Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავმოკვეთილი მკვლევარი და აფეთქებული ბაალშამინი


ბაალშამინის აფეთქება
ბაალშამინის აფეთქება

ავტორი: იოანა პარაშჩუკი

ძველი ისტორიის მკვლევარმა, სირიელმა მეცნიერმა ხალიდ ალ-ასაადმა არ გასცა თავისი ქალაქის, პალმირის, საგანძურის ადგილსამყოფელი. „ისლამურ სახელმწიფოდ“ წოდებული ერთობის წევრებმა მას თავი მოჰკვეთეს. მალევე გავრცელდა ცნობა, რომ სუნიტ მუსლიმთა ამ გაერთიანებამ დანაღმა და ააფეთქა ბაალშამინი, პალმირის ერთ-ერთი ტაძარი, რომელთან დაკავშირებული საქმიანობა მისთვის წაყენებული ერთ-ერთ „ბრალდება“ იყო.

83 წლის ხალიდ ალ-ასაადი ათი წლის წინ ჩამოშორდა აქტიურ ცხოვრებას. ბოლო თვეებში, როგორც მისი ერთი ნაცნობი გვიამბობს, ხშირად ხედავდა მას, ფეხით მიმავალს, თავისი ბინიდან პალმირის ახალ ნაწილში, რომელსაც ქალაქის არამეული სახელწოდებით - თადმურად - იცნობენ.

ხალიდ ალ-ასაადი
ხალიდ ალ-ასაადი

აბუ აჰმადი ამბობს, რომ მკვლევარს 15 წელია იცნობდა. ბოლოს ალ-ასაადი 13 ივნისს უნახავს. მკვლევარს შეუჩივლია, „ისლამური სახელმწიფოს“ ხალხმა დამკითხაო. აბუ აჰმადი ეუბნება რადიო თავისუფლებას, რომ მისგან სურდათ გაეგოთ, სად ინახებოდა ყველაზე ძვირფასი საგანძური. იცოდა, რომ მოკლავდნენ, მაგრამ ქალაქის დატოვებაც არ უნდოდა. აბუ აჰმადის სახელი, ისევე როგორც ჩვენი სხვა რესპონდენტისა, შეცვლილია რედაქციის მიერ მისი უსაფრთხოებისათვის.

ასაადის ნათესავი ხალილ ალ-ჰარირი მკვლევარს იცნობდა, როგორც კაცს, რომელსაც ძველი ცივილიზაციის, ხელოვნების თითოეული ნიმუშის თუ, საერთოდ, არქეოლოგიური ძეგლის მიმართ განსაკუთრებული გრძნობა ჰქონდა, თითოეული ქვა იყო მისთვის ახლობელი. იცოდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ მაინც არ წავიდა, თქვა ალ ჰარირმა.

მას მერე, რაც გავრცელდა ცნობა მკვლევრის სიკვდილით დასჯის შესახებ, პალმირის მცხოვრებმა აბუ მუჰამადმა უოტსაპის გზით მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ალ-ასაადი შავი ვენით მოიყვანეს და ხალხი შეკრიბეს, რათა სიკვდილით დასჯისთვის ეყურებინათ. მისი თქმით, 150-მდე პირი, მათ შორის, ქალები და ბავშვები უყურებდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ასაადის მოკვლის სცენას. ბრბოს წინ იდგა ნიღბიანი ჯალათი, რომელმაც ხმლით თავი მოჰკვეთა ოთხმოცს გადაცილებულ მკვლევარს. მისი გვამი რამდენიმე საათს ეგდო მკვლელობის ადგილას. გვამს, რომელიც მოგვიანებით თოკზე დაკიდეს, მიმაგრებული ჰქონდა, ხელით შესრულებული წარწერა: „მოღალატე ხალიდ მუჰამად ალ-ასაადი, ნუსაირის რეჟიმის, ანუ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის, მომხრე“.

არ მითხრათ, მეცნიერის მკვლელობაზე ნუ ლაპარაკობ, ნახე, სადამის რეჟიმმა რამდენი მოკლაო. დიახ, რეჟიმმა არნახული, საზარელი დანაშაულები და სისასტიკე ჩაიდინა, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავდუმდეთ „ისლამური სახელმწიფოს“ დანაშაულთა გამო...
აჰმედ ბარყავი

არაბულენოვანი მედიის თანახმად, მკვლევარს „ისლამური სახელმწიფო“ ბრალად სდებდა, როგორც სირიის წარმომადგენლის, ურწმუნოთა კონფერენციებში მონაწილეობას, კერპთაყვანისცემის ადგილის დირექტორობას და ირანში სტუმრობას. სირიის მთავრობის მომხრეებიც და ოპოზიციონერებიც, აქტივისტებიც, მოაზროვნეებიც ერთხმად გმობენ ასაადის სიკვდილით დასჯას. მისმა მემკვიდრემ, მუზეუმებისა და სიძველეების გენერალური უწყების ახლანდელმა დირექტორმა მაამუნ აბდულ ქარიმმა განუცხადა სანას სააგენტოს, რომ ისლამურმა სახელმწიფომ ხანდაზმული მკვლევარი სასტიკად მოკლა. სირიის გარდამავალი მთავრობის კულტურის მინისტრი სამა ჰადაიაც გმობს ასაადის მკვლელობას. ეს სამინისტრო სირიის ოპოზიციურმა ძალებმა შექმნეს. სირიელი ფილოსოფოსი და მოაზროვნე აჰმედ ბარყავი თვლის, რომ ასაადის მკვლელობით მათ მოკლეს ცივილიზაცია, წინსვლა და ადამიანობა:

„არ მითხრათ, მეცნიერის მკვლელობაზე ნუ ლაპარაკობ, ნახე, სადამის რეჟიმმა რამდენი მოკლაო. დიახ, რეჟიმმა არნახული, საზარელი დანაშაულები და სისასტიკე ჩაიდინა, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავდუმდეთ „ისლამური სახელმწიფოს“ დანაშაულთა გამო“.

ხალიდ ალ-ასაადმა მთელი ცხოვრება პალმირის სიძველეების შესწავლას მოანდომა. პალმირის სიძველეთა და მუზეუმების უწყებას ხელმძღვანელობდა ის 1963-დან 2003 წლამდე. მკვლევარი ბაათის პარტიის წევრი იყო, რამაც შეიძლება გაუადვილა თანამდებობის მოპოვება, მაგრამ მან ბევრი გააკეთა მსოფლიო არქეოლოგიისთვის. იუნესოკს გენერალურმა დირექტორმა ირინა ბოკოვამ განაცხადა:

„’ისლამურმა სახელმწიფომ’ მოკლა დიდებული ადამიანი, მაგრამ ისინი ისტორიას ვერ დაადუმებენ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG