Accessibility links

logo-print

დემურ გიორხელიძე: ”ჩრდილოეთ კავკასია საქართველოსთან მჭიდრო კავშირს ითხოვს”


ოთხკაციანი დელეგაცია თბილისიდან ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში თებერვლის შუა რიცხვებში მოსკოვის საგარეო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლის ნიკოლაი სილაევის მიწვევითა და ორგანიზებით გაემგზავრა. ჩრდილოეთ ოსეთი, დაღესტანი და ყაბარდო-ბალყარეთი ქართულმა დელეგაციამ, ნიკოლაი სილაევის ხელმძღვანელობით, 10 დღის განმავლობაში მოიარა. დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძემ, პირველ მარტს ჩრდილოეთ კავკასიაში განხორციელებულ ვიზიტს პრესკონფერენცია მიუძღვნა, სადაც ვიზიტის შედეგები შეაჯამა.

დემურ გიორხელიძემ ჟურნალისტებთან საკმაოდ დიდხანს და ემოციურად ისაუბრა ჩრდილოეთ ოსეთში, დაღესტანსა და ყაბარდო-ბალყარეთში სტუმრობის შედეგებსა და დეტალებზე. პირველ მარტს გამართულ პრესკონფერენციას არ ესწრებოდა დელეგაციის დანარჩენი სამი წევრი -”კავკასიის სახლის” წარმომადგენელი გიორგი კანაშვილი, სტრატეგიული კვლევების ცენტრის პოლიტოლოგი გიორგი გვიმრაძე და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული შოთა აფხაიძე. დემურ გიორხელიძემ საუბრის დასაწყისშივე გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ვიზიტის შესახებ საქართველოს მთავრობამ არაფერი იცოდა. მისი თქმით, დელეგაციის წევრებმა, 10 დღიანი მოგზაურობის ფარგლებში, შეხვედრები გამართეს როგორც რესპუბლიკების ოფიციალურ, ისე არასამთავრობო სექტორისა თუ უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. ”საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანები, რომლებიც არ მალავენ პატივისცემას”, - ასე ახასიათებს დემურ გიორხელიძე ჩრდილოეთ კავკასიაში გამართულ შეხვედრებს:

”მე გაოგნებული ვარ იმ დამოკიდებულებით, რაც მათ საქართველოსადმი გამოხატეს. ჩვენ კოლექტიურ შიზოფრენიაში უნდა ვიყოთ და რაღაც დეგენერაციის გზაზე უნდა ვიდგეთ, რომ დავკარგოთ ეს კავშირები კავკასიელ ხალხთან, რომლებიც ჩვენთვის არა მარტო მეგობრები არიან, არამედ ჩვენით დაინტერესებული ხალხია. ისინი ითხოვენ ქართულ პროდუქციას, ითხოვენ ჩვენთან ეკონომიკურ, კულტურულ, ბიზნეს ურთიერთობებს. მე, რომელიც ყოველდღე ვკითხულობდი ინფორმაციას, თურმე არ მცოდნია ჩრდილოეთ კავკასია, არ მცოდნია ეს განწყობა”, - ამბობს დემურ გიორხელიძე.
ვერ გეტყვით, რა მოხდა იქ პირველ დღეს, მაგრამ მთავრობის მეთაურთან შეხვედრა არ შედგა მხოლოდ იმიტომ, რომ ცხინვალში ძალიან ანერვიულდნენ ამ ვიზიტის გამო. მაგრამ მიღება მაინც შესანიშნავი იყო...

ის საუბრობს საერთო კავკასიური მაუწყებლობის შექმნაზე, რის შესახებაც აზრი ჩრდილოეთ კავკასიაში ვიზიტისას გაჩნდა და რაც, მისი თქმით, იქნება კულტურული და პოლიტიკური თანამშრომლობის საუკეთესო ნიმუში.

დემურ გიორხელიძემ საუბრის ძირითადი დრო დაღესტანსა და ყაბარდო-ბალყარეთში გამართულ შეხვედრებს დაუთმო. ცოტა ისაუბრა მან ჩრდილოეთ ოსეთში, კონკრეტულად კი ვლადიკავკაზში გამართულ ოსურ-ქართულ სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც 19 თებერვალს ჩრდილოეთ ოსეთის ჰუმანიტარულ-სოციალური კვლევების ინსტიტუტში შედგა. სწორედ ამ დღეს წერდა რადიო „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი, რომ ქართულ დელეგაციას გაძლიერებული დაცვის თანხლებით უწევდა გადაადგილება. მისივე ინფორმაციით, კონფერენცია დაგვიანებით დაიწყო, რადგან რამდენიმე ცნობილმა კავკასიოლოგმა - მათ შორის, სამხრეთ ოსეთის პირველმა პრეზიდენტმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ლუდვიგ ჩიბიროვმა -კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი თქვა. ეს ინციდენტი დემურ გიორხელიძემ ასე გაიხსენა:

”ჩიბიროვს გამოუთქვამს მოსაზრება, რომ თითქოს ეს წარუმატებელი ვიზიტი იყო. მე ერთი დღით გვიან ჩავედი ვლადიკავკაზში. ვერ გეტყვით, რა მოხდა იქ პირველ დღეს, მაგრამ მთავრობის მეთაურთან შეხვედრა არ შედგა მხოლოდ იმიტომ, რომ ცხინვალში ძალიან ანერვიულდნენ ამ ვიზიტის გამო. მაგრამ მიღება მაინც შესანიშნავი იყო. მართალია, დაცვის კორდონი იყო გაძლიერებული, მაგრამ გვხვდებოდნენ ძალიან კეთილგანწყობილად. იქ ქართველებს არანაირი პრობლემა არ აქვთ”, - ამბობს დემურ გიორხელიძე.
სააკაშვილის რეჟიმმა ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა 2008 წელს აგვისტოს დღეებში სამხრეთ ოსეთს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მან პირდაპირ განახორციელა ოსი ხალხის გენოციდი...

რადიო „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი კი ქართული დელეგაციის ჩრდილეოთ ოსეთში გამართული ვიზიტის თაობაზე იტყობინება, რომ საზოგადოება ქართველი სტუმრების მიმართ კეთილგანწყობილი არ აღმოჩნდა. ვიზიტის შესახებ კომენტარი ჩრდილოეთ ოსეთში მოქმედი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმაც გააკეთეს. როგორც კორესპონდენტი წერს, მოძრაობა ”ერთიანი ოსეთის” წევრი ალიხან ხუგაევი მიიჩნევს, რომ საქართველოს ოსეთთან ურთიერთობის ერთადერთი მიზანი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების შთანთქმაა. რაც შეეხება საზოგადოებრივი ორგანიზაცია ”დარიალის” ლიდერს, გიარბეკ სალბიევს, ის ამბობს, რომ ამგვარი ნაბიჯებით თბილისი ცდილობს გახლიჩოს ოსეთი.

ვლადიკავკაზში გამართულ შეხვედრებს ორი დღის წინ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. ამის მიზეზი კი დელეგაციის ერთ-ერთი წევრის, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული შოთა აფხაიძის, განცხადება გახდა. მისი თქმით, სააკაშვილის რეჟიმმა 2008 წელს ოსი ხალხის გენოციდი განახორციელა:

”სააკაშვილის რეჟიმმა ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა 2008 წელს აგვისტოს დღეებში სამხრეთ ოსეთს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მან პირდაპირ განახორციელა ოსი ხალხის გენოციდი”.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ თავისი აქტივისტებითა და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირით დაკომპლექტებული დელეგაცია ჩრდილოეთ ოსეთში იმ მიზნით მიავლინა, რომ მათ გაეკეთებინათ განცხადებები იმის თაობაზე, თუ როგორ განახორციელა მიხეილ სააკაშვილმა ოსი ხალხის გენოციდი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.

”კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის” ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ჩრდილოეთ კავკასიასთან ურთიერთობის განვითარება აუცილებელია როგორც რეგიონალური, ისე სასაზღვრო უსაფრთხოებისთვის რუსეთთან მიმართებაში. მისივე თქმით, ჩრდილოეთ კავკასიასთან ურთიერთობების გაღრმავება სავსებით ჯდება საქართველო-რუსეთის დიალოგის განვითარების ჩარჩოში. თუმცა ის კიდევ ერთ ფაქტორზე მიუთითებს:

”სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობისა და ნდობის აღდგენის საკითხში აუცილებელია, რომ ჩრდილეოთ ოსეთთან განვავითაროთ ურთიერთობები. ეს აუცილებელია”.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG