Accessibility links

logo-print

ჟენევის მოლაპარაკებები და ”ქართული ოცნების” პოზიცია


დავიდ სანაკოევი, სერგეი ლავროვი

დავიდ სანაკოევი, სერგეი ლავროვი

საერთაშორისო მოლაპარაკებების 21-ე რაუნდისთვის ჟენევაში ჩავიდნენ როგორც ჯერ ისევ მოქმედი, ასევე ახლად არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლები. 10 ოქტომბერი საინფორმაციო სესიას ეთმობა, ხოლო 11 ოქტომბერს დაგეგმილია ტრადიციული დისკუსიები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. როგორია პროცესის მონაწილეთა მოლოდინი - ვის როგორ ესმის ”კონფლიქტის მხარედ” აღიარების საკითხი და შეიცვალა თუ არა ხედვები ყველაზე პრობლემურ საკითხთან - ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებასთან მიმართებით?

”ვინც არ უნდა მოვიდეს საქართველოს ხელისუფლებაში, ყველას ერთი ოცნება აქვს - დაიბრუნოს აფხაზეთი თავის წიაღში”, - უთხრა ჟურნალისტებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრ ანქვაბმა 10 ოქტომბერს სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე და იქვე აღნიშნა, რომ ეს აზრი მას მომავალი მინისტრების მიერ თბილისში გაკეთებულმა ცალკეულმა განცხადებებმაც განუმტკიცა. ამ ჭრილში ალექსანდრ ანქვაბი აქცენტს აკეთებს მომავალი სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილის მოსაზრებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველო აფხაზეთის მხარესთან, აღიარების გარდა, ყველა საკითხის განხილვას აპირებს. აფზახეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს კი საერთოდ არ წარმოუდგენია, თუ რაზე შეიძლება ასეთ შემთხვევაში ლაპარაკი, როცა დამოუკიდებლობა აფხაზეთისთვის ყველანაირ კეთილდღეობაზე მაღლა დგას:

ალექსანდრ ანქვაბი

ალექსანდრ ანქვაბი

”საფრთხე ჩვენ ყოველთვის თან გვდევს, მოვა ხელისუფლებაში ივანიშვილი თუ სხვა ვინმე. თუკი ივანიშვილი მდიდარი ადამიანია, დახარჯოს თავისი კაპიტალი საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენ კი ჩვენს სამშობლოში ვცხოვრობთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო საზღვრები, რასაც ჩვენ თავად ვიცავთ. თუკი ჩვენთან საუბარი უნდათ როგორც კარგ მეზობლებს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მაგრამ თუკი ჩვენთან სხვანაირად ლაპარაკს გადაწყვეტენ, მათ არაფერი გამოუვათ.”

მართალია, ალექსანდრ ანქვაბი უშუალოდ არ მონაწილეობს მოლაპარაკებათა 21-ე რაუნდში, მაგრამ, მისი სიტყვებით, ალბათ, იოლად ვივარაუდებთ, თუ რა განწყობით ჩავიდნენ სოხუმის წარმომადგენლები ჟენევაში. მათ მსგავსად, თბილისთან ლაპარაკს მხოლოდ მეზობლის რანგში აპირებს ცხინვალიც და ეს 9 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავიდ სანაკოევმაც აღნიშნა.

”ჩვენ, პირველ რიგში, შევეცდებით მივაღწიოთ იმას, რომ საქართველომ აღიაროს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და ჩვენ ამ ქვეყანასთან დავამყარებთ კეთილმეზობლურ ურთიერთობას, რაც ყოველთვის გვქონდა მიზნად დასახული“, - თქვა სანაკოევმა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ჟენევის მოლაპარაკებების ამ რაუნდში.

9 ოქტომბერს, ერთობლივ პრესკონფერენციაზე, სანაკოევს სრულად უჭერდა მხარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. „რაიმე სახის მოლაპარაკების გამართვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ბედზე ჩვენ არ ვაპირებთ არც საქართველოსთან, არც სხვასთან, რადგან ამ რესპუბლიკების ბედი უკვე გადაწყდა მათი ხალხების მიერ, რომლებმაც დამოუკიდებლობა აირჩიეს”, - თქვა ლავროვმა.
ჩვენ, რასაკვირველია, ამ თემაზე ვერ შევთანხმდებით, თუკი აფხაზური მხარე ან ოსური მხარე იგულისხმებს იმას, რომ ჩვენ დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან გვაქვს საუბარი...

თუმცა ასეთი მიდგომა, ძველი ხელისუფლების მსგავსად, მიუღებელია საქართველოში ახლად არჩეული ხელისუფლებისთვისაც. ერთადერთი, რა დათმობაზეც ამ ეტაპზე შეიძლება საუბარი, ეს ტერმინ ”კონფლიქტის მხარის” სამომავლო განსაზღვრებას უკავშირდება. ძველი ხელისუფლება სასტიკად წინააღმდეგია, მაგრამ ახლად არჩეული პოლიტიკური ძალა მზად არის, რომ რუსეთის ნაცვლად კონფლიქტის მხარედ უშუალოდ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცნოს. თუმცა, როგორც მაგალითად, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, მომავალი დეპუტატი გია ვოლსკი აღნიშნავს, ეს არავინ არ უნდა მიიჩნიოს აღიარებისკენ გადადგმულ ნაბიჯად:

”ჩვენ, რასაკვირველია, ამ თემაზე ვერ შევთანხმდებით, თუკი აფხაზური მხარე ან ოსური მხარე იგულისხმებს იმას, რომ ჩვენ დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან გვაქვს საუბარი.”

გია ვოლსკიმ ეს კომენტარი ჟენევაში გამგზავრების წინ, 9 ოქტომბერს, გააკეთა და იქვე გამოთქვა იმედი, რომ აფხაზებსა და ოსებთან საუბრის თემებისა და შეხების წერტილების გამონახვა სავსებით შესაძლებელი იქნება. მის მსგავსად, ჟენევაში ნიადაგის მოსასინჯად გაემგზავრა პაატა ზაქარეიშვილიც. მომავალი სახელმწიფო მინისტრისთვის რეინტეგრაციის საკითხებში ცხადია, რომ სერიოზული პრობლემები ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გარშემოც იჩენს თავს. აქვე ვთქვათ, რომ ეს არის ყველაზე პრობლემური საკითხი, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, შეიძლება ითქვას, ადგილიდან არ დაძრულა. როგორც ცნობილია, მოსკოვი მუდმივად ითხოვდა, რომ ასეთი დოკუმენტი საქართველოს თავის ოკუპირებულ რეგიონებთან გაეფორმებინა და ამასვე ითხოვდნენ სოხუმი და ცხინვალიც. ასეთ მიდგომას სასტიკად ეწინააღმდეგება თბილისი, რომელმაც ჯერ კიდევ 2010 წელს დადო ცალმხრივი სამშვიდობო დაპირება და მას შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთხელ მოუწოდა რუსეთს იგივე გაეკეთებინა.
ჩვენ მკაფიოდ და ცალსახად უნდა ვუთხრათ, რომ საქართველო არ აპირებს ომის განახლებას და ამაზე გაკეთებულია განცხადება. მაგრამ თუ თქვენ არ ენდობით და გინდათ მეტი გარანტიები და ხელმოწერა, მაშინ, პირველ რიგში, განვიხილოთ ტექსტი და, მეორე რიგში, განვსაზღვროთ თუ ვინ აწერს ხელს ამ დოკუმენტს...

პაატა ზაქარეიშვილისთვის ცხადია, რომ, როცა ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების თბილისთან გაფორმებაზე ლაპარაკობენ, აფხაზურ და ოსურ მხარეებს უსაფრთხოების საკითხებზე მეტად სტატუსის თემა აწუხებთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მშვიდობაზე ლაპარაკი შეიძლება, მაგრამ, ცხადია, აღიარების გარეშე:

”ჩვენ მკაფიოდ და ცალსახად უნდა ვუთხრათ, რომ საქართველო არ აპირებს ომის განახლებას და ამაზე გაკეთებულია განცხადება. მაგრამ თუ თქვენ არ ენდობით და გინდათ მეტი გარანტიები და ხელმოწერა, მაშინ, პირველ რიგში, განვიხილოთ ტექსტი და, მეორე რიგში, განვსაზღვროთ თუ ვინ აწერს ხელს ამ დოკუმენტს. თქვენ ჩვენ მიერ აღიარებული არ ხართ, თქვენ ხართ ჩვენთვის კონფლიქტის მხარე. ჩვენ მზად ვართ მოვაწეროთ თქვენთან ხელი, როგორც კონფლიქტის მხარესთან.”

ასეთი იყო წინასწარი განწყობა, ხოლო საბოლოო დასკვნების გამოტანის საშუალება ანალიტიკოსებს, სავარაუდოდ, 11 ოქტომბერს მიეცემათ - მას შემდეგ, რაც ჟენევაში დასრულდება მოლაპარაკებათა 21-ე რაუნდი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG