Accessibility links

logo-print

ჟენევის 25-ე რაუნდი და ერთობლივი განცხადების პერსპექტივა


ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები იმედოვნებენ, რომ ”ახლო მომავალში” პროცესის მონაწილეები მიიღებენ ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებულ ერთობლივ განცხადებას, რომელზე მუშაობაც ბოლო რამდენიმე რაუნდის განმავლობაში მიმდინარეობს. საქართველო ჩართულია ამ პროცესში, თუმცა ძალის გამოუყენებლობის დაპირებას ის კვლავ ცალკე, კონკრეტულად რუსეთისგან მოითხოვს.

სოხუმის თვალით, საქართველოს ახალ ხელისუფლებას „დროის მაქსიმალურად გაჭიანურების” პოლიტიკა აქვს არჩეული და კონსტრუქციულად არ უდგება სამშვიდობო ვალდებულებასთან დაკავშირებულ პროცესებს. ჟენევის მოლაპარაკებათა 25-ე რაუნდის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ სწორედ საქართველოს დელეგაციის არაკონსტრუქციული მიდგომების გამო დამუხრუჭდა მონაწილეთა ერთობლივი განცხადების შემუშავების პროცესი. საუბარია ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების ამსახველ ერთობლივ განცხადებაზე, რასაც ცხინვალი, სოხუმი და მოსკოვი ორმხრივი შეთანხმებების გაფორმების წინაპირობად განიხილავენ, ხოლო საბოლოო მიზნად ეს სამეული ძველებურად მიიჩნევს იურიდიულად დამავალდებულებელი დოკუმენტის ხელმოწერას საქართველოსა და თავის რეგიონებს - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს - შორის.

მოსკოვის ამგვარი მისწრაფება ასახულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე ჟენევის მოლაპარაკებათა 25-ე რაუნდის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში. რუსეთის საგარეო უწყება უკმაყოფილებას გამოხატავს საქართველოს მიერ პროცესის გაჭიანურების გამო. განცხადებაში
ვკითხულობთ:

მათ კიდევ ერთხელ გაცვალეს მოსაზრებები ჟენევის მოლაპარაკებათა მონაწილეების ერთობლივი განცხადების შემუშავების პროცესთან მიმართებით ძალის გამოუყენებლობის თაობაზე. ასევე გამოხატეს თანხმობა, რომ კვლავაც იმონაწილეონ ამ პროცესში...
”სამწუხაროდ, საქართველოს დელეგაცია არც ამჯერად აღმოჩნდა მზად ამ სფეროში არსებული დოკუმენტების პროექტების საგნობრივი განხილვისთვის. მათ შორის არის რუსეთის ინიციატივა ყველა მონაწილის სახელით ერთობლივი განცხადების შემუშავებისა ძალის გამოუყენებლობის პრინციპის მხარდასაჭერად, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების შესაბამისად”.

რუსეთის ინიციატივად არ სახელდება, მაგრამ მონაწილეთა ერთობლივ განცხადებაზე მუშაობა რომ მიმდინარეობს, ეს ბოლო რამდენიმე რაუნდია აღინიშნება და ამჯერადაც აღნიშნულია თანათავმჯდომარეთა მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ პრესკომუნიკეში, რომლის ტექსტიც 6 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მედიას სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ ლეფორმა გააცნო. შეიძლება ითქვას, რომ პროგნოზი ოპტიმიზმის ნიშნებს შეიცავს:

”მათ კიდევ ერთხელ გაცვალეს მოსაზრებები ჟენევის მოლაპარაკებათა მონაწილეების ერთობლივი განცხადების შემუშავების პროცესთან მიმართებით ძალის გამოუყენებლობის თაობაზე. ასევე გამოხატეს თანხმობა, რომ კვლავაც იმონაწილეონ ამ პროცესში, ამგვარი განცხადების ახლო მომავალში დამტკიცების მიზნით”.

ამ ტექსტზე ჩვენ უკვე ერთი წელია ვმუშაობთ ჟენევის ფორმატში. არაერთხელ განგვიცხადებია და ამ რაუნდზეც განვაცხადეთ, რომ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ამ ტექსტის შემუშავებაში...
რუსეთის საპირისპირო შთაბეჭდილების მიუხედავად, თბილისი აცხადებს, რომ ის არ ემიჯნება ჟენევაში მიმდინარე პროცესებს და, მათ შორის, არც მონაწილეთა ერთობლივი განცხადების შემუშავების პროცესზე ამბობს უარს. თუმცა, როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა უთხრა 7 ნოემბერს რადიო თავისუფლებას, ეს არასაკმარისია და საქართველო მოითხოვს, რომ მას მიბაძოს და რუსეთმაც დადოს ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი დაპირება:

”ამ ტექსტზე ჩვენ უკვე ერთი წელია ვმუშაობთ ჟენევის ფორმატში. არაერთხელ განგვიცხადებია და ამ რაუნდზეც განვაცხადეთ, რომ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ამ ტექსტის შემუშავებაში, მაგრამ ჩვენ ვაცხადებთ, რომ ეს ტექსტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს განხილული როგორც ჩამანაცვლებელი რუსეთის ხელისუფლების მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებისა”.

დავით ზალკალიანის თქმით, ჟენევის მოლაპარაკებათა 25-ე რაუნდზე ყურადღება ასევე გამახვილდა მავთულხლართების გაბმის პროცესზე ცხინვალის რეგიონში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ქართულმა მხარემ ფაქტობრივი მასალები წარადგინა და შეეცადა, რომ პრევენციის მიზნით, კიდევ ერთხელ მიეპყრო საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება. თანათავმჯდომარეები ამ მდგომარეობას მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებთა უფლებების შეზღუდვად აღიქვამენ და ჩართულ მხარეებს პრობლემის აღმოფხვრისკენ მოუწოდებენ. ამასთან, 25-ე რაუნდის ფარგლებში კიდევ ერთხელ დადასტურდა მზაობა და მისწრაფება, რომ აღდგეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რეგულარული შეხვედრები გალის მიმართულებით.

რაც შეეხება ფორმატის შეცვლას, როგორც დავით ზალკალიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ამგვარი მცდელობები ჟენევის მოლაპარაკებათა ბოლო რაუნდზე აღარ შეინიშნებოდა მოსკოვის, ცხინვალისა და სოხუმის მხრიდან და დისკუსიები ტრადიციულად ორ სამუშაო ჯგუფში ჩატარდა. მართალია, ხელშესახები შედეგების გარეშე, მაგრამ მათ შორის დღის წესრიგის ფარგლებში შედგა მსჯელობა დევნილების პრობლემატიკასთან დაკავშირებითაც, რის განხილვის პერსპექტივებსაც ბოლო რაუნდების განმავლობაში მოსკოვი, ცხინვალი და სოხუმი ერთობლივი ძალისხმევით ბლოკავდნენ.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მომდევნო, 26-ე, რაუნდი 17-18 დეკემბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG