვილი დაქორწინდა კალიფორნიაში იმ მოკლე პერიოდში, როცა ასეთი ქორწინება იქ კანონიერი იყო.

გავრცელებულ განცხადებაში აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიესალმა სასამართლოს გადაწყვეტილებას და მას „არასწორი ვითარების გამოსწორება“ უწოდა.

ამასთან, ობამამ დასძინა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ ცვლის იმას, თუ როგორ განსაზღვრავენ და მოიაზრებენ ქორწინებას რელიგიური ინსტიტუტები.

ეს უდიდესი გამარჯვებაა და ბედნიერი დღეა ერთმანეთის მოყვარული, დაქორწინებული წყვილებისა და მათი ოჯახებისთვის. ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ ამერიკაში არ არიან მეორეხარისხოვანი მოქალაქეები...
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას დიდი სიხარულით შეხვდნენ უფლებადამცველები.

ქორწინების უფლების თანასწორობისთვის მებრძოლი ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მარკ სოლომონმა, რადიო თავისუფლებას შემდეგი უთხრა:

„ეს უდიდესი გამარჯვებაა და ბედნიერი დღეა ერთმანეთის მოყვარული, დაქორწინებული წყვილებისა და მათი ოჯახებისთვის. ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ ამერიკაში არ არიან მეორეხარისხოვანი მოქალაქეები და, ასევე, არ არსებობს მეორეხარისხოვანი ოჯახები“.

გადაწყვეტილებას ასევე მიესალმა რამდენიმე დემოკრატი კანონმდებელი, - მათ შორის, შვიდი კონგრესმენი, - რომლებიც არ მალავენ თავიანთ ჰომოსექსუალურ ორიენტაციას.

თუმცა ბევრ რესპუბლიკელ კანონმდებელს - მათ შორის, ვიკი ჰარცლერს - სხვაგვარი რეაქცია ჰქონდა:

„ჩვენ ქალსა და მამაკაცს შორის ქორწინების ჭეშმარიტების გასამყარებლად უნდა ვიმუშაოთ. გონივრული პოლიტიკა იმ რეალობის შენარჩუნებაა, რომელშიც ყველა ბავშვი იმსახურებს დედას და მამას და ეს, თავის მხრივ, მთელი საზოგადოებისთვის არის კარგი“.

ერთი სქესის წარმომადგენელთა ქორწინების მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ბრძოლას გააგრძელებენ.
XS
SM
MD
LG