Accessibility links

იქნება თუ არა ჟენევის დისკუსიის 22-ე რაუნდი გარდამტეხი?


ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ცხინვალში, 2012 წლის 8 მაისი

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ცხინვალში, 2012 წლის 8 მაისი

ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის მიმართ როგორც ოსურ, ისე ქართულ საზოგადოებაში გარკვეული მოლოდინი არსებობს. საქართველოს დელეგაციაში ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები შევლენ და არაერთი კონფლიქტოლოგი მიიჩნევს, რომ მრავალი პრობლემური საკითხის მოგვარებაში გარდატეხა მოხდება. ამ დღეებში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან ახალგორს, ცხინვალს, გორს და თბილისს სტუმრობდნენ.

ფილიპ ლეფორი, ანტი ტურუნენი და პედრიგ მერფი ახალგორში ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს. გორში ისინი დევნილებს გაესაუბრნენ და მათი საჭიროებების შესახებ ილაპარაკეს. ცხინვალსა და თბილისში კი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მომავალი დისკუსიის დღის წესრიგი შეათანხმეს. უკვე ცნობილია, რომ ოსური მხარე ახალგორისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხს კიდევ ერთხელ დააყენებს. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მურად ჯიოევის განცხადებით, მეხუთე წელია ამ საკითხზე მსჯელობა უშედეგოდ მიმდინარეობს.
გარდატეხა დაიწყო ქართულ პოლიტიკაში და, მე მგონი, ყველგან უნდა დაიწყოს. სადაც კი შეიძლება გარდატეხის შეტანა, ყველგან უნდა მოხდეს. ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით და სადაც კი მწიფდება ვითარება, რათა არსებითად შეიცვალოს დამოკიდებულება, ყველგან ამას ვაკეთებთ...


„სამწუხაროდ, ეს საკითხი ვერ წყდება პოლიტიკური მოსაზრებების გამო. არადა, საუბარია მხოლოდ კომერციულ ურთიერთობაზე. მათ გაზი უნდა მოგვყიდონ და ჩვენ საფასური გადავიხადოთ. თუ ქართული მხარე ამაზე არ დათანხმდება, ლენინგორის გაზმომარაგების პრობლემას თავად მოვაგვარებთ. ეს, უპირველესად, ჰუმანიტარული და სოციალური საკითხია და მის პოლიტიკურ რანგში აყვანა არ გვსურს“, – აცხადებს მურად ჯიოევი.

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმაც გამართა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში იგი აცხადებს, რომ ქართული დელეგაციის შემადგენლობის შეცვლის შემდეგ ჰუმანიტარული ხასიათის პრობლემების გადაჭრისას გარდატეხა მოხდება.

„გარდატეხა დაიწყო ქართულ პოლიტიკაში და, მე მგონი, ყველგან უნდა დაიწყოს. სადაც კი შეიძლება გარდატეხის შეტანა, ყველგან უნდა მოხდეს. ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით და სადაც კი მწიფდება ვითარება, რათა არსებითად შეიცვალოს დამოკიდებულება, ყველგან ამას ვაკეთებთ“, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
იმედი მაქვს, რომ დისკუსიის დეპოლიტიზაციის მხრივ წინ წაწევას შევძლებთ, რათა მოსახლეობის უსაფრთხოების კონკრეტული საკითხები გადავწყვიტოთ...


ჟენევის დისკუსიის დროს დასმული საკითხების დეპოლიტიზაციის აუცილებლობაზე ისაუბრა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ ლეფორმა. მან იმედი გამოთქვა, რომ მხარეები პოლიტიკური სტატუსის საკითხს ნაკლებ დროს დაუთმობენ და მეტს მოსახლეობის უსაფრთხოებაზე იზრუნებენ.

„იმედი მაქვს, რომ დისკუსიის დეპოლიტიზაციის მხრივ წინ წაწევას შევძლებთ, რათა მოსახლეობის უსაფრთხოების კონკრეტული საკითხები გადავწყვიტოთ“, – ამბობს ფილიპ ლეფორი.

ოსური მხარე ჟენევის დისკუსიაზე მთავარ საკითხად მაინც სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების საკითხს დააყენებს. ჯიოევის თქმით, ოსური დელეგაცია ეცდება მიაღწიოს ქართულ მხარესთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერას.

სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანი არ არის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების დადება. იგი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში მხარეებმა ის საკითხები უნდა მოძებნონ, სადაც თანხვედრაა.
პაატა ზაქარეიშვილი

პაატა ზაქარეიშვილი


„პატივს ვცემ მათ მოთხოვნას, მესმის მათი, მაგრამ ეს თემა დღეს ჩვენთვის აქტუალური არაა. მშვიდად, წყნარად უნდა ავუხსნათ ყოველგვარი ნერვებისა და ემოციების გარეშე. რაღაც არის მათთვის მნიშვნელოვანი, შეიძლება ეს ჩვენთვის - არ იყოს. რაღაც არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, შეიძლება ეს მათთვის - არ იყოს. ამიტომ ის უნდა ვეძებოთ, სად არის თანხვედრა. ჩვენი მთავრობა აპირებს ამის გაკეთებას. არა გამოკიდებას იმ თემებზე, სადაც ვერ ვთანხმდებით, არამედ იმ თემების რეალიზაციას, სადაც ვთანხმდებით“, – განმარტავს პაატა ზაქარეიშვილი.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთი საერთაშორისო ტრიბუნიდან განაცხადეს, რომ კონფლიქტების მოგვარებას ძალისმიერი მეთოდებით არ აპირებენ, მაგრამ ოსური მხარე პრინციპულად ითხოვს შეთანხმების დადებას. გარდა ამისა, მომდევნო რაუნდის დღის წესრიგში ისევ შედის უგზო-უკვლოდ დაკარგულების, საქართველოს ციხეებში მყოფი ოსი მოქალაქეებისა და ცხინვალის ციხეში მყოფი ქართველების გათავისუფლების, ახალგორისთვის გაზის და ქართული სოფლებისთვის სარწყავი წყლის მიწოდების საკითხები. ჟენევის დისკუსიის 22-ე რაუნდი 11-12 დეკემბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG