Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრიზისი და ღია დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში


საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო

მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის თაობაზე სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და გამოყენების შესაძლო ფაქტებზე, თუმცა, მოსამართლეთა გამოკითხვის პარალელურად, თავი იჩინა მათი ორ ბანაკად გაყოფისა და ურთიერთდაპირისპირების ფაქტმაც. კერძოდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში 29 ივლისს გამოქვეყნდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისადმი ხუთი მოსამართლის წერილი, რომელშიც ისინი გიორგი პაპუაშვილს ადანაშაულებენ საკონსტიტუციო სასამართლოს დღის წესრიგის ერთპიროვნულად განსაზღვრასა და პოლიტიკური კონტექსტის შემცველი საქმეების გადაწყვეტის ფორსირებაში. ამ განცხადებას მეორე დღესვე მოჰყვა პლენუმის წევრი სამი მოსამართლის პასუხი. საკონსტიტუციო სასამართლოში შექმნილ ვითარებას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „კრიზისული“ და „საფრთხის შემცველი“ უწოდა, სამოქალაქო სექტორი კი ინსტიტუციურ პრობლემებზე ალაპარაკდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლეებსა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები ფართო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს და დიალოგში ხელისუფლების ყველა შტო უნდა ჩაერთოს. ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პოლიტიკაში“ მან განაცხადა, რომ უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლოში არსებული ვითარების განმუხტვა ახალი მოსამართლეების დანიშვნით იქნება შესაძლებელი:

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

“საკონსტიტუციო სასამართლოში შექმნილ ვითარებას უკვე თამამად შეგვიძლია დავარქვათ კრიზისული ვითარება. ასე მუშაობის გაგრძელება არათუ შეუძლებელია, არამედ სერიოზული საფრთხის შემცველია, იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები არის საბოლოო. სექტემბერში სამი ახალი მოსამართლეა დასანიშნი: ორი - პრეზიდენტის მიერ, ერთი - პარლამენტის მიერ. მე პირადად ყველა ღონეს ვიხმარ, რომ პარლამენტმა ეს შეძლოს. სამი ახალი წევრი თუ დაინიშნება და ეს წევრები იქნებიან არა მარტო პერსონალურად მზად ამ საქმისთვის, არამედ თვითონ ინსტიტუტში, საკონსტიტუციო სასამართლოში, მდგომარეობის გაჯანსაღებას შეუწყობენ ხელს, ეს არის გამოსავალი“.

თუ მოსამართლეებზე ზეწოლა ფორმალური თუ არაფორმალური გზით ხორციელდება, მაშინ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი მოსამართლეების შეცვლა ვერ იქნება - ასე ფიქრობს, თავის მხრივ, „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი:

“გამოსავალი, ჩემი აზრით, არის არა მოსამართლეთა ცვლილებები, ვთქვათ, თუნდაც იმათი, ვინც შეიძლება დღეს საუბრობდეს ამ ტიპის ზეწოლაზე, არამედ რომ მოხდეს კანონის მოთხოვნების შესაბამისად რეაგირება. გამოძიება ერთადერთი გზაა. თუ არის რაღაცა ტიპის გარანტიები შესაქმნელი, რომ იყოს სანდოობა საგამოძიებო სისტემის მიმართ და, შესაბამისად, რაღაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს ყველა მხარემ, ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, თუმცა ყველა იმ უწყებამ, ვისაც ევალება საგამოძიებო პროცესის წარმოება, თავისი საკუთარი საქმიანობა უნდა განახორციელონ და მოსამართლეებმაც ამაში თავისი წვლილი უნდა შეიტანონ“.

კრიზისი და, ასევ ვთქვათ, ღია დაპირისპირება ნამდვილად არსებობს მოსამართლეებს შორის და რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილად ორ ბანაკად არის გაყოფილი სასამართლო. ერთ მხარეს არის პაპუაშვილი, ვარძელაშვილი, ერემაძე, კოპალეიშვილი, მეორე მხარეს არის ეს ხუთი მოსამართლე...
გიორგი გოცირიძე

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების შანტაჟსა და ზეწოლასთან დაკავშირებით გიორგი პაპუაშვილის 21 ივლისის განცხადებას თავად მოსამართლეთა რიგებში ერთსულოვანი მხარდაჭერა არ მოჰყოლია. ექსპერტთა ერთი ნაწილისთვის, მოსამართლეთა თვითლუსტრაცია მოხდა მოგვიანებით, 29 ივლისს, როცა გამოქვეყნდა ხუთი მოსამართლის მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომელშიც ისინი გიორგი პაპუაშვილს პოლიტიკური ნიშნით საქმეების - მათ შორის, „რუსთავი 2“-ისა და ეგრეთ წოდებული კაბელებისა და გიგი უგულავას საქმეების - განხილვის დაჩქარებაში ადანაშაულებდნენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ, მაშინ როდესაც გაცილებით ადრე შესული საქმეები თავისი განხილვა-გადაწყვეტის რიგს ელოდება, გიორგი პაპუაშვილის მხრიდან ხდება რიგი საქმეების გამორჩევა და მათი დაჩქარებული განხილვის რეჟიმში გადაყვანა. ამავე განცხადებაში პლენუმის წევრი ხუთი მოსამართლე ითხოვს, რომ მათი აზრის გაუთვალისწინებლად არ შედგეს სასამართლო საქმეთა განხილვის განრიგი; სასამართლოს პლენუმს, კოლეგიის მსგავსად, საქმეების შესასწავლად გონივრული ვადა მიეცეს და, ბოლოს, პოლიტიკური ნიშნის მატარებელი საქმეების განხილვა გაგრძელდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესაბამისი ორგანოები დაასრულებენ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტების გამოძიებას.

მეორე განცხადებაში კი, რომელიც პლენუმის წევრი ხუთი მოსამართლის წერილის საპასუხოდ 30 ივლისს უკვე დანარჩენი სამი მოსამართლის სახელით გავრცელდა, ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეების განხილვა არასდროს ხორციელდებოდა და არ უნდა ხორციელდებოდეს რიგითობის ზედმიწევნით დაცვით, რომ რიგითობა შეიძლება იყოს ერთ-ერთი და არა ერთადერთი კრიტერიუმი. განცხადებაში განმარტებულია, რომ „რუსთავი 2“-ის საქმემ პოლიტიკური ელფერი ნამდვილად შეიძინა მას შემდეგ, რაც არსებითად განხილული საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა. აქვე აღნიშნულია ისიც, რომ ყველა მოსამართლის თანხმობით, ერთსულოვნად დადგინდა „რუსთავი 2“-ის, კაბელებისა და უგულავას საქმეების განხილვის თარიღი, რაც ნიშნავს, რომ საფუძველს მოკლებულია მოსამართლეების პრეტენზია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ. ამავე განცხადებაში გამოთქმულია სინანული იმის გამო, რომ სასამართლოსთვის უცხო არ არის მოსამართლეთა შორის აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა დღემდე არასდროს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს შორის ოპონირება საჯაროდ, მედიის საშუალებით არ მომხდარა. მოსამართლეები ფიქრობენ, რომ ეს აკნინებს მოსამართლის ღირსებას და ზიანს აყენებს სასამართლოს რეპუტაციას. ამ აზრს, ჩვენთან საუბარში, იზიარებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი, გიორგი გოცირიძე, რომელიც განმარტავს, რომ, სამართალწარმოების შესახებ კანონის თანახმად, ეგრეთ წოდებული თათბირის საიდუმლო გასაჯაროებას არ ექვემდებარება. შესაბამისად, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იგი ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები ღია ომს დაემსგავსა:

გიორგი გოცირიძე
გიორგი გოცირიძე

“კრიზისი და, ასევ ვთქვათ, ღია დაპირისპირება ნამდვილად არსებობს მოსამართლეებს შორის და რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილად ორ ბანაკად არის გაყოფილი სასამართლო. ერთ მხარეს არის პაპუაშვილი, ვარძელაშვილი, ერემაძე, კოპალეიშვილი, მეორე მხარეს არის ეს ხუთი მოსამართლე. ეს უკვე ღიად ჩანს. შესაძლოა, უარყოფა მოხდეს, მაგრამ არა მარტო კონკრეტულ გადაწყვეტილებებში ან საოქმო ჩანაწერებში და განჩინებებში იყოფა ასე ხმები, არამედ უკვე ღია განცხადებები კეთდება ერთმანეთის საწინააღმდეგოდ და ეს ძალიან შემაშფოთებელია“.

გიორგი გოცირიძე არ გამორიცხავს, რომ ამ შემთხვევაში ბანაკებად დაყოფა ეფუძნება არა იდეოლოგიურ დაყოფას, არამედ პარტიულ და პოლიტიკურ გავლენებს. ის კი, რაც საზოგადოებამ საკონსტიტუციო სასამართლოში ინსტიტუციურ პრობლემად და კრიზისის ნიშნებად მიიჩნია, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გაუგებრობად შეაფასა. იგი იმედოვნებს, რომ ეს გაუგებრობა ერთმანეთთან შეხვედრით აღმოიფხვრება და მუშაობაც ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG