Accessibility links

რა სთხოვა ლეონიდ თიბილოვმა ცხინვალში ჩასულ ფილიპ ლეფორს?


ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეთა შეხვედრა ცხინვალში

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეთა შეხვედრა ცხინვალში

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ადგილობრივ ხელისუფლებასთან მომავალი დღის წესრიგის შესათანხმებლად ცხინვალში ჩავიდნენ. დელეგაციაში შედიან ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს სპეციალური წარმომადგენლები, რომლებიც, ამავე დროს, დისკუსიის თანათავმჯდომარეები არიან. ფილიპ ლეფორი, ანტი ტურუნენი და პედრიგ მერფი ახლად არჩეულ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ლეონიდ თიბილოვს, ოსური მხარის დელეგაციის ხელმძღვანელებს ბორის ჩოჩიევს და მერაბ ჩიგოევს შეხვდნენ. ამ შეხვედრაზე მომავალი სხდომის საორგანიზაციო და დღის წესრიგის საკითხები განიხილეს. ბორის ჩოჩიევმა, რომელიც ახლა უკვე დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელია, შეხვედრა შენიშვნებით დაიწყო და ლეფორს უსაყვედურა, რატომ არ გამოგზავნა ევროკავშირმა დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლები.

ფილიპ ლეფორმა ჩოჩიევის შენიშვნა უპასუხოდ დატოვა. როგორც ცნობილია, მედვედევ-სარკოზის შეთანხმების მიხედვით, მეოთხე წელია საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებას სთხოვს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლები შეუშვან, მაგრამ შეთანხმების ეს პუნქტი დღემდე შეუსრულებელია. ამიტომ ჩოჩიევის მხრიდან დე ფაქტო რესპუბლიკის არჩევნებზე დამკვირვებლების დაუსწრებლობის გამო საყვედური, ანუ არჩევნების აღიარებაის მოთხოვნა, სტუმრებისთვის მოულოდნელიც კი იყო და ეს სახეზეც გამოეხატათ. შეხვედრის შესახებ რეპორტაჟი დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიამ გადასცა.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა უცხოელ დიპლომატებს მოუწოდა გაააქტიურონ საქმიანობა საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის მიღებაზე.

დიდი ხანია ოსური მხარე ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერას ითხოვს, მაგრამ ქართული მხარე მას კონფლიქტის მეორე მხარედ არ აღიარებს და ასეთ დოკუმენტზე ხელის მოწერას მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან ერთად მიიჩნევს შესაძლებლად. ლეონიდ თიბილოვმა ფილიპ ლეფორს ქართულ მხარესთან ერთი თხოვნაც დააბარა - გადაიხედოს გორის ტერაქტის გამო სამუდამოპატიმრობამისჯილი სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის გამოტანილი განაჩენები.

შეხვედრის მეორე ნაწილი დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა. უცხოელ სტუმრებს ოსურ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ და დღის ბოლოს ზნაურისა და ზონკარის წყალსაცავები მოინახულეს. როგორც ცნობილია, ზონკარის წყალსაცავი დაზიანებულია და ის როგორც ქართულ, ისე ოსურ მოსახლეობას საფრთხეს უქმნის, ამიტომ მისი შეკეთება ორივე მხარის ინტერესშია. ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა დღეს შეხვედრები თბილისში ქართული დელეგაციის წარმომადგენლებთან გააგრძელეს. დისკუსიის მე-19 რაუნდი 8 ივნისს გაიმართება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG