Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სამეგრელოში H1N1-ის ერთი შემთხვევა დადასტურდა


ამ დროის მონაცემებით, სამეგრელოში H1N1 ვირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული მხოლოდ ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული. პაციენტი ორსულია, მკურნალობას ექიმის მეთვალყურეობით განაგრძობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნანა ოდიშარიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ, შარშანდელთან შედარებით, წელს H1N1 ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ აშკარად იკლო, თუმცა, მისივე თქმით, გრიპის სეზონის შესაბამისად, რესპირატორული ინფექციით პაციენტების რაოდენობა დღითი დღე მატულობს.

ნანა ოდიშარია ამბობს, რომ განსაზღვრულ რისკ-ჯგუფებში შედიან: ორსულები, 2 წლამდე ასაკის ბავშვები, მოხუცები და ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები. ეს ის კატეგორიებია, რომლებმაც გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მიმართონ ექიმს.

რა პრევენციულ ზომებს მიმართავენ რიგითი მოქალაქეები გრიპის სიმპტომების შემთხვევაში? მათი ნაწილი, რომელსაც რადიო თავისუფლება გაესაუბრა, ამბობს, რომ ანტივირუსული მკურნალობისთვის სამედიცინო დაწესებულებაში მისვლა აუცილებელი არ არის და მასთან გამკლავება სახლის პირობებშიც შესაძლებელია, ნაწილი კი ექიმთან კონსულტაციას ამჯობინებს.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, შარშან სამეგრელოში H1N1 ვირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად 32 შემთხვევა დადასტურდა. აქედან 9 ლეტალურად დასრულდა.
XS
SM
MD
LG