Accessibility links

logo-print

„გაგნიძემ ლოლას ქმრის, ალფიოს როლის კარგად შესრულებასთან ერთად, არაჩვეულებრივი თამაშიც აჩვენა. მას მგრძნობიარე და იმავდროულად დომინანტური ბარიტონი აქვს“.

ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე გაზაფხულზე ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში პრემიერით დაბრუნდა. შეერთებული შტატების და მსოფლიოს ერთ-ერთმა სახელგანთქმულმა საოპერო თეატრმა 14 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსება“ და რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზების“ ახალი დადგმა წარმოადგინა. წლევანდელ პრემიერას მეტროპოლიტენისთვის დამატებითი დატვირთვა ჰქონდა. საქმე იმაშია, რომ ამ ორი ნაწარმოების ერთად დადგმას თავის დროზე სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი, როცა 1895 წელს რიგით სიცილიელთა ცხოვრებაზე შექმნილი ორივე ნაწარმოები ერთ საღამოს წარმოადგინა. სიახლე ბევრმა აიტაცა და ის მალე მსოფლიოს საოპერო თეატრებში ტრადიციად იქცა.

ცნობილი რეჟისორის, ფრანკო ძეფირელის მიერ დადგმული ორივე ოპერა სცენიდან 1970 წლიდან არ ჩამოსულა და 45 წლის მანძილზე თითქმის ხელუხლებლად მეორდებოდა. შესაბამისად, ახალი რეჟისორის დევიდ მაკვიკარის წარმოდგენა მაშინათვე ოპერის მოყვარულთა და კრიტიკოსთა ყურადღების ცენტრში მოექცა. ფეხზე დასადგომის გარდა, თითქმის ყველა ბილეთი წინასწარ გაიყიდა.

შოტლანდიელი რეჟისორი დევიდ მაკვიკარი დიდ ბრიტანეთში და შეერთებულ შტატებში საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობს. „სოფლის ღირსებაში“ მოქმედება მეოცე საუკუნის დასაწყისში ვითარდება, „ჯამბაზებში“ კი დაახლოებით ნახევარი საუკუნით გვიან. პირველი ოპერა ეკლესიის პირქუში კედლების ფონზე, ნახევრად ჩამობნელებულ, დამძიმებულ ყავისფერ და შავ ფერებშია გადაწყვეტილი. „ჯამბაზები“ სცენის გაფორმებით და კოსტიუმებით ბევრად უფრო ფერადი და მხიარულია, ვოდევილის ელემენტებით გახალისებული. თუმცა, ორივე ოპერაში, იმის მიუხედავად, ეკლესიასთან ვითარდება სცენები, თუ ცირკის მსახიობთა საბარგო მანქანასთან, მთავარი მოქმედი გმირების მენტალიტეტი და ქცევა უცვლელი რჩება: ქალები კეკლუცობენ და ქმრებს ღალატობენ. მამაკაცები კი სვამენ, ეჭვიანობენ და მოძალადეები, მკვლელები ხდებიან. შესაძლოა სწორედ ამიტომაც იყენებდეს რეჟისორი სცენის ცოტა ზედმეტად თვალშისაცემ წრეზე ბნუნვის ეფექტს და პირველ აქტში დეკორაციების წრიულ განლაგებას, თუ ადამიანების და სკამების გამუდმებულ წრეზე გადაადგილებას.

ახალ დადგმას ამერიკულ მედიაში შერეული რეაქცია მოჰყვა. კრიტიკოსების ნაწილს რეჟისორული ხედვა ძალიან მოეწონა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც მის ნამუშევარს აკრიტიკებდა. ის, რაზეც ნიუ-იორკელი მიმომხილველების უმეტესი ნაწილი თანხმდება, ეს არის დირიჟორის - ფაბიო ლუისის და რამდენიმე სოლისტის, მათ შორის ქართველი ბარიტონის - გიორგი გაგნიძის უმაღლესი კლასის შესრულება.

აქვე უნდა ითქვას, რომ ორივე ოპერის წამყვან როლებში ერთი და იგივე მომღერლის დაკავება იშვიათად ხდება. გიორგი გაგნიძე და მარჩელო ალვარესი ამ შემთხვევაში გამონაკლისი იყვნენ. მათ ორ-ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პერსონაჟი წარმატებით წარმოადგინეს. გიორგი გაგნიძე „სოფლის ღირსებაში“ ალფიოს პარტიას ასრულებდა, „ჯამბაზებში“ კი - ტონიოს, პროლოგის ჩათვლით. რამდენიმე ამონარიდი ამერიკული მედიიდან:

  • „ბატონი გაგნიძე ორივე როლში თანაბრად ძლიერად და გამოკვეთილად ჟღერდა“ („ობზერვერი“)
  • „ქართველი ბარიტონი გაგნიძე ერთნაირად მომხიბლავია, როგორც ალფიო და როგორც ტონიო („ჰაფინგტონ პოსტი“)
  • „გაგნიძის ბუნებრივად უხეში ტემბრი მეტროპოლიტენის დასში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი იყო“ („ნიუ-იორკ კლასიკალ რევიუ“)
  • „ბატონმა გაგნიძემ ტონიოს ხასიათს კიდევ უფრო მეტი სიავე და სიმძაფრე შესძინა. თითქოს მისი ნამღერი ლიბრეტოც კი იკბინებოდა“ („უოლ სტრიტ ჯორნალი“)
  • „გიორგი გაგნიძემ ლოლას ქმრის, ალფიოს როლის კარგად შესრულებასთან ერთად არაჩვეულებრივი თამაშიც აჩვენა. მას მგრძნობიარე და იმავდროულად დომინანტური ბარიტონი აქვს... გაგნიძე ტონიოს, კიდევ ერთი კლოუნის როლით დაბრუნდა, რომელიც ნედას ეარშიყება. მან თან მოიტანა ისეთივე მოქნილობით და მომხიბვლელობით გამორჩეული ხმა, რომელიც მის გმირს „სოფლის ღირსებაშიც“ გამოარჩევდა. სოლიდურად ნამღერ პროლოგს კიდევ ერთი მიმზიდველი, ვოდევილური ხასიათის თამაში ახლდა“ („ჰაფინგტონ პოსტი“)

ისე დაემთხვა, რომ გიორგი გაგნიძეს სწორედ იმ წარმოდგენის დასრულების შემდეგ შევხვდი, რომელიც მეტროპოლიტენმა წელს ცოცხალი შესრულების მასობრივი კინოჩვენებისთვის შეარჩია. დარბაზში ათამდე ვიდეოკამერა უხმაუროდ მუშაობდა და ორივე ოპერის ტრანსლირება პირდაპირი ეთერით მსოფლიოს 900-მდე კინოთეატრში მიმდინარეობდა.

გიორგი საუბარში ძალზე თავმდაბალი და მოკრძალებულია. ეს თვითონაც კარგად იცის და ამბობს, რომ ამგვარი თვისებები ოპერის სოლისტისთვის დადებითი შეიძლება არც იყოს და ზოგჯერ მას ხელსაც უშლის კარიერაში. კითხვაზე, ნერვიულობდა თუ არა იმის გამო, რომ წარმოდგენის ტრანსლირება პირდაპირი ეთერით მთელ მსოფლიოში ხდებოდა, გიორგი მპასუხობს, რომ ერთი ადამიანი მოუსმენს მას, ასი, თუ ასი ათასი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. „ჩემი პედაგოგის სიტყვები მომაგონდა: ჩათვალე, რომ შენ ხარ ინჟინერი, რომელიც სამსახურში მიდის. მაყურებელმა ზედმეტი დაძაბულობა არასოდეს არ უნდა შეგიქმნასო“. ეს თამაზ ლაფერაშვილის დარიგებაა.

ცოტა რამ ბიოგრაფიიდან: გიორგი 1970 წელს დაიბადა, თბილისში. კონსერვატორიაში თამაზ ლაფერაშვილის კლასში მოხვდა. პირველ წარმატებას პედაგოგთან ერთად, ჯანსუღ კახიძესაც უმადლის, რომელმაც 1994 წელს ჯერ კიდევ მესამე კურსის სტუდენტი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერის და ბალეტის თეატრში მიიწვია. საოცნებო თეატრის სცენაზე დებიუტი ორი არიით შედგა: ჟერმონის არიით ოპერიდან „ტრავიატა“ და მურმანის არიით ოპერიდან „აბესალომ და ეთერი“. შემდეგ იყო 10 წელი თბილისის ოპერაში და ორი წელი გერმანიაში, ვაიმარის ეროვნულ თეატრში.

საერთაშორისო არენაზე წარმატებული კარიერის გაგრძელებაში გადამწყვეტი აღმოჩნდა 2005 წელი, როცა გიორგიმ იტალიაში, ქალაქ ბუსეტოში ვერდის ფესტივალზე გაიმარჯვა. აქედან დაწყებული მის ცხოვრებაში უდიდეს როლს ასრულებენ ცნობილი ესპანელი ტენორი ხოსე კარერასი და დირიჟორი ლორი მაზელი. ამ უკანასკნელმა ფესტივალის დასრულებისთანავე ქართველი ბარიტონი იაპონიაში გასტროლებზე მიიწვია. „პრინციპში მან გამიკვალა გზა მეტროპოლიტენის, ლასკალას და მსოფლიოს დანარჩენი წამყვანი საოპერო სცენებისკენო“ - ყვება ის. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. უკან დარჩა „ტრავიატას“ 2007 წლის დებიუტი ლასკალაში და მეორე წელსვე „რიგოლეტოში“ დებიუტი მეტროპოლიტენ ოპერაში. 21-წლიანი კარიერის მანძილზე გიორგი გაგნიძეს თითქმის ყველა ცნობილი ნაწარმოები აქვს შესრულებული და მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში უმღერია, ბევრში - რამოდენიმეჯერ.

ამ სეზონზე მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ვენაში დადგმული „ტოსკა“, შემდეგ ნიუ-იორკში მეტროპოლიტენის „აიდა“ და იანვარში ისევ „აიდას“ პრემიერა, ოღონდ ლასკალაში. ამ უკანასკნელს გიორგი განსაკუთრებული სიამაყით იგონებს, რადგან მისი პარტნიორი იქ ანიტა რაჭველიშვილი იყო, დირიჟორი კი ზუბინ მეტა. „ლასკალას ახალ დადგმაში ერთდროულად ორი ქართველი სოლისტის მონაწილეობა წესით პატარა ამბავი არ უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვისო“, ამბობს გიორგი და ცოტა უხერხულად, მორცხვად იღიმება.

უზარმაზარი გამოცდილების მიუხედავად, „სოფლის ღირსებაში“ და „ჯამბაზებში“ ორი განსხვავებული როლის შესრულება მისთვის თავიდან ერთგვარი გამოწვევა გახდა. იმდენად, რომ შეთავაზების მომენტში გიორგიმ მეორე როლზე უარიც კი თქვა. „აქ ის ხომ არ არის მარტო, რომ კოსტიუმი და გრიმი შეიცვალო. როგორც მსახიობმა, მეორე სრულიად განსხვავებული სახე უნდა შექმნა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, თხუთმეტიოდე წუთის ინტერვალით, როგორც საოპერო მომღერალმა, აბსოლუტურად სხვაგვარად უნდა მოურგო ხმა ორ განსხვავებულ როლს, ერთი ლირიულია და მეორე დრამატული. ეს იოლი საქმე არ არის“. ბოლოს გარისკა, დათანხმდა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ნიუ-იორკში წარმოდგენების დასრულების შემდეგ მიემგზავრება სტამბოლში. წინ არის ჰამბურგი, შემდეგ ისევ ნიუ-იორკი, ტოკიო და პარიზი. ეს ყველაფერი ერთი წლის განმავლობაში. ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკში მასტერკლასების ჩატარება შესთავაზეს, მაგრამ ჯერ ამისთვის ვერ იცლის და ყველაზე უფრო ოცნებობს ისეთ დროზე, როცა საკუთარი ცოდნის და გამოცდილების ახალგაზრდებისთვის გაზიარებას და მათთვის გზის გაკვალვას შეძლებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG