Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა იციან აბიტურიენტებმა გენდერის შესახებ


იმის დასადგენად, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ახალგაზრდებს გენდერული საკითხებისადმი, მკვლევრებმა შეისწავლეს აბიტურიენტების ნაშრომები, რომლებიც მათ ეროვნულ გამოცდებზე გენდერის თემაზე დაწერეს. კვლევა, ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრისა“ და აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა ჩაატარა. როგორც ავტორები ამბობენ, შედეგი იმაზე კარგი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ, თუმცა გამოიკვეთა პრობლემებიც.

საქართველოს 10 რეგიონიდან და თბილისიდან მკვლევრებმა 1706 აბიტურიენტის საგამოცდო ნაშრომი გააანალიზეს. კვლევაში მოხვდა მხოლოდ ის ესეები, რომლებიც გამომცდელებმა საშუალო ან მაღალი ქულით შეაფასეს. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის წარმომადგენელი გიორგი ლოლაშვილი განმარტავს, თუ რატომ შეირჩა ასეთი მეთოდი:

„დაბალი შეფასება ნიშნავს იმას, რომ ესე არ არის სრულყოფილად ჩამოყალიბებული, არ შეიცავს საკმარის არგუმენტებს ან მოცულობით არის პატარა. ამიტომ ჩავთვალეთ, რომ არ იქნებოდა გამართლებული ეს ესეები გაგვეანალიზებინა იმ ესეებთან ერთად, რომლებიც სრულყოფილად შეიცავდა ჩვენთვის საჭირო ინფორმაციას“.

მკვლევრებმა შეისწავლეს აბიტურიენტების ესეები 2013 წლის ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტებიდან. საგამოცდოდ აბიტურიენტებს ჰქონდათ დავალება, დათანხმებოდნენ ან არ დათანხმებოდნენ მოცემული ორიდან ერთ-ერთ დებულებას:

პირველი: „სახელმწიფოს მმართველ ორგანოებში ქალების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა აუცილებელია ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების უკეთ წარმართვისათვის“ და მეორე: „არსებობს პროფესიები, რომელთა დაუფლებაც მხოლოდ მამაკაცებისთვის ან მხოლოდ ქალებისთვის არის მიზანშეწონილი“.

ელენე რუსეცკი
ელენე რუსეცკი

როგორც ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორი ელენე რუსეცკი ამბობს, კვლევის შედეგები მოსალოდნელზე უკეთესი აღმოჩნდა:

„უფრო უარყოფით შედეგებს ველოდებოდი, ვიდრე მივიღეთ. რაც შეეხება იცოდნენ თუ არა ტერმინოლოგია, სკოლაში ბავშვები სამოქალაქო განათლების საგანს გადიან, სადაც გენდერული თანასწორობის საკითხი ასე თუ ისე შეტანილია, ამიტომ, ჩემი აზრით, უფრო მეტი უნდა იცოდნენ ამასთან დაკავშირებით, ვიდრე იციან“.

კვლევამ აჩვენა, რომ გენდერული თანასწორობის მიმართ დადებითად განწყობილია აბიტურიენტების 70 %, უარყოფითად - 27.8, ხოლო პოზიცია გამოკვეთილი არ იყო შესწავლილი ნაშრომების 2.2 პროცენტში.

ასევე გამოიკვეთა სტერეოტიპები და დამოკიდებულებებიც, მაგალითად, პროფესიების მიმართ ქალებისა და კაცებისათვის. კვლევამ აჩვენა ასევე, რომ აბიტურიენტების ნაწილი ქალს მოიხსენიებს როგორც სუსტ სქესს, მანდილოსანს ან ქალბატონს და ა.შ.

კვლევის პრეზენტაციაზე, რომელიც 25 იანვარს გაიმართა, დამსწრეებმა სხვადასხვა ორგანიზაციიდან აღნიშნეს, რომ ეს კვლევა შეიძლება გენდერული საკითხების ცოდნას უფრო აღწერს, ვიდრე მათ მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულებას. ამ თემაზე ილაპარაკა ნანა ბერეკაშვილმა, წარმომადგენელმა ორგანიზაციისა „საზოგადოება პოზიტიური ცვლილებებისთვის“:

„როდესაც აბიტურიენტი ესეს წერს, ყოველთვის თავის პოზიციას გამოხატავს? ანუ იყო კი ეს აბიტურიენტთა პოზიციის კვლევა? ზუსტად ვიცით, რომ ისინი ამ პოზიციის მატარებლები არიან?“

თვითონ სკოლის მოსწავლეებისგან მსმენია, რომ როდესაც რეგიონებში ამ თემებს განიხილავენ, სამწუხაროდ, ასკვნიან და ამთავრებენ იმით, რომ საქართველოში გენდერული თანასწორობა მიღწეულია და პრობლემა არ არსებობს...
ნინო ჯავახიშვილი

თუმცა აქვე აღნიშნეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ კვლევის შემდეგ გამოჩნდა, არის სტერეოტიპები, რომლებიც საგამოცდო ესეებში აბიტურიენტებმა გამოიყენეს, იმის მიუხედავად, დადებითად იყვნენ განწყობილი გენდერული თანასწორობის მიმართ თუ უარყოფითად.

კვლევამ აჩვენა, რომ გენდერის საკითხების შესახებ აბიტურიენტებმა ცოტა იციან და, მიუხედავად იმისა, რომ აბიტურიენტების უმრავლესობას სწორი დამოკიდებულება აქვს ზოგიერთი თემის მიმართ, მათ უჭირთ სხვადასხვა საკითხზე მსჯელობა, რადგან არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია.

კვლევის პრეზენტაციაზე აღნიშნეს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მასწავლებლების გადამზადებაა:

„თვითონ სკოლის მოსწავლეებისგან მსმენია, რომ როდესაც რეგიონებში ამ თემებს განიხილავენ, სამწუხაროდ, ასკვნიან და ამთავრებენ იმით, რომ საქართველოში გენდერული თანასწორობა მიღწეულია და პრობლემა არ არსებობს“, - ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგი ნინო ჯავახიშვილი. აქედან გამომდინარე, დასძენს ის, მნიშვნელოვანია თვითონ მასწავლებლებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია, რომ ის მოსწავლეებამდე სრულყოფილად მიიტანონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG