Accessibility links

logo-print

გენდერული სტატისტიკა 2016 წლის არჩევნებზე


არჩევნები საქართველოში

არჩევნები საქართველოში

როგორია არჩევნების გენდერული სტატისტიკა, რა შედეგებით მივიდნენ საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკური სპექტრი და საარჩევნო ადმინისტრაციები და როგორი იქნება ქალთა სავარაუდო წარმომადგენლობა 2016 წლის მოწვევის პარლამენტში?

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლის უმრავლესობას ქალები შეადგენენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა 53, 76 პროცენტი ქალია. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ზურაბ ხრიკაძემ გვითხრა, ქალთა წარმომადგენლობის მაჩვენებელი, 2012 წლის საარჩევნო სიასთან შედარებით, მინიმუმ 2 პროცენტითაა გაუმჯობესებული, თუმცა ეს ვითარება, თავის მხრივ, ვერ აისახა საარჩევნო სიებსა და მაჟორიტარ კანდიდატებს შორის სქესთა ბალანსის დაცვაზე:

“ტრადიციული დისბალანსია: პროპორციული სისტემით წარდგენილ კანდიდატებს შორის ჭარბობენ, რა თქმა უნდა, კაცები - 63 პროცენტი. შესაბამისად, 37 პროცენტი არის ქალი. ეს - ყველა პარტიის მიხედვით. მაჟორიტარულ სისტემაში, ტრადიციულად, კიდევ უფრო დიდი დისბალანსია: 82, 48 პროცენტი არის კაცი, 17, 52 პროცენტი - ქალი. დაახლოებით ასეთივე დისბალანსია იმ კანდიდატებს შორის, რომლებიც საინიციატივო ჯგუფების მიერ არიან წარდგენილნი: 85 პროცენტი - კაცი და 15 პროცენტი - ქალი, შესაბამისად“.

ელენე რუსეცკი

ელენე რუსეცკი

ქალთა ორგანიზაციები, საარჩევნო სიებისა და მაჟორიტარული კანდიდატების გენდერული ანალიზის საფუძველზე, ვარაუდობენ, რომ 2016 წლის მოწვევის პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა ვერ გაუმჯობესდება. „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორი ელენე რუსეცკი ფიქრობს, რომ ქალთა რაოდენობა არათუ გაიზრდება, შესაძლოა შემცირდეს კიდეც და ჩამოსცილდეს 2012 წლის 12-პროცენტიან მაჩვენებელს:

“დიახ, ჩვენ გვგონია, რომ უკეთესი პარლამენტი, ქალთა მონაწილეობის რაოდენობის მხრივ, ალბათ, არ იქნება, მაგრამ ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი სახე ქალების გამოჩნდა, რომელიც კენჭს იყრის, აქვს გარკვეული გამოცდილება გენდერული თანასწორობის კუთხით, აქვს გარკვეული ცოდნა, უკეთეს ამინდს შექმნის პარლამენტში ამ თვალსაზრისით“.

ელენე რუსეცკი ფიქრობს, რომ ციფრებისა და სტატისტიკის მიღმა უკეთესი ამინდია ზოგადად საზოგადოებაშიც, სადაც გენდერული თანასწორობისა და გენდერული კვოტირების საკითხზე მკვეთრად შეცვლილია საზოგადოების რიტორიკა. ელენე რუსეცკის აზრით, ეს თემები საზოგადოებისთვის უცხო ხილს აღარ წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ მიდგომები და პოლიტიკოსთა დაპირებები ფორმალობას ვერ გასცდა. შესაბამისად კი, აშკარაა, რომ ქვეყნის არჩევით ორგანოებში წარმომადგენლობითი დემოკრატია არ არსებობს. ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოში ლევან ცუცქირიძე აღნიშნავს, რომ ეს დამაზიანებელია საზოგადოებისთვის:

“მოცულობა, მიჩნეულია საერთაშორისო ლიტერატურაში, რომ ეს უნდა იყოს მინიმუმ 30-35 პროცენტი იმისათვის, რომ ქალთა პერსპექტივა, ქალთა თვალსაზრისი წარმოჩენილ იქნეს მუშაობაში, პოლიტიკაში და ამან მეტ-ნაკლები გავლენა მოახდინოს, თორემ სხვა შემთხვევაში საზოგადოება დარჩება ან, ყოველ შემთხვევაში, მისი ნაწილი ერთგვარი ცინიკური პოზიციით იმის მიმართ, რომ, აი, ვინც არიან, ისინი რას აკეთებენ“.

ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის საჭიროებას დეკლარირებულად თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია აღიარებს, თუმცა ეს საკითხი რომ მათთვის პრიორიტეტად არ იქცა, გამოვლინდა როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე უშუალოდ წინასაარჩევნოდ, როდესაც აქტიურ პოლიტიკაში მხოლოდ ერთეული ქალებისთვის აღმოჩნდა ადგილი. კერძოდ, „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად მხოლოდ 4 ქალი წარადგინა, პარტიული სიის პირველ ოცეულში კი - 6. „ქართული ოცნების“ სრულ სიაში 155 კანდიდატიდან მხოლოდ 18-ია ქალი. „ნაციონალური მოძრაობის“ 200 კანდიდატიდან 48 ქალია. ამ მხრივ შედარებით უკეთ წარმოაჩინეს თავი თავისუფალმა დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა, რომლებმაც პარტიულ სიაში 30-პროცენტიანი კვოტა დაიცვეს და, შესაბამისად, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში ბიუჯეტიდან კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფინანსურ დანამატს მიიღებენ. მათ მაჟორიტარებად 9-9 ქალი წარადგინეს, პარტიული სიის პირველ ოცეულებში კი - 7-7.

ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, მათი სტრატეგია უნდა იყოს 2017 წლის არჩევნებისთვის განაგრძონ, ასე ვთქვათ, აქტიური ადვოკატირება კვოტებისა, თუმცა აქ განიხილება, არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ განიხილება ისიც, რომ მოხდეს ფოკუსირება ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაზე მორგებული კვოტირების მექანიზმისა...

ქალთა პოლიტიკური გაძლიერებისა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მთავარ საშუალებად საქართველოში ქალთა მოძრაობის აქტივისტები გენდერული კვოტირების შემოღებას მიიჩნევდნენ. 2014-2016 წლებში საქართველოს პარლამენტმა ორჯერ ჩააგდო საკანონმდებლო დონეზე კვოტირების, როგორც გენდერული თანასწორობის, დროებითი ნორმის, განხილვის საკითხი, თუმცა 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის წარდგენილი პარტიული სიებისა და მაჟორიტარი კანდიდატების რაოდენობრივი და გენდერული ანალიზის საფუძველზე კიდევ უფრო გამყარდა აზრი იმის შესახებ, რომ გენდერული თანასწორობის მიღწევა პოლიტიკაში შესაძლებელია კანონის ძალით და არა პოლიტიკოსების დაპირებებით. გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ხელმძღვანელი მაკა მეშველიანი ამბობს, რომ ქალთა ორგანიზაციები ბრძოლას კვოტების მხარდასაჭერად საპარლამენტო არჩევნების შემდგომაც აქტიურად გააგრძელებენ:

“ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, მათი სტრატეგია უნდა იყოს 2017 წლის არჩევნებისთვის განაგრძონ, ასე ვთქვათ, აქტიური ადვოკატირება კვოტებისა, თუმცა აქ განიხილება, არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ განიხილება ისიც, რომ მოხდეს ფოკუსირება ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაზე მორგებული კვოტირების მექანიზმისა, მით უმეტეს იმის ფონზე, როდესაც სრულიად ბურუსითაა მოცული 2020 წლის მოწვევის პარლამენტი როგორ დაკომპლექტდება საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში - ეს მაჟორიტარული ოლქები გაუქმდება, არ გაუქმდება თუ როგორ იქნება“.

რაც შეეხება გენდერულ ბალანსს, ზოგადად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების გენდერული სტატისტიკის ფარგლებში შეკრიბა და გამოაქვეყნა როგორც ამომრჩევლისა და საარჩევნო სიების გენდერული ბალანსის სტატისტიკა, ასევე დამკვირვებლების, მედია და საარჩევნო სუბიექტებისა და საარჩევნო ადმინისტრაციების სტატისტიკაც. ამ მონაცემების თანახმად, 76 პროცენტით მამაკაცები ჭარბობენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ძირითად და დროებით ოლქებში კი უმრავლესობაში ქალები არიან. საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა შორისაც 54 პროცენტით უპირატესობა ქალებს აქვთ, მედიის წარმომადგენლებს შორის 61 პროცენტით კაცები ლიდერობენ, 67 პროცენტია ქალთა წარმომადგენლობა ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში კი ქალებისა და მამაკაცების ბალანსი იდეალურად, 50-50-ზე პროცენტითაა დაცული.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG