Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

წინასაარჩევნო ვითარება გორში


გორის ცენტრი
გორის ცენტრი
გორის რაიონში ძირითადად 4 პოლიტიკური ორგანიზაცია აქტიურობს. ახალმა მემარჯვენეებმა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე დაასახელეს. მალე იმავეს გააკეთებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ქრისტიან-დემოკრატები“. წინასწარ უკვე ცნობილია, რომ გორში „ქრისტიან-დემოკრატები“ ადგილობრივი ლიდერის ზურაბ როსებაშვილის წარდგენას აპირებენ, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს და ექს-გუბერნატორს გიორგი ტატიშვილს დაასახელებს. უკვე დასახელებული კანდიდატები კი აქტიურად ხვდებიან ამომრჩევლებს და საკუთარ პროგრამას აცნობენ. „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო ბორცვაძე, სხვა კანდიდატებს კონკურენტად არ აღიქვამს და აცხადებს, რომ გამჭირვალე და თავისუფალ არჩევნებში მათი დამარცხება არ გაუჭირდება. იგი ამომრჩევლებს სოფლის განვითარების გეგმებზე ესაუბრება, მაგრამ მთავარ აქცენტს ქალაქში არსებულ პრობლემებზე აკეთებს.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ხალხმრავალი აქციის შემდეგ გორში ვითარება შედარებით დამშვიდდა, კოალიციის კანდიდატს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაც უკეთეს გარემოში უწევს. სოსო ვახტანგაშვილიც სხვა კანდიდატებს კონკურენტებად არ აღიარებს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ კარდაკარ ჩატარებულმა გამოკითხვამ დაარწმუნა, რომ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.

სოფლის მეურნეობის განვითარება, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, დასაქმება – ეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პრიორიტეტებია, თუმცა, როგორც პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გორში ზურაბ ჩინჩილაკაშვილი ამბობს, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები თითოეული ადამიანის პრობლემას მოისმენენ და მათ მოგვარებას არჩევნების შემდეგაც გააგრძელებენ.

ამ ოთხი პარტიის გარდა, გორის რაიონში სხვა პარტიების აქტიურობა ჯერ არ შეინიშნება. აქტიური პარტიები საკუთარ წარმატებაში დარწმუნებულები არიან, თუმცა საბოლოო არჩევანს დაახლოებით 2 თვეში გორელები გააკეთებენ.
XS
SM
MD
LG