Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენდერულ საკითხებს რეგიონალური მედია უკეთ აშუქებს


სხვა მედიასაშუალებებთან ერთად ჯილდო წილად ხვდა რადიო თავისუფლებასაც გადაცემისთვის „გენდერული ამბები“.
სხვა მედიასაშუალებებთან ერთად ჯილდო წილად ხვდა რადიო თავისუფლებასაც გადაცემისთვის „გენდერული ამბები“.

„ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ წარმოადგინა შედეგები მედიამონიტორინგისა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გენდერულ ჭრილში გაშუქებას შეეხებოდა. ორგანიზაციამ მედიის ცალკეული წარმომადგენლებიც დააჯილდოვა მათ მიერ გენდერული მრავალფეროვნების გაშუქებისათვის. სხვა მედიასაშუალებებთან ერთად ჯილდო წილად ხვდა რადიო თავისუფლებასაც გადაცემისთვის „გენდერული ამბები“. როგორ შუქდებოდა პოლიტიკური სუბიექტების აქტივობა, გენდერული თვალსაზრისით?

მედიამონიტორინგი „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ განახორციელა „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ დაკვეთით, იმ პროექტის ფარგლებში, რომელსაცშეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს. მონიტორინგში საუბარი მხოლოდ გენდერულ საკითხებს არ შეეხება, იქ საუბარია მერობის კანდიდატების და,ზოგადად, პოლიტიკურ სუბიექტთა აქტივობის გაშუქებაზე.

როგორც „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი ელენე რუსეცკი ამბობს, აღმოჩნდა, რომ მედია უხეშად არ არღვევს გენდერული თანასწორობის პრინციპს, მაგრამ აქვს რიგი ხარვეზები:

„გამოვლინდა, რომ არცთუ ისე თანაბრად არიან წარმოდგენილი პოლიტიკოსი და მომავალი პოლიტიკოსი ქალები წინასაარჩევნოდ ეთერში. ასევე არის გარკვეულწილად სტერეოტიპული დამოკიდებულება, თუმცა დისკრიმინაციულს ვერ დავარქმევდით და, ამ თვალსაზრისით, ცუდად არ არის საქმე“.

მონიტორინგის ობიექტები იყვნენ: „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი და აჭარის „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, ასევე კერძო ტელეკომპანიები: „მაესტრო“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „კავკასია“, „ტაბულა“ და რეგიონალური მაუწყებლები.

უფრო მეტი მოთხოვნაა მედიის მიმართ, რომ ამგვარი თემატიკაც უფრო მეტად გაანალიზებული და უფრო ღრმად განხილული იყოს. იყო არასწორი ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები - „სუსტი სქესი“ და სხვა...
თამარ რუხაძე

თბილისის ტელევიზიები მოწმდებოდა მთლიანად პრაიმ-ტაიმზე და რეგიონალური ტელევიზიები - მთავარი საინფორმაციო გამოშვებების მიხედვით. როგორც „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ დირექტორი თამარ რუხაძე ამბობს, კვლევა მოიცავდა შემდეგ საკითხებს: რამდენად შეესაბამება ჟურნალისტური პროდუქტი მედიის ეთიკურ სტანდარტებს, ხომ არ ამკვიდრებდა მედია გარკვეულ გენდერულ სტერეოტიპებს და ხომ არ გამოიყენებოდა დისკრიმინაციული ტერმინოლოგია.მთავარ მიგნებებს თამარ რუხაძე ასე ახასიათებს:

„მედია ნაკლებ ყურადღებას უთმობდა საარჩევნო გენდერულ თემატიკას და საარჩევნო პროცესთან მიმართებით გენდერულ თემატიკას. უფრო მეტად მედიის ყურადღების ცენტრში ექცეოდა მიმდინარე ახალი ამბები, რომლებსაც მედია გვერდს ვერ აუვლიდა, მაგრამ არ იყო პირდაპირ დაკავშირებული საარჩევნო პროცესთან - მაგალითად, ძალადობა ქალთა მიმართ ან ძალადობა ოჯახში... და ესეც, შეიძლება ითქვას, უფრო მეტი მოთხოვნაა მედიის მიმართ, რომ ამგვარი თემატიკაც უფრო მეტად გაანალიზებული და უფრო ღრმად განხილული იყოს. იყო არასწორი ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები - „სუსტი სქესი“ და სხვა. იყო თვითდისკრიმინაციის შემთხვევებიც, როდესაც ქალი კანდიდატები და ქალი პოლიტიკოსები ძალიან ხშირად აპელირებდნენ იმაზე, რომ ისინი არიან ქალები და სწორედ ამის გამო ეკუთვნით უპირატესობა“.

ამასთან, თამარ რუხაძის სიტყვებით, წინასაარჩევნო პერიოდში ძირითადი დრო პოლიტიკურ საკითხებზე ეთმობოდათ კაცებს. ასევე გამოიკვეთა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და ვერ იცავს გაშუქების დროს გენდერული თანასწორობის პრინციპს.

სახეზეა ძალიან ზედაპირული გაშუქება და არაარსებითი საუბარი საკითხზე. ცოტა განსხვავებულია აჭარის მონაცემი, იმიტომ რომ ტელეკომპანია „აჭარა“ ასე თუ ისე ახერხებდა გენდერულ ჭრილში გაეშუქებინა საარჩევნო პრობლემატიკა. კერძო მაუწყებლებს რაც შეეხება...
ნათია კუპრაშვილი

თბილისში არსებული კერძო მაუწყებლებისგან განსხვავებით, რეგიონალური მაუწყებლები მეტად ცდილობდნენ, რომ გენდერული თემატიკა არჩევნებთან დაეკავშირებინათ და ამის მიზეზად თამარ რუხაძე იმას ასახელებს, რომ „ქალთა სიანფორმაციო ცენტრი“, სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად თანამშრომლობენ რეგიონალურ მაუწყებლებთან.

რაც შეეხება გაშუქების ტონს,უარყოფითი ტონი თითქმის არსად არ გამოკვეთილა.

კვლევის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, ამბობს „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი. მისი სიტყვებით, საკანონმდებლო ვალდებულების მიუხედავად, გენდერული თანასწორობის საკითხების გაშუქება ძალიან ზედაპირულია:

„სახეზეა ძალიან ზედაპირული გაშუქება და არაარსებითი საუბარი საკითხზე. ცოტა განსხვავებულია აჭარის მონაცემი, იმიტომ რომ ტელეკომპანია „აჭარა“ ასე თუ ისე ახერხებდა გენდერულ ჭრილში გაეშუქებინა საარჩევნო პრობლემატიკა. კერძო მაუწყებლებს რაც შეეხება, აქ არსებითი პრობლემები გამოიკვეთა უფრო გასართობ შოუებში, რომლებიც აძლიერებენ გენდერულ სტერეოტიპებს და ახალისებენ ქალთა დისკრიმინაციას. რაც შეეხება რეგიონალურ ტელევიზიებს, აქ უფრო დადებითი ტენდენციაა, იმიტომ რომ არხები ცდილობდნენ ეპოვათ განსაკუთრებული თემები, რომლებიც ეხმარებოდა არასწორი სტერეოტიპების ნგრევას საზოგადოებაში; ასევე საკმაო დრო იყო დათმობილი თოქ-შოუებში ქალებისთვის და ქალთა საკითხების გაშუქებისთვის“.

ამ ფილმის რესპონდენტები არიან მოკლული ქალების მშობლები. როდესაც აკეთებ ფილმს ფემიციდის შესახებ, მოტივაცია არის, უბრალოდ, გააგებინო საზოგადოებას, რომ ასეთი ფაქტები ხდება ჩვენს ქვეყანაში...
ვიკა ბუკია

თუმცა, ამის მიუხედავად, ნათია კუპრაშვილის თქმით, შეინიშნებოდა უნებლიე ტერმინოლოგიური მადისკრიმინირებელი ტექსტების გამოყენებაც. თავად რესპონდენტებიც იყვნენ არამართებული სტერეოტიპების ტყვეობაში. იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც მუშაობენ თავიანთი კანდიდატების პროგრამაზე, ნათია კუპრაშვილის თქმით, უნდა იმუშაონ იმაზე, რომ კანდიდატებმა სტერეოტიპული განცხადებები არ გააკეთონ.

„ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ რეგიონალური და ცენტრალური ტელევიზიების ჟურნალისტებიც დააჯილდოვა - ისინი, ვისაც წვლილი შეაქვს გენდერული თანასწორობის დამკვიდრებაში. მათ შორის ერთ-ერთი იყო „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემა „ტელებლოგის“ ჟურნალისტი ვიკა ბუკია, რომელიც დაჯილდოვდა ფილმისათვის „ურჩი ქალები“. ესააფილმი ფემიციდზე:

„ამ ფილმის რესპონდენტები არიან მოკლული ქალების მშობლები. როდესაც აკეთებ ფილმს ფემიციდის შესახებ, მოტივაცია არის, უბრალოდ, გააგებინო საზოგადოებას, რომ ასეთი ფაქტები ხდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქში და ჩვენს ქუჩაზე“.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, როგორც თამარ რუხაძე ამბობს, მედია ხშირად მიჰყვება გარედან მოსულ თემებს, სასურველი კია, რომ ის თავად იყოს ინიციატორი ისეთი, არაყოველდღიური, საკითხების გაშუქებისა, როგორიცაა, თუნდაც, გენდერული თემატიკა.

ძალადობის ფაქტების გაშუქების დროს მედია უფრო მეტად უნდა უღრმავდებოდეს საკითხს და არ უნდა აქცევდეს მას მხოლოდ კრიმინალური ახალი ამბების ნაწილად. საზოგადოდ, გენდერული საკითხების სტერეოტიპული გაშუქება ხდება არა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების, არამედ გასართობი გადაცემების პრობლემა.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG