Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაკმუსის ტესტი და რასმუსენის შეშფოთება


ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ახალმა მთავრობამ და მოქმედმა პრეზიდენტმა უნდა განაგრძონ ეფექტიანი კოჰაბიტაცია და რეფორმები მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, - ნათქვამია ნატოს პრაღის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, რომელიც საგანგებოდ „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ არსებულ ვითარებას შეეხება. ალიანსის საპარლამენტო ასამბლეამ შეაქო საქართველო ოქტომბრის დემოკრატიული არჩევნებით ლაკმუსის ტესტის ჩაბარებისთვის, თუმცა, ქების გარდა, თბილისის მისამართით კრიტიკაც გამოითქვა პოლიტიკური ოპონენტების დაჭერის გამო, რასაც ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა შემაშფოთებელი ფაქტი უწოდა.

უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში არის შექებაც ლაკმუსის ტესტის ჩაბარების გამო, აღნიშულია „ეფექტიანი კოჰაბიტაციის“ აუცილებლობა და, რაც მთავარია, არის მოწოდებაც ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობებისადმი, რომ „განიხილონ საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭება". თუმცა ნატოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შეშფოთების მიზეზიც აქვს და ეს გამოჩნდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პირველსავე დღეს, როდესაც რეზოლუციის პროექტში საქართველოს შესახებ იყო ძალიან მძიმე კრიტიკული ჩანაწერი, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების სამართლებრივ დევნას, არამედ ადგილობრივი არჩევითი ხელისუფლების ორგანოებზე ზეწოლას და საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმეში ჩარევას ეხებოდა, რაც საქართველო პარლამენტის წევრ ვიქტორ დოლიძის მინიშნებით რეზოლუციის ტექსტში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატების ძალისხმევის გარეშე ვერ მოხვდებოდა.

“პრაქტიკულად იყო ის, რომ თითქოსდა დღევანდელი მთავრობა მედიის თავისუფლებას ზღუდავს, ახორციელებს პოლიტიკურ დაპატიმრებებს და აქედან გამომდინარე მოწოდებები იყო ნატოს თანამეგობრობიდან, რომ ამგვარი რამ აღარ განმეორებულიყო. რა თქმა უნდა, ამას რეალობასთან არაფერი საერთო არა აქვს. მაგრამ ამგვარი მოქცევა მითუმეტეს ქვეყნის საზიანოდ და მითუმეტეს ისეთ საპასუხისმგებლო ფორუმებზე, რასაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეა იქნება, ევროსაბჭოსი თუ ეუთოსი, არის აბსოლუტურად მიუღებელი. სხვათა შორის ამის თაობაზე მე ველაპარაკე ჩემს კოლეგას, გვარს და სახელს არ დავასახელებ. იგი სხვათა შორის დამეთანხმა, აბსოლუტურად რეალურად მიიღო ჩემი შენიშვნა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ამგვარი პრობლემები აღარ გვექნება საპარლამენტო მუშაობაში, " განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ.

საქართველოს ახალი მთავრობა რეზოლუციის გარდა, კრიტიკას ვერც საპარლამენტო ტრიბუნიდან გადაურჩა. როგორც ზემოთ ითქვა, ნატოს გენერალურმა მდივანმა საკმაოდ მკაცრად შეაფასა საქართველოში შექმნილი ვითარება და შემაშფოთებელი უწოდა „პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრების“ კამპანიას.

„უაღრესად შეშფოთებული ვარ არჩევნების შემდგომ განვითარებული პროცესებით - უწინარეს ყოვლისა, საქართველოში ახლახან პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით. ამ საკითხების გადაწყვეტა სასამართლო სისტემის პრეროგატივაა, მაგრამ, ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საქმეები პოლიტიკური ჩარევის გარეშე განიხილებოდეს. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას ამ მიმართულებით".

ლაკმუსის ტესტი და რასმუსენის შეშფოთება
please wait

No media source currently available

0:00 0:06:33 0:00
გადმოწერა

ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნული განცხადება საპარლამენტო ასამბლეის ბოლო დღეს გამართული დისკუსიის დროს ერთ-ერთი ამერიკელი პარლამენტარის შეკითხვაზე გააკეთა. სიტყვით გამოსვლა რომ დაასრულა, ანდერს ფოგ რასმუსენი პრაღაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს დახურულ კარს მიღმა შეხვდა, შემდეგ კი საქართველოს პრეზიდენტიც წარდგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე. საქართველოს ლიდერს არც ერთი კრიტიკული სიტყვა არ დასცდენია ოქტომბრის არჩევნების შემდგომ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე. სააკაშვილმა, პირიქით, ალიანსის წევრ სახელმწიფოთა კანონმდებელს შეახსენა ჩიკაგოს ნატოს სამიტის რეკომენდაცია და იმედი გამოთქვა, რომ რაკი საშინაო დავალება კარგად იქნა ჩაბარებული, ანუ ხელისუფლება არჩევნების გზით გადაბარდა, ნატოს სახელმწიფოები დანაპირებს შეასრულებენ. სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მცირე ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლებას.

რადიო თავისუფლება: ბატონო პრეზიდენტო, ნატოს გენერალური მდივნის განცხადებაზე რა კომენტარს გააკეთებთ?

მიხეილ სააკაშვილი: არაფერს, ამას კომენტარიც არ სჭირდება. მე არ მომისმენია, რამდენი წელია, რაც აქ ვარ, უფრო სწორად, რაც ამ საქმეში ვარ, არასოდეს სამწუხაროდ ასეთი მკაცრი ენით გამონათქვამი ნატოს გენერალური მდივნის კი არა, საერთოდ არავისგან ნატოში არ მომისმენია. და ეს არ არის ახალ პარტიული საკითხი. ეს არის საკითხი - საქართველოს და ქართველ ხალხს აქვს თუ არა მომავალი პერსპექტივა. ამიტომ აქ ჩვენ პარტიული მიდგომა არც შეიძლება გვქონდეს. ჩვენი მესიჯი მათდამი [ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წვერებისადმი] იყო, რომ უნდა განვაგრძოთ ყველა დონეზე დიალოგი, უნდა გავაგრძელოთ პროგრესი და ჩვენ თავის მხრივ შევეცდებით, საქართველო არ გადავიდეს იმ ლიანდაგიდან, რომელზეც აქამდე იყო და იმ ისტორიულ შანსს გამოვიყენებთ, რომელიც მოგვცა წინა არჩევნებმა. რადგან მან [გენერალურმა მდივანმა] ამ არჩევნებს ძალიან მაღალი შეფასება მისცა და ესეც ფაქტია. საქართველოში ახალ შეიძლება სახვადასხვა ფერებით შეაფასო რეალობა. მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ ეს რეალობა ვინმემ შეაფასოს შავი ფერით (რადგან არის სხვა მრავალი ფერიც) და ამიტომ ამ ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად შევძლოთ ამ საკითხის დაბრუნება დიალოგის ფარგლებში.

რადიო თავისუფლება: თქვენ რატომ აუარეთ გვერდი იმ პრობლემებზე საუბარს, რაზეც გენერალურმა მდივანმა ისაუბრა?

მიხეილ სააკაშვილი: იმიტომ, რომ მე აქ არ ვარ ჩამოსული საწუწუნოდ. მე ვარ ჩამოსული იმისათვის შევძლოთ, რომ საქართველო ნატოში ინტეგრაცია გაგრძელდეს, რადგან ეს არ არის მარტო ჩემი პირადი ახირება ან ქართველი ხალხის ამწუთიერი გადაწყვეტილება. არამედ ეს არის ჩვენი სტრატეგიული ამოცანა. და რომელი მთავრობაც არ უნდა იყოს საქართველოში, ეს არ უნდა შეაჩეროს არავინ. კი, შეიძლება მთავრობამ დაუშვას შეცდომები, შეიძლება სხვადასხვა პრობლემები შექმნას, მაგრამ ამან არ უნდა შეუქმნას პრობლემები ქართველ ხალხს. და თუ მთავრობა ბოლომდე რაღაც ნაწილში ვერ გაიაზრებს ამას, მე ნამდვილად ამას ვხედავ და ამიტომ მე მინდა, რომ მთავრობასთან თანამშრომლობასთან ყველა მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ ჩვენ ქვეყანას არ მიადგეს ზიანი. მთავარი პრინციპი არის, ჩვენ ქვეყანას არ მიადგეს ზიანი იმით, რაც ხდება.

რადიო თავისუფლება: მოსალოდნელია, რომ საქართველოში კვლავაც გაგრძელდეს პოლიტიკური დაპატიმრებები რაზეც რასმუსენი საუბრობდა?

მიხეილ სააკაშვილი: აბა მე როგორ უნდა გითხრათ.

რადიო თავისუფლება: თქვენ პრეზიდენტი ხართ..

მიხეილ სააკაშვილი: კი, მაგრამ მაგ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა უნდა დადგეს მოწოდების სიმაღლეზე, არ დაუშვას ის, რომ მართლაც ასე გვაკრიტიკებდნენ. თუნდაც იმის გამო, რომ ასე არ გვაკრიტიკებდნენ ასეთ საერთაშორისო ფორუმებზე.

12 ნოემბერს, ნაშუადღევს, მიხეილ სააკაშვილი პრაღიდან გაემგზავრა ბრიუსელში, სადაც უკვე იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტი დაარწმუნა იმაში, რომ ახალი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოში ადამიანის უფლებები დაცული, ხოლო დემოკრატიული ინსტიტუტები ძლიერი იყოს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG