Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში მიღებული ცვლილებები კვლავ განსჯის საგანია


„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მიუღებლად მიაჩნია "საქართველოს საკანონმდებლო მაცნის" ახალი უფლებამოსილების გამოყენება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონების მიმართ. საქმე ეხება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” უფლებამოსილია განახორციელოს ნორმატიულ აქტში რედაქციული სახის შეცდომის გასწორება, რაც გულისხმობს ტექსტში ორთოგრაფიული და პუნქტუაციური შეცდომ(ებ)ის გასწორებას. ახალგაზრდა იურისტები მოუწოდებენ იუსტიციის მინისტრს დაუყოვნებლივ შეიტანოს ცვლილებები მის მიერ მიღებულ ბრძანებაში. რა ვარაუდებს გამოთქვამენ ოპოზიციური პარტიები გასული წლის ბოლოს დაჩქარებული წესით მიღებული კანონების თაობაზე და როგორ უკავშირდება ცვლილებები „საკანონმდებლო მაცნის“ გაზრდილ ფუნქციებს?
კანონის მიღებისას, კანონის ერთ-ერთ ნორმაში ჩაიწერა ტექსტი, რომელიც საბოლოოდ ”საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნებული ტექსტისაგან განსხავებულია...

რა შეიძლება გამხდარიყო ”საკანონმდებლო მაცნისთვის” კანონის ერთგვარი რედაქტირების ფუნქციის მინიჭების უფლების მიზეზი? ამ კითხვაზე რესპუბლიკელ ვახტანგ ხმალაძეს ყველაზე ლოგიკურ პასუხად საქართველოს პარლამენტში გასული წლის ბოლოს, 28-29 დეკემბერს, განვითარებული მოვლენები და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში მიღებული ცვლილებები მიაჩნია.

”28 დეკემბერს, პარლმანტის მიერ მესამე მოსმენით კანონის მიღებისას, კანონის ერთ-ერთ ნორმაში ჩაიწერა ტექსტი, რომელიც საბოლოოდ ”საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნებული ტექსტისაგან განსხავებულია. ეს განსხვავება იყო ერთ-ერთი წინადადებიდან სიტყვის ”ამ” ამოღება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბრძანებით, რომელიც 29 დეკემბერს არის გამოცემული, შეეცადნენ მოეხსნათ პასუხისმგებლობა ყველა იმ პირისთვის, ვინც იყო ჩარეული ამ სიყალბეში”, - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.
ნორმატიული აქტები, როგორიც არის კონსტიტუცია, კონსტიტუციური კანონი, ორგანული კანონი... მათი რეგულირება, მათი მიღების დახვეწილი პროცედურა მოწესრიგებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით ...

არც ერთ ორგანოს, გარდა პარლამენტისა, არ უნდა ჰქონდეს მის მიერ მიღებულ ტექსტში თუნდაც რედაქციული სახის შესწორების განხორციელების შესაძლებლობა, აცხადებენ ახალგაზრდა იურისტები. საქმე ისაა, რომ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულების თანახმად, ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” უფლებამოსილია განახორციელოს ნორმატიულ აქტში რედაქციული სახის შეცდომის გასწორება, რაც გულისხმობს ტექსტში ორთოგრაფიული და პუნქტუაციური შეცდომების გასწორებას, რითაც არ შეიცვლება ნორმატიული აქტის შინაარსი. როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რედაქციულად გამართული საკანონმდებლო აქტების მიღებას თავად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი უზრუნველყოფს და ამბობს, რომ კანონპროექტების მესამე მოსმენით განხილვა სწორედ რედაქციული სახის შეცდომების თავიდან აცილებას ემსახურება.

”ნორმატიული აქტები, როგორიც არის კონსტიტუცია, კონსტიტუციური კანონი, ორგანული კანონი... მათი რეგულირება, მათი მიღების დახვეწილი პროცედურა მოწესრიგებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. აქვე არის უზრუნველყოფილი ის, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტები იყოს რედაქციულად აბსოლუტურად გამართული. მიგვაჩნია, რომ ”საკანონმდებლო მაცნის” ახალი უფლებამოსილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს პარლამენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებთან”, - ამბობს თათული თოდუა.

იუსტიციის მინისტრის 29 დეკემბრის ბრძანებას 4 იანვარს თავად "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე", იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედი ვებსაიტი, გამოეხმაურა და ნორმატიულ აქტში რედაქციული სახის ცვლილებების უფლებამოსილებაზე განმარტება გააკეთა.

„საკანონმდებლო მაცნე“ განმარტავს, რომ ცვლილება არ ეხება კანონებს. „’საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს’ გააჩნია უფლებამოსილება, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და მათი საჯაროდ ხელმისაწვდომობის მიზნით, გამოქვეყნებამდე უზრუნველყოს ამ ხარვეზის გასწორება, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ხარვეზის გასწორებით არ იცვლება ნორმატიული აქტის შინაარსი“, - იტყობინება განცხადება.

თათული თოდუა, ახალგაზრდა იურისტთა საპარლამენტო მდივანი, ”საკანონმდებლო მაცნის” განმარტებას შეუსაბამოს უწოდებს:
ამ პარლამენტს აქვს ეს ტრადიცია, რომ 30 და 31 დეკემბერს ძალიან უცნაურ ცვლილებებს იღებენ ხოლმე კანონმდებლობაში ...

„‘საკანონმდებლო მაცნის’ აღნიშნული განმარტება რეალურად არ შესაბამება იუსტიციის მინისტრის ბრძანებას, ვინაიდან ბრძანებაში საუბარი არის ამ უფლებამოსილების განხორციელებაზე ნებისმიერი ნორმატიული აქტის მიმართ და, რა თქმა უნდა, ასეთად ითვლება პარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტებიც.”

კიდევ ერთი კითხვა, რომელიც საზოგადოებაში გაისმის, გასული თვის ბოლოს საქართველოს პარლამენტში დაჩქარებული წესით არაერთ კანონში მიღებულ ასევე არაერთ ცვლილებას ეხება. მათ შორის არის ცვლილებები კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“. კოალიცია "არჩევანის თავისუფლებისთვის" წარმომადგენელი ირაკლი მელაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ დეკემბრის ბოლოს, სადღესასწაულო დღეებში, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება პარლამენტის ჩვეული სტილია და ის ამის მიზეზს ასე ხსნის:

”აქ არ არის დიპლომატიური კორპუსი, აქ არ არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, არის სადღესასწაულო დღეები. ამ პარლამენტს აქვს ეს ტრადიცია, რომ 30 და 31 დეკემბერს ძალიან უცნაურ ცვლილებებს იღებენ ხოლმე კანონმდებლობაში.”

ცვლილებები, რომლებიც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შევიდა, სერიოზული განსჯის საგანი გახდა როგორც არასამთავრობო სექტორის, ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ერთ-ერთი ცვლილების მიხედვით, პოლიტიკურ პარტიათა ფინანსური საქმიანობის შესწავლა კონტროლის პალატის ხელში გადადის. კონტროლის პალატაში შექმნილ სპეციალურ სამსახურს, რომელიც პარტიების ფინანსურ საქმიანობას გააკონტროლებს, ნათია მოგელაძე, ყოფილი პროკურორი უხელმძღვანელებს. სწორედ ეს უკანასკნელი ფაქტი იქცა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების აღშფოთების ერთ-ერთ მიზეზად. რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურს სადამსჯელო უწყებას ადარებს, მემარჯვენე მანანა ნაჭყებიას განცხადებით კი, "ნათია მოგელაძის დანიშვნა პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ პროკურატურამ აიღო ძალაუფლება პარტიებზე კონტროლის თვალსაზრისით”.
XS
SM
MD
LG