Accessibility links

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართებისა და სხვა ტიპის ბარიერების აღმართვის პროცესის გაგრძელება წარმოადგენდა ერთ-ერთ უმთავრეს საკითხს, რომლის გარშემოც პროტესტი გამოხატა საქართველოს დელეგაციამ (17-18 დეკემბერს) ჟენევის მოლაპარაკებათა 26-ე რაუნდის ფარგლებში. პრინციპულად უცვლელია თბილისის პოზიცია ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გარშემო, რასაც კვლავ საკუთარ მოთხოვნებს უპირისპირებს მოსკოვი-სოხუმი-ცხინვალის სამეული.

როდესაც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების პროცესზე ილაპარაკა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ქარელის მუნიციპალიტეტიდან სოფლები კნოლევი და გოგეთი, ხოლო გორის მუნიციპალიტეტიდან სოფელი ერგნეთი მოიხსენია. 18 დეკემბერს, 26-ე რაუნდის შემდეგ, ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს დელაგაციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ნოემბრის ბოლოს განახლებული პროცესი უკვე საკმაოდ შორს წავიდა. დასახელდა კონკრეტული ციფრებიც:

”ამ დროისთვის ცხინვალის რეგიონში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, მავთულხლართები 50 კილომეტრზეა გავლებული და ეს პროცესი ახლაც გრძელდება. ბარიერების აღმართვის პროცესმა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა 90-მდე ოჯახის ცხოვრებაზე. ჩვენი მიზანია, რომ განვუმარტოთ ამგვარი პოლიტიკის შემქმნელებსა და უშუალო შემსრულებლებს, დაფიქრდნენ ამ ადამიანურ ტრაგედიაზე, რომ მათი უკანონო ქმედება ძვირად უჯდება ადგილობრივ მოსახლეობას და რომ უნდა შეიცვალოს ხსენებული გამანადგურებელი პოლიტიკა”.

ერთი წლის განმავლობაში მოვინახულე ბევრი სოფელი, სადაც აღმართული ბარიერები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას. მოვუწოდებ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ყველა მონაწილეს მიიღონ პრაგმატული გადაწყვეტილებები...
მავთულხლართების თემა ასახული იყო თანათავმჯდომარეთა ერთობლივ პრესკომუნიკეში, რომელიც 26-ე რაუნდის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა. მართალია, ტექსტის თანახმად, ამ პროცესმა არ გააუარესა უსაფრთხოების საერთო სურათი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, მაგრამ ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს სახელით მოქმედი თანათავმჯდომარეები შეშფოთებას გამოხატავენ ბარიერების აღმართვის გამო და მოუწოდებენ ყველა მონაწილეს გადაჭრან ეს პრობლემა - მათ შორის, ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. მავთულხლართების პრობლემა ადამიანებს რომ ავიწროებს, ამის შესახებ ეუთოს უკრაინის თავმჯდომარეობის სპეციალურმა წარმომადგენელმა გაჭიანურებული კონფლიქტების საკითხებში ანდრეი დეშიცამაც აღნიშნა (რადგანაც უკრაინის მორიგე თავმჯდომარეობის ვადის ამოწურვამდე დღეებია დარჩენილი, ანდრეი დეშიცასთვის 26-ე რაუნდი ბოლო იყო):

”ერთი წლის განმავლობაში მოვინახულე ბევრი სოფელი, სადაც აღმართული ბარიერები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას. მოვუწოდებ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ყველა მონაწილეს მიიღონ პრაგმატული გადაწყვეტილებები, რომლებიც წინა პლანზე წამოსწევს ადგილობრივი მოსახლეობის გასაჭირს და ასევე ითვალისწინებს ამგვარი ადგილების ერთობლივ მონახულებას”.

დადებითად შეფასდა ექსპერტების კონსტრუქციული და საქმიანი ხასიათის ჩართულობა ძალის გამოუყენებლობის თაობაზე მონაწილეთა ერთობლივი განცხადების პროექტის შესამუშავებელი სესიის ფარგლებში...
როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო ”რესი” იუწყება, 26-ე რაუნდის შემდეგ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მურატ ჯიოევის სიტყვებზე დაყრდნობით, ქართული მხარე მუდმივად ცდილობს ვითარების გართულებას ტერიტორიაზე, რომელსაც ცხინვალი სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ მოიხსენიებს, ხოლო თბილისისთვის ის მხოლოდ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიას წარმოადგენს. უსაფრთხოების კონტექსტში ცხინვალმა, ისევე როგორც სოხუმმა, 26-ე რაუნდის ფარგლებშიც განსაკუთრებული მონდომებით წამოსწია წინ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად დამავალდებულებელი დოკუმენტის შექმნის აუცილებლობა. გავიხსენოთ, რომ, მოსკოვის ხელდასხმით, ისინი ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმებას მხოლოდ საქართველოსთან მოითხოვენ, ხოლო ამგვარი მიზნის წინაპირობად განიხილავენ მონაწილეთა ერთობლივ განცხადებას, რომელზე მუშაობაც ჟენევაში ბოლო რამდენიმე რაუნდია მიმდინარეობს. ტექსტის შემუშავების პროცესი ჯერჯერობით უშედეგოა და ამას თანათავმჯდომარეების მიერ 26-ე რაუნდის შემდეგ გამოქვეყნებული პრესკომუნიკეც ადასტურებს. 18 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე კომუნიკეს ტექსტი მედიას სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ ლეფორმა გააცნო:

”დადებითად შეფასდა ექსპერტების კონსტრუქციული და საქმიანი ხასიათის ჩართულობა ძალის გამოუყენებლობის თაობაზე მონაწილეთა ერთობლივი განცხადების პროექტის შესამუშავებელი სესიის ფარგლებში. მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ამ თემასთან დაკავშირებით გაგრძელდება მუშაობა მომავალი სესიის განმავლობაში”.

იმას, რომ ერთობლივი განცხადების შემუშავების პროცესი უშედეგოა, მოსკოვი თბილისს აბრალებს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, პროცესი 26-ე რაუნდზე საქართველოს მხარის მოუმზადებლობის გამო დაიბლოკა და ”თანათავმჯდომარეებმა აიღეს ვალდებულება შეიმუშაონ კომპრომისული წინადადებები ამ მნიშვნელოვანი თემატიკის გარშემო შემდეგი შეხვედრისთვის“.

ჟენევის პროცესის მონაწილეთა ერთობლივ განცხადებაზე უარს არ ამბობს, მაგრამ საქართველო მას საკუთარი პრინციპული მოთხოვნის ჩამანაცვლებელ დოკუმენტად არ აღიქვამს. როგორც 18 დეკემბერს, 26-ე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა, რუსეთმა კიდევ ერთხელ ხმამაღლა დაადასტურა, რომ ის არ აპირებს დადოს ცალმხრივი პირობა ძალის გამოუყენებლობის თაობაზე, რაც საქართველომ თავდაპირველად 2010 წელს გააკეთა და შემდეგ რამდენჯერმე დაადასტურა, მათ შორის, ახალი პარლამენტის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტშიც. ზალკალიანის თქმით, რუსეთის ეს უარი აზრს უკარგავს ჟენევის პროცესის მონაწილეთა ერთობლივი სამშვიდობო განცხადების მიღების მიზანს.

დაბოლოს, ჟენევის მოლაპარაკებათა 26-ე რაუნდი უშედეგო იყო სხვა რომელიმე მიმართულებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების ჭრილშიც. კონკრეტული გადაწყვეტილებები არც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალის შეხვედრების აღდგენასთან დაკავშირებით მიუღიათ. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო, 27-ე, რაუნდს ჟენევა 25-26 მარტს უმასპინძლებს.
XS
SM
MD
LG