Accessibility links

logo-print
საქართველოს დელეგაცია მიიჩნევს, რომ 11 ოქტომბერს, ჟენევის მოლაპარაკებათა 21-ე რაუნდის ფარგლებში, საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, სამშვიდობო დოკუმენტის პროექტზე მუშაობის დაწყების სახით. ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს საგანგებო წარმომადგენლების თანათავმჯდომარეობით მიმდინარე პროცესის 21-ე რაუნდზე ქართული მხარე როგორც ჯერ ისევ მოქმედი, ასევე ახლად არჩეული ხელისუფლების წევრებით იყო წარმოდგენილი. მართალია, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას - ”ქართულ ოცნებას” - ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეთა მისამართით სამომავლოდ განსხვავებული მიდგომები ექნება, მაგრამ გარღვევასა და სწრაფ სასიკეთო ცვლილებებს არც ერთი მხარე არ მოელის.

”11 ოქტომბერს რეალურად დავიწყეთ ტექსტზე მუშაობა, რომლის მიხედვითაც რუსეთმა უნდა აღიაროს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება. შედგა პირველი სამუშაო სესია ტექსტთან დაკავშირებით”, - ამბობს ჩვენთან სატელეფონო საუბარში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი სერგი კაპანაძე. საუბარია დოკუმენტის პროექტზე, რომელსაც მხარეები თანათავმჯდომარეების ინიციატივითა და შეთავაზებით შეიმუშავებენ. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ყოველთვის სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ამ ტიპის დოკუმენტის შემუშავებას, ლოგიკურად იბადება შეკითხვა - რამ განაპირობა რუსეთის პოზიციის ცვლილება? სერგი კაპანაძე ფიქრობს, რომ სიტუაცია საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიციამ მოამწიფა:

”ძალიან ცალსახა და კონსოლიდირებული საერთაშორისო პოზიციაა იმაზე, რომ რუსეთმა უნდა აიღოს ძალის არგამოყენების ვალდებულება. ამ დისკუსიების კულმინაციას მივაღწიეთ ამ წლის დასაწყისში და წინა წლის ბოლოს, რასაც მერე მოჰყვა ძალიან ბევრი ხმამაღალი განცხადება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იმაზე, რომ რუსეთმა ეს ვალდებულება უნდა აიღოს. იყო ევროკავშირის მინისტრების განცხადება, იყო ნატოს სამიტის განცხადება; ანუ ეს ყველაფერი ნელ-ნელა გროვდებოდა, სანამ საერთაშორისო თანამეგობრობამ ძალიან ცალსახად არ დააფიქსირა, რომ რუსეთმა ეს ვალდებულება უნდა აიღოს.”

სერგი კაპანაძე, სამუშაო პროცესის ინტერესებიდან გამომდინარე, თავს იკავებს სამშვიდობო დოკუმენტის კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან და ამის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას არც თანათავმჯდომარეების მიერ გამოქვეყნებული ერთობლივი პრესკომუნიკე გვაწვდის. თუმცა დღის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ირლანდიელმა დიპლომატმა პოდრიგ მერფიმ 11 ოქტომბერს წამოწყებულ საქმეს ”კარგი დასაწყისი” უწოდა და განმარტა, რომ საუბარია სამშვიდობო დოკუმენტზე, რომელსაც შესაძლოა ხელი მოაწეროს პროცესის ყველა მონაწილემ.
ხელისუფლებას არც შეიძლება ჰქონოდა სწორი სტრატეგია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ კონფლიქტის თავიდან არიდება შეიძლებოდა და რომ სერიოზული სტრატეგიული შეცდომებია დაშვებული ...

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ადვილი სავარაუდო იყო, რომ 21-ე რაუნდის ფარგლებში კვლავაც დიდ ადგილს დაიკავებდა გალის შეხვედრების თემა, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. გავიხსენოთ, რომ ივნისში, მე-20 რაუნდის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებმა - ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენლებმა - მწვავე შეშფოთება გამოხატეს იმ ფაქტის გამო, რომ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, 24 მარტის შემდეგ ვეღარ ხერხდება შეხვედრების გამართვა გალში. შეხვედრას, რომელიც 24 აპრილს უნდა გამართულიყო, აფხაზეთის მხარემ გამოუცხადა ბოიკოტი და მიზეზად ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელის საქართველოში, პოლონელი დიპლომატის ანჯეი ტიშკევიჩის შეურაცხმყოფელი განცხადებები დაასახელა. ის, რომ გალის შეხვედრები უნდა გაგრძელდეს, თანათავმჯდომარეებმა 21-ე რაუნდის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ კომუნიკეშიც აღნიშნეს.

11 ოქტომბრის ერთობლივი პრესკომუნიკე შედეგების თვალსაზრისით დიდად არ განსხვავდება თანათავმჯდომარეების მიერ წინა რაუნდების შემდეგ გამოქვეყნებული კომუნიკეებისგან. ნათქვამია, რომ, ნდობის აღდგენის ჭრილში, მხარეებმა განიხილეს თავისუფალი მიმოსვლის საკითხი და დისკუსია ასევე შეეხო, მაგალითად, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა პრობლემებს, დევნილთა პრობლემებსა თუ ევროკავშირის ფინანსებით ეუთოს მიერ ორგანიზებული წყალმომარაგების პროექტების მიმდინარეობას. საერთო ანგარიშით, ხელშესახები პროგრესი მიღწეული არ არის. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა 22-ე რაუნდი 12 დეკემბერს გაიმართება.

იმ დროისთვის საქართველო ჟენევაში, სავარაუდოდ, უკვე სულ სხვა შემადგენლობის დელეგაციას წარგზავნის. 21-ე რაუნდში კი, ჯერ ისევ მოქმედი ხელისუფლების დელეგაციასთან ერთად, ასე ვთქვათ, ნიადაგის მოსასინჯად მონაწილეობდნენ არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის - ”ქართული ოცნების” - წარმომადგენლები პაატა ზაქარეიშვილი და გია ვოლსკი. როგორც გია ვოლსკიმ 11 ოქტომბერს, შუადღისას, სატელეფონო საუბრის დროს შეატყობინა რადიო თავისუფლებას, მართალია, ცალკეული დიპლომატების პროფესიონალიზმი მოსაწონია, მაგრამ ჯერ ისევ მოქმედი ხელისუფლების არამართებული სტრატეგიის გამო მეტად ძვირფასი ”დრო დაიკარგა”:
აფხაზეთის მხარისთვის მას მნიშვნელობა აქვს როგორც ტრენინგს მომავალი დიპლომატებისა და მომლაპარაკებლებისთვის. ამაში არის სარგებელი, მაგრამ უშუალოდ აფხაზეთისთვის მყისიერი სარგებელი შეიძლება ვერ მოიტანოს ...

”ხელისუფლებას არც შეიძლება ჰქონოდა სწორი სტრატეგია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ კონფლიქტის თავიდან არიდება შეიძლებოდა და რომ სერიოზული სტრატეგიული შეცდომებია დაშვებული. და ხელისუფლებამ, რომელმაც ეს სტრატეგიული შეცდომები დაუშვა, რასაკვირველია, არა აქვს საშუალება მოელაპარაკოს ან აფხაზებს, ან ოსებს, ან, თუნდაც, რუსეთს.”

მომავალი პარლამენტარი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ, რეგიონების სტატუსის მეტად პრობლემური საკითხის გარდა, კონფლიქტის მხარეებთან შესაძლებელია შეხების ისეთი წერტილების გამონახვა, რაც ნდობის აღდგენას მოემსახურება.

თუმცა ამ ეტაპზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა არანაირი კომპრომისისთვის არ არის მზად და ეს ალექსანდრ ანქვაბის მიდგომებიდანაც ჩანს. 10 ოქტომბერს სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟენევის მოლაპარაკებები ანქვაბმა საკმაოდ სკეპტიკური განწყობით მოიხსენია:

“აფხაზეთის მხარისთვის მას მნიშვნელობა აქვს როგორც ტრენინგს მომავალი დიპლომატებისა და მომლაპარაკებლებისთვის. ამაში არის სარგებელი, მაგრამ უშუალოდ აფხაზეთისთვის მყისიერი სარგებელი შეიძლება ვერ მოიტანოს. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ პოზიციის გამკაცრებაზე. ”

რა იგულისხმება პოზიციის გამკაცრებაში, ალექსანდრ ანქვაბს 10 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე არ აუხსნია, თუმცა გარკვევით თქვა, რომ საკითხი, რომელიც გადამწყვეტი იქნება ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებში, აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნად ცნობას გულისხმობს. საქართველოსთან ლაპარაკს ამ ეტაპზე ასევე მხოლოდ თანასწორი მეზობლის რანგში აპირებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება და ეს 9 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავიდ სანაკოევმაც აღნიშნა.
XS
SM
MD
LG