Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრების მშობლები გაზაფხულის მოლოდინში


ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი, ერგნეთი
ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი, ერგნეთი
ოსური მხარე პატიმრების გაცვლას პრინციპით „ყველა ყველაზე“ გამუდმებით მოითხოვს როგორც ჟენევის დისკუსიის ფარგლებში, ისე ერგნეთში გამართული „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ შეხვედრებზე. მხარეებმა შემხვედრი ნაბიჯები უკვე გადადგეს, როცა თბილისის ციხიდან ჯერ მარეკ დუდაევი, შემდეგ კი ცხინვალიდან თეიმურაზ ჯერაპოვი გაათავისუფლეს. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ახალ წელს შეიწყალა. ამის შემდეგ ოსური მხარე საქართველოს პრეზიდენტისგან კიდევ ერთ ჰუმანიტარულ ნაბიჯს ელოდა, მაგრამ 19 იანვარს გამოცემულ შეწყალების აქტში დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეები, რომლებიც სასჯელს საქართველოს ციხეებში იხდიან, სიაში ვერ მოხვდნენ. ოსური მხარე 5 პირის გათავისუფლებას მოითხოვს. მათ შორის არიან გორის ტერაქტის მოწყობის ბრალდებით გასამართლებული გიორგი ზასეევი, იოსებ კოჩიევი და გიორგი ვალიევი. ამ პირების მშობლებმა შეწყალების თხოვნით უკვე მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს. გიორგი ზასეევს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი. მიუხედავად ამისა, ზასეევის დედა, ლუდმილა უსოვიჩი, იმედს არ კარგავს, რომ შვილს მალე სახლში იხილავს. უსოვიჩის აზრით, მარგველაშვილის მიერ ოსი პატიმრების გათავისუფლება მხარეებს შორის ნდობის აღდგენას ხელს შეუწყობს.

პატიმრების გათავისუფლების საკითხი ერგნეთის ბოლო შეხვედრაზეც განიხილებოდა. შეხვედრიდან გამოსულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე მხარეები ინფორმაციას ცვლიან და პროცესი გრძელდება.

ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი ხოხ გაგლოითი კი აცხადებს, რომ დაკავებულთა მშობლებმა ინიციატივა საკუთარ თავზე აიღეს და როგორც დე ფაქტო, ისე საქართველოს ხელისუფლებასთან აქტიურობენ.

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისია შესაწყალებელ პირთა მორიგ სიას გაზაფხულზე მოამზადებს. კომისიის წევრი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ეთნიკურად ოსი პატიმრების შესახებ იგი სპეციალურ დასკვნას დაწერს და პრეზიდენტს მათი გათავისუფლების რეკომენდაციით მიმართავს. ნანუაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში არ მალავს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ყველა არ ეთანხმება ოსი პატიმრების შეწყალებას, ამიტომ მას და მის თანამოაზრეებს მათი დარწმუნებაც მოუწევთ. ნანუაშვილი ფიქრობს, რომ მარტამდე მთავრობის დარწმუნებას შეძლებს.

პატიმართა მშობლები ახლა მარტის დადგომას ელოდებიან, საქართველოს ხელისუფლებაში კი უჩა ნანუაშვილს და პაატა ზაქარეიშვილს სერიოზული მუშაობა დასჭირდებათ იმისთვის, რომ კოლეგები პატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაში დაარწმუნონ. დღევანდელ ხელისუფლებაში ამ პრობლემის მოგვარებით ყველაზე მეტად სახალხო დამცველი და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში არიან დაინტერესებულნი. რაც შეეხება ოსურ მხარეს, ისინი თანახმა არიან შეწყალების აქტის შემდეგ პროცესი ბოლომდე მიიყვანონ და ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ. ქართული და ოსური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამ პროცესს მხარს უჭერენ და მიიჩნევენ, რომ პატიმრების გათავისუფლება ჰუმანური ნაბიჯია და ამ ნაბიჯის გადადგმა მხარეებს შორის ნდობის აღდგენას და შემდგომი ნაბიჯების გადადგმას ხელს შეუწყობს.
XS
SM
MD
LG