Accessibility links

logo-print

მედია და გენდერული თემების ეთიკური გაშუქება


ტრენინგი გენდერული თანასწორობის გაშუქების თემაზე

ტრენინგი გენდერული თანასწორობის გაშუქების თემაზე

თბილისში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა რეგიონალური და ცენტრალური მედიის წარმომადგენლებისათვის ტრენინგი გენდერული თანასწორობის გაშუქების თემაზე. ტრენინგს უძღვებოდა ბრიტანელი ჟურნალისტი ჰანა სტორმი, რომელიც ქართველ ჟურნალისტებს გენდერულად სენსიტიური გაშუქებისა და ეთიკური ჟურნალისტიკის შესახებ ესაუბრა. ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერება, მოსახლეობის სქესობრივი და რეპროდუქციული უფლებების რეალიზება, ქალთა მიმართ ძალადობა, განსაკუთრებით კი ოჯახში ძალადობა - როგორ აშუქებს ამ თემებს ქართული მედია? კონკრეტული მაგალითები ცხადყოფს, რომ ქართული ჟურნალისტიკა გაშუქების საერთაშორისო სტანდარტისგან ჯერ შორსაა, ხშირად ხდება ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიკაცია, არაეთიკური გაშუქება, ტერმინების არასწორად გამოყენება და, რაც ყველაზე მთავარია, ამ საფრთხილო თემების მიმართ საზოგადოებაში სტერეოტიპების გაჩენა. მაესტროს ჟურნალისტი თამუნა ილურიძე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ქართული მედიის წარმომადგენლებისთვის სასარგებლოა და სწორედ ასეთი ტრენინგები და სემინარები უწყობს ხელს პროფესიონალიზმის ზრდას.

ტელეკომპანია „ტაბულას“ ჟურნალისტი ხატია ღოღობერიძე მიიჩნევს, რომ გენდერულად სენსიტიური თემების გაშუქებისას აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე, თითოეულ სიტყვაზე დაკვირვება და ტერმინების სწორად გამოყენება.

„ლიბერალის“ ჟურნალისტის მაგდა წიკლაურის აზრით, აუცილებელია მეტი ცოდნა მიიღონ ქართველმა ჟურნალისტებმა ისეთი სპეციფიკური საკითხების ირგვლივ, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, სქესობრივი და რეპროდუქციული საკითხები.

ტრენინგის მიმდინარეობისას თითოეული თემის განხილვის შემდეგ ჟურნალისტებს შორის იმართებოდა დისკუსია, მოჰყავდათ მაგალითები საკუთარი გამოცდილებიდან, პოულობდნენ შეცდომებს და მსჯელობდნენ ამ შეცდომების გამოსწორების გზებზე. ბრიტანელი ჟურნალისტი ჰანა სტორმი ამბობს, რომ მსგავსი გამოწვევების წინაშე წლების წინ ბრიტანული მედიაც იდგა, როცა პროფესიული სტანდარტი დაბალი იყო და ხშირად ეთიკური ნორმების უგულებელყოფაც ხდებოდა. მისი აზრით, ქართულ მედიაში საქმე მაინცდამაინც სახარბიელოდ არ არის და ვითარება განათლების ხარისხის გაუმჯობესებით უნდა გამოსწორდეს.

გენდერული თემების გაშუქების შესახებ ტრენინგი გაიმართა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში. ეს პროგრამა ხორციელდება გაეროს სამი სააგენტოს - გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) მიერ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

XS
SM
MD
LG