Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალით ამჯერად კმაყოფილნი არიან


ანაკლიაში გრძელდება საქართველოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, იგივე Gem-fest -ი. ანაკლია-განმუხურის სანაპიროზე მთელი დღის განმავლობაში ისმის მუსიკა და მიმდინარეობს როგორც სპორტული, ისე მუსიკალური ღონისძიებები, ფილმების ჩვენება, გვიან ღამით კი მუსიკალურ შოუს იწყებენ და დილამდე აგრძელებენ მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები. უცხოელ ვარსვლავებთან ერთად, ფესტივალში მონაწილეობას იღებენ ქართველი მუსიკოსებიც. Gem-fest -ზე ელექტრონული მუსიკის თითქმის ყველა მიმდინარეობის მოსმენაა შესაძლებელი, მათ შორის, ტრანსის, ჰაუს თუ ტექნომუსიკის. Gem-fest-ით კმაყოფილებას გამოხატავენ მისი ორგანიზატორებიც და სტუმრებიც, რომელთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. როგორც ორგანიზატორები ირწმუნებიან, ფესტივალის ტერიტორიაზე მოსახვედრად სხვადასხვა კატეგორიის ათასობით საშვი, ე.წ. „ვიზა“, გაიყიდა.

„ძალიან მაგარი რამე გამოვიდა ჩვენი ერთიანობით, ქართველების ერთიანობით. ეს იყო კერძო სექტორის, მთავრობის, ახალგაზრდების, მოხალისეების გაერთიანება. შედეგად ჩვენ მივიღეთ ძალიან მაგარი ბრენდი. ეს უკვე იმაზე მეტია, ვიდრე ბევრი ცნობილი ფესტივალი. მე დღეს ვნახე აქ ჰოლანდიელები, გერმანელები, პოლონელები. ისინი ჩამოვიდნენ სამეგრელოს ამ სოფელში და გაოცებულები უყურებდნენ იმას, რაც ხდება აქ“, - განაცხადა Gem fest-ის ორგანიზატორმა გიორგი სიგუამ.

შარშანდელი „კაზანტიპის“ ფესტივალისგან განსხვავებით, ამჯერად კმაყოფილნი არიან ანაკლიის სტუმრებიც. ამბობენ, რომ ყველაფერია დროის კარგად გასატარებლად - ამინდი, ზღვა, მუსიკა... რაც მთავარია, საჭმელ-სასმელი და ბინის ქირაობა მისაღებ ფასად.

„წინა წელთან შედარებით, წელს სიტუაცია ბევრად უფრო განვითარებულია, ძალიან მომწონს. ფასები დაბალია, ყველა არტისტი, ვინც ჩამოსულია, არის მაღალი დონის“;

„ძალიან კარგი გარემოა და ყველაფერი ხელს გვიწყობს, რომ კარგად გავერთოთ ყველა“;

„ფასები არის, პირველ რიგში, ძალიან კარგი. დეკორაცია არის ულამაზესი“, - განუცხადეს ჟურნალისტებს ფესტივალის სტუმრებმა.

დამსვენებლებმა Gem fest -ის საშვებისთვის 100-დან 200 ლარამდე გადაიხადეს. ფასი დამოკიდებულია ბარათის მოქმედების ლიმიტზე. სპეციალური ფასდაკლებით სარგებლობენ სტუდენტები და რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები. კერძო სახლების ქირის ფასი ანაკლიაში დღეში თითო ადამიანზე 25 ლარიდან იწყება და საცხოვრებელი პირობების მიხედვით იზრდება. არის ალტერნატიული შემოთავაზებაც: 2-3 ადგილიანი კარვები დღეში 30 ლარად. განსხვავებულია ფასები სასტუმროებში - აქ ნომრების ქირაობა 150 ლარიდან არის შესაძლებელი.

ანაკლიაში Gem fest -ის კარები 30 ივლისს გაიღო, 31-ში კი ოფიციალურად გაიხსნა. ფესტივალი ცნობილმა ჰოლანდიელმა მუსიკოსმა არმინ ვან ბუურენმა გახსნა. გარდა მუსიკისა, Gem fest-ის ორგანიზატორებმა სტუმრებს ფესტივალის დაწყება მასშტაბური ფოიერვერკით მიულოცეს. ფესტივალს 7 აგვისტოს ნინო ქათამაძე და ნიკოლოზ რაჭველი დახურავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG