Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირა სკანდალური ინფორმაციით დაიწყო.


გასული კვირა სკანდალური ინფორმაციით დაიწყო.

20 მარტს კონსერვატიულმა პარტიამ გამოაქვეყნა ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძისა და აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი. საუბარში, რომელიც, სავარაუდოდ 2003 წლის ნოემბრის პირველ რიცხვებში შედგა, შევარდნაძე აბაშიძეს ურჩევს, რომ, ოპოზიციის კიდევ უფრო გააქტიურებისა და სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში, წინა პლანზე წამოსწიოს აჭარის საქართველოდან გამოყოფის საკითხი:
(ნაწყვეტი სატელეფონო საუბრის ჩანაწერიდან) ”მოთხოვნებში აუცილებლად გაიჟღეროს (უბრალოდ, ჩემი რჩევაა და, თუ ყურადებას მიაქცევ, კარგი იქნება), რომ, აი, იმის ჩამოსვლამ და დებოშმა მანდ და შეურაცხყოფამ, რომელიც მან აჭარას მიაყენა (იცი შენ, ვინა მყავს მხედველობაში), რომ აქ გამოიწვია ისეთი რეაქცია, რომ იძულებული ვიყავი განცხადება გამეკეთებია, რომ ასეთი ხალხი თუ იქნება, გავალ საქართველოს შემადგენლობიდან... მაგრამ მე, რა თქმა უნდა, მე ამას არ დავუშვებ.” (სტილი დაცულია)
მართალია, ჩანაწერიდან ჩანს, რომ ექსპრეზიდენტი შეთავაზებული წინადადების შინაარსს არ ეთანხმება, მაგრამ საქართველოს კონსერვატიული პარტიისთვის ეს შემამსუბუქებელ გარემოებას არ წარმოადგენს. პარტიის ლიდერებმა კობა დავითაშვილმა და ზვიად ძიძიგურმა, სამშობლოს ღალატის ბრალდებით, ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დაპატიმრება და გასამართლება მოითხოვეს და მასალები პროკურატურასაც გადასცეს.
თავად ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე კი, რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ მას, ერთი მთავარი საკითხის გარკვევის გარეშე, ბრალდებებზე პასუხის გაცემა გაუჭირდება:
(ედუარდ შევარდნაძის ხმა) ”თუ არ იქნება ცნობილი, ვისი განკარგულებით მოხდა ეს, - მონტაჟია თუ არაა მონტაჟი, ნამდვილია თუ არანამდვილი, სულ ერთია, - ვისი განკარგულებით მოხდა ამის ჩაწერა, ამის გარეშე პასუხის გაცემა ყველა კითხვაზე ძნელია.” (სტილი დაცულია)
კობა დავითაშვილს, როგორც პარლამენტის წევრს, აქვს კონსტიტუციური უფლება, არ მისცეს გამოძიებას ჩვენება, თუ ვისგან და რა გზით მოიპოვა ყოფილი პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი და ის ამ უფლებით სარგებლობას აპირებს კიდეც. კონსტიტუციურ უფლებაზე სახალხო დამცველიც საუბრობს, თუმცა განსხვავებულ კონტექსტში. სოზარ სუბარი შეახსენებს ყველას, რომ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, უმაღლესი თანამდებობის პირების პირადი საუბრების მოსმენა დაუშვებელია. მისი თქმით, აღნიშნული ქმედება ლახავს საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.

გასულ კვირას საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს მართავდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში. მთავარ თემებს რუსი ცისფერჩაფხუტიანების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში რუსეთის როლის განსაზღვრა წარმოადგენდა. დელეგაციის ხელმძღვანელი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი 21 მარტს მთავარი პრინციპების გარშემო მიღწეულ შეთანხმებაზე საუბრობდა:

(მიხეილ მაჭავარიანის ხმა) ”ყველა შეხვედრაზე ხაზგასმული იყო, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ეჭვქვეშ რუსეთი არ აყენებს და მზად არის ითანამშრომლოს ამ საკითხების მოგვარებაში. ჩვენ ავუხსენით, რომ საქართველო რუსეთს არ განიხილავს, როგორც მტრულ სახელმწიფოს.” (სტილი დაცულია)

რუსეთთან კავშირში უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც 21 მარტს გავრცელდა: საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ვიზების მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები აღარ შეექმნებათ.

გასულ კვირას კვლავაც გრძელდებოდა მწვავე საუბრები თბილისის 84-ე საშუალო სკოლის გადაწვასთან დეპუტატ ვალერი გელაშვილის კავშირზე. თბილისის მერის მიერ გელაშვილის მისამართით გამოთქმულ პირდაპირ ბრალდებებს 21 მარტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბიძინა ბრეგვაძის არანაკლებ თამამი განცხადება მოჰყვა:

(ბიძინა ბრეგვაძის ხმა) ”ვალერი გელაშვილისნაირი ბანდიტების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის.” (სტილი დაცულია)

ხელისუფლების მწვავე შეფასებების ფონზე არავის გაჰკვირვებია, როდესაც გასულ კვირას გადამწვარი სკოლის ეზოში, მოსწავლეების, მშობლებისა და პედკოლექტივის თავყრილობაზე, გამოჩნდა ვალერი გელაშვილის ფოტოები, წარწერით ”ამან სკოლა დაგვიწვა”! სამართალდამცველები ხანძრის გამომწვევ რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ, მათ შორის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დივერსია განიხილება.
იმ მოტივით, რომ საზოგადოებაში ეჭვი აღარ დარჩეს, დეპუტატ ვალერი გელაშვილის საქმის გამოძიების მოთხოვნით, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" 21 მარტს გენერალურ პროკურატურას მიმართა. უმრავლესობის წევრებმა გიგა ბოკერიამ და რატი სამყურაშვილმა პარლამენტში პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ დეპუტატ ვალერი გელაშვილის დანაშაულებრივი ქმედების მამხილებელი სხვა ფაქტებიც არსებობს. საუბარია ვალერი გელაშვილის ბიზნესისთვის საინტერესო შენობების მსგავსი ხელწერით გადაწვაზე როგორც ხაშურში, ასევე თბილისში. 22 მარტს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დაიწყო შესწავლა ვალერი გელაშვილის საქმიანობისა, რომელიც "პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ" კანონს არ შეესაბამება.
ვალერი გელაშვილი ნახსენებია იმ მემორანდუმში, რომელიც საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადასცეს. თუმცა გელაშვილი ნახსენებია არა როგორც ბრალდებული ხანძრებთან კავშირში, არამედ როგორც დაზარალებული მასზე განხორციელებული თავდასხმის გამო, რომელიც ხელისუფლების მიერ დღემდე არ არის გამოძიებული და გახსნილი.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა "რესპუბლიკური პარტიის" ცენტრალურ ოფისში 24 მარტს შედგა. პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მემორანდუმში ასევე საუბარია მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და იმაზე, რომ ხელისუფლება ქალაქების მერების პირდაპირი წესით არჩევის კატეგორიული წინააღმდეგია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მას არ ეთანხმება. საგანგებო აქცენტი კეთდება 28 იანვარს მოკლული სანდრო გირგვლიანის საქმეზე.
მემორანდუმს ხელი არ მოაწერა პოლიტიკური პარტიის, ”საქართველოს გზის”, ლიდერმა. სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე პოლიტიკურ პარტიებს უფრო მკვეთრი აქცენტი უნდა გაეკეთებინათ.
გასულ კვირას ერთგვარ ლაიტმოტივად გასდევდა აფხაზეთის თემა. 21 მარტს გავრცელდა ცნობა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აფხაზეთის საკითხით დაინტერესდა. აფხაზეთის დევნილი მთავრობის ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა პაატა დავითაიამ ჰააგის სასამართლოს კერძო განაცხადი 2004 წელს წარუდგინა. პასუხი ჰააგიდან 2 წლის შემდეგ მოვიდა:

(პაატა დავითაიას ხმა) ”საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურატურა განიხილავს აფხაზეთში ჩადენილ დანაშაულებებს რომის სტატუტის 2 მუხლით: პირველი ეს არის მუხლი მე-6 - გენოციდი და მეორე ეს არის მე-8 მუხლი რომის სტატუტის - სამხედრო დანაშაულებები.” (სტილი დაცულია)

დავითაიას განცხადებით, ჰააგის სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს ქართული მხარის მიერ კრიმინალური მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ აღძრავს. კრიმინალური მტკიცებულებების წარდგენა კი ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს.

ასევე 21 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის დევნილი მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ყოფილი ფინანსთა მინისტრის მალხაზ აკიშბაიას კანდიდატურა დაამტკიცა. პოსტი ვაკანტური იყო მას შემდეგ, რაც 20 მარტს ირაკლი ალასანია პრეზიდენტ სააკაშვილის მრჩევლად დაინიშნა და სამუშაოდ სახელმწიფო კანცელარიაში გადავიდა. ამავე დროს, ის ინარჩუნებს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის სტატუსს ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების პროცესში.

აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის სახელი გასული კვირის ბოლოს კიდევ ერთ მეტად მნიშვნელოვან მოვლენასთან კავშირში ახსენეს. სწორედ ირაკლი ალასანიას უშუალო ჩარევის შედეგად მოხერხდა აფხაზეთის ტერიტორიაზე დაკავებული კინოდოკუმენტალისტების გათავისუფლება. თეა შარია, გია ელიავა და ტარიელ სოხაძე, რომლებიც ბედიის ტაძართან დაკავშირებული მასალების შესწავლას ცდილობდნენ, აფხაზმა სამართალდამცავებმა საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 5 მარტს დააკავეს. როგორც ტარიელ სოხაძემ რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, გადამღები ჯგუფი სოხუმიდან გამგზავრების დროს დააკავეს:
(ტარიელ სოხაძის ხმა) ”როცა ჩვენ გალის მიმართულებით მივდიოდით, მაშინ დაგვაკავეს. როგორც მერე გავიგეთ, 3 დღის განმავლობაში ჩვენ გარშემო ჰქონდათ რაღაც ისეთი დამოკიდებულება... უბრალოდ, დაგვაკავეს გასვლის დროს - სწორედ მე არ აღმომაჩნდა რაღაც საბუთები და ასე შემდეგ, რა...”. (სტილი დაცულია)
კინოდოკუმენტალისტები, რომლებიც 20 დღის მანძილზე სოხუმის იზოლატორში იმყოფებოდნენ, 25 მარტს გაათავისუფლეს. მათ, ასე ვთქვათ, გაუმართლათ, რასაც ვერ ვიტყვით საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის გადამღები ჯგუფის წევრებზე, რომლებიც ჯერჯერობით კვლავაც რჩებიან მინსკში, შინაგან საქმეთა სამინისტროს იზოლატორში. ნინო გიორგობიანი და გიორგი ლაღიძე, რომლებიც მინსკში ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული პროცესების გასაშუქებლად ჩავიდნენ, 24 მარტს დააკავეს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG