Accessibility links

logo-print

პოზიციები ჟენევის 26-ე რაუნდის წინ


ჟენევა, გაეროს შტაბბინა

ჟენევა, გაეროს შტაბბინა

17-18 დეკემბერს ჟენევა საერთაშორისო მოლაპარაკებების 26-ე რაუნდს მასპინძლობს. თუკი წინა რაუნდებისა და წინასწარი განცხადებების მიხედვით ვიმსჯელებთ, კვლავაც გაჭირდება საერთო ენის გამონახვა მოლაპარაკებათა პროცესის ყველაზე პრობლემური საკითხის, ძალის გამოუყენებლობის საკითხის გარშემო, მიუხედავად იმისა, რომ თანათავმჯდომარეებმა წინა რაუნდის დასრულების შემდეგ გამოთქვეს გარკვეული იმედი მონაწილეთა ერთობლივი განცხადების ”ახლო მომავალში” დამტკიცების თაობაზე.

სოხუმი საერთაშორისო თანამეგობრობას იზოლაციასა და ჰუმანიტარული საჭიროებების შეზღუდვაში ადანაშაულებს. როგორც 26-ე რაუნდის წინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინტბა, საერთაშორისო თანამეგობრობა აფხაზეთთან მიმართებით იზოლაციის პოლიტიკას განაგრძობს, რაც არღვევს იზოლაციაში მოქცეული ადამიანების უფლებებს. ამასთან, ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ, უშედეგობით გამოწვეული მზარდი იმედგაცრუების მიუხედავად, მოლაპარაკებათა პროცესის მონაწილეებისგან სოხუმი კვლავაც მოელის ”ახლებურ მიდგომებს, აუცილებელ მოქნილობასა და პრაგმატულობას, მათ შორის, პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებითაც”.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა, კვლავაც მოითხოვს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმებას საქართველოსთან უსაფრთხოების გარანტირების მიზნით, თუმცა ყველასათვის ცხადია, რომ ამგვარი იდეა ინიცირებული და წახალისებულია რუსეთის მიერ. საერთაშორისო სამართალთან შეუსაბამო ამგვარ მოთხოვნაზე საქართველოს კატეგორიული უარის გამო, მოსკოვი-სოხუმი-ცხინვალის სამეული შუალედურ ნაბიჯად განიხილავს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეთა ერთობლივი განცხადების მიღებას. ”ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ მონაწილეთა ერთობლივი განცხადების მიღებას ძალის გამოუყენებლობის პრინციპისადმი ერთგულების ნიშნად. ეს გამომდინარეობს მედვედევ-სარკოზის მიერ 2008 წლის 12 სექტემბერს ხელმოწერილი დოკუმენტიდან”, - განაცხადა 26-ე რაუნდის წინ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა. მოსკოვიც ამავე აზრზეა და ამგვარი მისწრაფება ასახულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე ჟენევის მოლაპარაკებათა 25-ე რაუნდის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში. საგარეო უწყება უკმაყოფილებას გამოხატავს საქართველოს მიერ პროცესის გაჭიანურების გამო.

მათ კიდევ ერთხელ გაცვალეს მოსაზრებები ჟენევის მოლაპარაკებათა მონაწილეების ერთობლივი განცხადების შემუშავების პროცესთან მიმართებით ძალის გამოუყენებლობის თაობაზე. ასევე გამოხატეს თანხმობა, რომ კვლავაც იმონაწილეონ ამ პროცესში...
მონაწილეთა ერთობლივ განცხადებაზე მუშაობა ჟენევაში მართლაც მიმდინარეობს და ეს თანათავმჯდომარეების მიერ 6 ნოემბერს გამოქვეყნებულ პრესკომუნიკეშიც არის აღნიშნული. ეს ტექსტი 25-ე რაუნდის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მედიას სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ ლეფორმა გააცნო. ტექსტში გარკვეული იმედი იგრძნობოდა:

”მათ კიდევ ერთხელ გაცვალეს მოსაზრებები ჟენევის მოლაპარაკებათა მონაწილეების ერთობლივი განცხადების შემუშავების პროცესთან მიმართებით ძალის გამოუყენებლობის თაობაზე. ასევე გამოხატეს თანხმობა, რომ კვლავაც იმონაწილეონ ამ პროცესში, ამგვარი განცხადების ახლო მომავალში დამტკიცების მიზნით”.

ერთობლივ დიკუმენტზე მუშაობაზე უარს არ ამბობს თბილისი, მაგრამ, როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა, ამგვარ სამუშაოს საერთო არაფერი აქვს თბილისის უცვლელ მოთხოვნასთან, რომ - ისევე როგორც ეს საქართველომ 2010 წელს გააკეთა და მას შემდეგ არაერთხელ დაადასტურა - ცალმხრივი სამშვიდობო დაპირება ახლა რუსეთმა უნდა დადოს. ამისკენ მოსკოვს საერთაშორისო თანამეგობრობაც ხშირად მოუწოდებს, მაგრამ ამაოდ. დავით ზალკალიანის თქმით, თბილისის პოზიცია ურყევია:

”როგორც წინა რაუნდზე, ასევე ამ რაუნდის წინაც, ახლა, ჩვენ ვაცხადებთ მზაობას, რომ გავაგრძელოთ მუშაობა ამ ერთობლივ განცხადებაზე, ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარეებთან ერთად. მაგრამ ერთი რამ მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ ამ განცხადებამ არ შეიძლება ჩაანაცვლოს რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება. ანუ ეს განცხადება უნდა იყოს პასუხი რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენების ვალდებულებაზე”.

ძალის არგამოყენების საკითხისადმი პრინციპული პოზიციის დაცვის პარალელურად, საქართველოს დელეგაცია აპირებს, 26-ე რაუნდის ფარგლებში კვლავაც მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარეებს ოკუპირებული ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა სახის ბარიერების აღმართვის პროცესთან დაკავშირებით. ამ რაუნდისთვის ქართულ მხარეს ახალი მასალები დაუგროვდა, რადგანაც პროცესი გრძელდება.
XS
SM
MD
LG