Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოზიტიური დინამიკა ჟენევის მე-19 რაუნდზე


კონკრეტული შეთანხმებებისა და ხელშესახები შედეგების გარეშე დასრულდა 29 მარტს საერთაშორისო მოლაპარაკებათა მე-19 რაუნდი ჟენევაში, თუმცა ქართული მხარე მაინც ამახვილებს ყურადღებას გარკვეულ პოზიტიურ დინამიკაზე, რაც ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხს - რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებას - შეეხება. სხვა საკითხებისგან განსხვავებით, საქართველოს დელეგაცია ამ მიმართულებით სასიკეთო შედეგებს ვარაუდობს.

”შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიალოგი მიდის სწორი მიმართულებით და მიდის საქართველოს იმ მიზნისკენ, რომ რუსეთმა აიღოს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება”, - აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე. მართალია, ის არ გულისხმობს ნახტომისებური გარღვევის ნიშნებს მეტად გაჭიანურებული და 2 წლის მანძილზე ლამის უკვე დილემად ქცეული ამ პრობლემის გადაწყვეტასთან მიმართებით, მაგრამ, მისი შთაბეჭდილებით, 29 მარტს გამართული დისკუსიის ფარგლებში გარკვეული იმედი გამოიკეთა:

”გვქონდა კონკრეტული აზრთა გაცვლა-გამოცვლა ამ თემაზე, მათ შორის, რუსულ მხარესთანაც. კონკრეტული იდეები განიხილება, მათ შორის - მოსკოვის მიერ შემოთავაზებული იდეებიც, რაც, საბოლოო ჯამში, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ დიალოგი მიდის სწორი მიმართულებით. შეგვიძლია იმის თქმა, რომ გარკვეული პოზიტივები შეიძლება იყოს უახლოეს მომავალში, თუკი ასეთი საუბრები, ასეთი დიალოგი გაგრძელდა.”

სერგი კაპანაძე დეტალებს არ აკონკრეტებს და არც იმას აზუსტებს, თუ რა ფაქტორებმა გამოიწვია გარკვეული კონსტრუქციული მიდგომები რუსეთის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის საკითხთან მიმართებით, მაშინ როცა კრემლი ყოველთვის სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ამ იდეას, რადგანაც, როგორც ცნობილია, ის თავს კონფლიქტის მხარედ არ მიიჩნევს. მოსკოვი ყოველთვის მოითხოვდა ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებები გაფორმებულიყო საქართველოსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის, რაც კატეგორიულად მიუღებელია თბილისისთვის. მოსკოვის კვალდაკვალ მუდმივად ამასვე მოითხოვდნენ სოხუმი და ცხინვალი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 29 მარტის დისკუსიის დეტალებს არ აკონკრეტებს საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, თუმცა ის აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის პირობის დადების აუცილებლობა საერთაშორისო თანამეგობრობის უაღრესად დიდ ყურადღებას იმსახურებს და რუსეთს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოუწევს ამის გაკეთება ისევე, როგორც ეს საქართველომ 2010 წლის მაისში გააკეთა.
იუნესკო ჩვენ არ გვაღიარებს, როგორც ქვეყანას, და ამიტომ ჩვენ ერთმანეთთან არა გვაქვს კონტაქტი, მაგრამ თუკი ქართველები მოელაპარაკებიან და იუნესკოს მისია ჩამოვა ჩვენთან, დეე ჩამოვიდნენ ...
ვიაჩესლავ ჩირიკბა

მოწოდება იმის შესახებ, რომ რუსეთმა აუცილებლად მიბაძოს საქართველოს და ძალის გამოუყენებლობის პირობა დადოს, უკვე ასახულია არაერთ საერთაშორისო დოკუმენტში და მათ შორის არის, მაგალითად, ევროპარლამენტის მიერ 2011 წლის 17 ნოემბერს დამტკიცებული რეზოლუცია. ხოლო 27 თებერვალს ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ევროკავშირი მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მონაწილეებს განაგრძონ ერთობლივი მუშაობა უსაფრთხოების მტკიცე მექანიზმების მიმართულებით” და რომ ამ კუთხით საჭირო იქნება ”რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ მკაფიო პირობის დადება“.

სერგი კაპანაძის ინფორმაციით, ძალის გამოუყენებლობის მიმართულებისგან განსხვავებით, არანაირი პოზიტიური დინამიკა არ შეინიშნება დევნილების დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით და 29 მარტს ასევე უშედეგოდ ჩაიარა დისკუსიამ უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების გარშემო.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა შედეგს გამოიღებს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ისტორიულ-კულტურული ძეგლების სავალალო მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა. საუბარია მწვავე პრობლემაზე, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასა და ბედიის მონასტერს უკავშირდება და რომელიც 29 მარტს ჟენევაში როგორც პირველი, ასევე მეორე სამუშაო ჯგუფის ფორმატში განიხილეს.

ქართული მხარის მთავარი იმედი ამ საკითხის თაობაზე უკვე დიდი ხანია UNESCO-ს უკავშირდება, თუმცა ფაქტია, რომ, საქართველოს მთავრობის არაერთი მიმართვის მიუხედავად, იუნესკომ ბოლო წლებში პრაქტიკულად ვერ მოახერხა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერები ამბობდნენ, რომ იუნესკოს დელეგაციას ისინი მხოლოდ რუსეთის ტერიტორიიდან შესვლის შემთხვევაში უმასპინძლებენ. თუმცა 28 მარტს დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ რადიო თავისუფლების რუსელენოვან პროგრამა „ეხო კავკაზასთან“ საუბარში არ გამორიცხა, რომ იუნესკოს დელეგაცია აფხაზეთში ენგურის გავლითაც მიიღონ. ამასთან, ჩირიკბა ამბობს, რომ იუნესკოსთან მოლაპარაკებები ქართული მხარის პრეროგატივაა:

”იუნესკო ჩვენ არ გვაღიარებს, როგორც ქვეყანას, და ამიტომ ჩვენ ერთმანეთთან არა გვაქვს კონტაქტი, მაგრამ თუკი ქართველები მოელაპარაკებიან და იუნესკოს მისია ჩამოვა ჩვენთან, დეე ჩამოვიდნენ, ნახონ და გვითხრან, როგორ დავეხმაროთ ძეგლებს.”

როგორც აღმოჩნდა, ვიაჩესლავ ჩირიკბას იგივე არ გაუმეორებია 29 მარტს, ჟენევის მოლაპარაკებათა მე-19 რაუნდზე, და, შესაბამისად, სოხუმის პოზიციის განმარტებისგან თავს იკავებს სერგი კაპანაძე. თუმცა ის აღნიშნავს, რომ ერთია რიტორიკა და მეორეა საქმე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აფხაზური მხარის ასეთ პოზიციას მაშინ ირწმუნებს, როდესაც საერთაშორისო მისია, ისტორიული ძეგლების გადარჩენის მიზნით, მართლაც შევა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

რაც შეეხება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მე-20 რაუნდი 7-8 ივნისს გაიმართოს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG