Accessibility links

logo-print

რატომ არ უნდოდა საქართველოს ევროპის ენერგოთანამეგობრობაში გაწევრიანება?


სულ ახლახან, ევროკავშირის საბჭომ გაავრცელა ე.წ. „დასკვნა საქართველოს შესახებ“. ეს დოკუმენტი მოჰყვა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც 15 ოქტომბერს, ლუქსემბურგში გაიმართა. დოკუმენტში აღნიშნულია: „საბჭო აცნობიერებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ევროპულ არჩევანს და მოუთმენლად ელის საქართველოსთან შემდგომ ახლო თანამშრომლობას“. რამდენიმე დღის წინ კი, ევროპის ხუთი წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ღია წერილით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს: „ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ინარჩუნებს ძლიერ სურვილს, დარჩეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, აღნიშნულია წერილში. ამრიგად, საქართველო კვლავაც აქტუალურია ევროკავშირისთვის. და სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტად აქტუალური გახდება. რას ეფუძნება ეს ინტერესი და გულშემატკივრობა? რა არის გასათვალისწინებელი სამომავლოდ და რაზე ღირს დაფიქრება წარსული გამოცდილებით? საფიქრალი, ალბათ, ბევრია. დღეს ერთ პრობლემაზე შევჩერდებით.

2010 წლის ნოემბერი იყო. საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში გაემგზავრა, რათა შეხვედროდა ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზუს. მიხეილ სააკაშვილის ვიზიტს წინ უძღოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ენერგეტიკის მინისტრის სტუმრობა ბრიუსელში. ამჯერად მოლოდინი ოპტიმისტური იყო, რადგან პრემიერმა, ნიკა გილაურმა, ევროკავშირისგან მიიღო დაპირება გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. ასევე, დაიწყო მოლაპარაკება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე.

საქმე ის არის, რომ პრემიერ-მინისტრის წინა ვიზიტი ბრიუსელში (2010 წლის მარტში) არცთუ იოლი გამოვიდა. ევროკავშირის ხელმძღვანელებმა გილაურს მიანიშნეს, რომ თუ თბილისს ბრიუსელთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სურს, მაშინ აუცილებელია დემოკრატიული რეფორმების განხორციელება. იმ ვიზიტის დროს, თავად პრემიერ-მინისტრს მოუწია ახსნა-განმარტებების გაკეთება ტელეკომპანია „იმედის“ „მოდელირებული ქრონიკის“ გამო. მოკლედ, როგორც მაშინ რადიო თავისუფლების კორესპონდენტი აჰტო ლობიაკასი წერდა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირმა დაუფარავად გამოხატა იმედგაცრუება საქართველოს მიმართ.

ასე რომ, ნოემბრისთვის სიტუაცია გაუმჯობესებისკენ მიდიოდა და სწორედ ამ ფონზე, ბრიუსელში უკვე პრეზიდენტი სააკაშვილი ჩავიდა და, როგორც დაგეგმილიც იყო, შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზუს. ბუნებრივია, ამ ვიზიტს საქართველოს მედიის ყურადღება არ აკლდა. სააკაშვილის ადმინისტრაციამ მალევე გამოაქვეყნა პრესრელიზი შეხვედრის თაობაზე. რელიზში ეწერა, რომ ბაროზუს განცხადებით, ევროკავშირი არასოდეს შეურიგდება საქართველოს ოკუპაციას და ასევე...
მიხეილ სააკაშვილისა (მარცხნივ) და ჟოზე მანუელ ბაროზუს შეხვედრა ბრიუსელში, 2010 წლის ნოემბერში

მიხეილ სააკაშვილისა (მარცხნივ) და ჟოზე მანუელ ბაროზუს შეხვედრა ბრიუსელში, 2010 წლის ნოემბერში


მოულოდნელად, ქართველებმა გაიგეს ამბავი, რომლის შესახებაც მხოლოდ ოცნება შეეძლოთ, რომელზეც დღედაღამ ნატრობდნენ და გულში ატარებდნენ იმედს, რომ ეს დღე ოდესმე დადგებოდა. პრესრელიზში ეწერა, რომ „ევროკომისიის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, რომ საქართველომ ოფიციალურად გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში ინტეგრაციის თაობაზე“.

ეს იყო შოკი! სიხარული და გაოგნება ერთდროულად... ნუთუ ეს მართლა მოხდა, ნუთუ ეს არის დასაწყისი? გასაგებია, რომ დიდი და მძიმე გზის დასაწყისი, მაგრამ ნუთუ ამ გზაზე უკვე მართლა იდგა საქართველო?

ქართველებს საკუთარი ყურების არ სჯეროდათ. ამოწმებდნენ სამთავრობო ვებსაიტებს და დიახ, იქ სწორედ ასე ეწერა! მედიამ მაშინვე აიტაცა ეს ამბავი და დილიდან ისმოდა, როგორ მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს წარმატებებს ევროკომისიის პრეზიდენტი და როგორ ეპატიჟება ევროკავშირში...

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა ფრთხილი, მაგრამ სიამაყით აღსავსე კომენტარი გააკეთა: „ეს საკითხის მხოლოდ ფორმალური მხარეა. ქართულმა მხარემ ევროკავშირში გაერთიანების ნება უკვე გამოხატა, მასთან დაახლოების მიმართულებით ნაბიჯები იდგმება, თუმცა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია ახლო პერსპექტივა არ არის და რთულად განსახორციელებელ საქმეს წარმოადგენს“ – უთხრა მინაშვილმა საინფორმაციო სააგენტო „პირველს“.

ამბავი ჰაერში ტრიალებდა და საღამოსთვის ალბათ ბევრი სხვა საამაყო სიტყვაც მზადდებოდა. მაგრამ მოულოდნელად გაირკვა, რომ ის, რაც ბაროზუმ განაცხადა, ოდნავ განსხვავდებოდა იმისგან, რაც მანამდე ითქვა.

ეიფორია რამდენიმე საათს გაგრძელდა - ბაროზუს სიტყვები ევროპულ საიტებზე გამოქვეყნდა. აი, რა თქვა სინამდვილეში ევროკომისიის პრეზიდენტმა: „მოვუწოდებ საქართველოს, შეიტანოს ოფიციალური განაცხადი ენერგოთანამეგობრობაში გასაწევრიანებლად. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და გაზრდის საქართველოს მიმზიდველობას ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებისთვის.“

იმავე დღის ბოლომდე, შეიცვალა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესრელიზიც. ამჯერად, მასში ეწერა, რომ ბაროზუს განცხადებით, ევროკავშირი, რომლისთვისაც მთავარი პრიორიტეტია სამხრეთ დერეფნის განვითარება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს სატრანზიტო როლს და სთავაზობს, „ოფიციალურად გამოხატოს სურვილი ენერგოთანამეგობრობაში ინტეგრაციის თაობაზე“.

მოკლედ გაირკვა - საუბარი ევროკავშირში გაწევრიანებას კი არ ეხებოდა, არამედ ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანებას.
და ამბავიც ამით დამთავრდა! სიხარულიც დამთავრდა, უხერხულობაც - გაუგებრობის გამო, და ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობა აღარც არავის უხსენებია.

საინტერესოა, რატომ? ნუთუ ევროკომისიის პრეზიდენტის რჩევა, ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში შემოდითო, ასეთი უმნიშვნელო იყო საქართველოსთვის? ნუთუ ეს არ იყო ყურადსაღები მოწოდება ქვეყნისათვის, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების პროცესს უმთავრეს სტრატეგიულ მიზნად და უმთავრეს პრიორიტეტად აცხადებს? რატომ არ ისურვა საქართველომ, ეს მოწოდება აეტაცებინა?

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება (EEC) 2006 წელს შეიქმნა ევროკავშირისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნების მიერ იმისათვის, რომ მომხდარიყო ევროკავშირის შიდა ენერგობაზრის ევროკავშირის სამეზობლოში განვრცობა სათანადო ხელშეკრულებებით განსაზღვრული სავალდებულო წესების საფუძველზე. გაერთიანება უზრუნველყოფს სტაბილური საინვესტიციო გარემოს შექმნას კანონის უზენაესობის გამყარების საფუძველზე და მჭიდროდ აკავშირებს ხელმომწერ ქვეყნებს ერთმანეთთან და ევროკავშირთან. ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებას შეაქვს წვლილი ენერგომომარაგების უსაფრთხოების ამაღლებაში მთელი ევროპის მასშტაბით.
2007 წლის დეკემბერში საქართველოს მიენიჭა ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობის დამკვირვებლის სტატუსი და ქვეყანამ მიიღო წინადადება, გაეკეთებინა განაცხადი ამ გაერთიანების წევრობაზე, ანუ გამხდარიყო ევროპის ენერგოთანამეგობრობის საერთაშორისო ხელშეკრულების „ხელმომწერი მხარე“. სტატუსის შეცვლა და ამ ენერგოგაერთიანების სრულუფლებიან წევრად ქცევა უკვე გულისხმობდა ვალდებულებას, რომ საქართველოს უნდა შეესრულებინა ხელშეკრულების დებულებები და ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობა.

მოკლედ, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულება (EEC Treaty) წევრი სახელმწიფოსაგან მთელი რიგი პირობების განუხრელ შესრულებას მოითხოვს. უფრო ზუსტად კი ე.წ. Acquis Communautaire-ის (ეს არის იმ საკანონმდებლო აქტებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების ერთობლიობა, რაც მთლიანობაში ევროკავშირის კანონმდებლობას წარმოადგენს) ძირითადი მოთხოვნების შესრულებას რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის, ანტიმონოპოლიური და განახლებადი ენერგიის სფეროებში.
ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერი (ბრიუსელი, 2010 წლის ნოემბერი).

ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერი (ბრიუსელი, 2010 წლის ნოემბერი).


ის, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია, საქართველო ევროპის ენერგოგაერთიანების წევრი გახდეს, საჯაროდ 2010 წლის აგვისტოში გამოთქვა ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერმა: „საქართველო დღეს ენერგოგაერთიანების დამკვირვებელი წევრია და ჩვენ მივესალმებოდით მის განაცხადს, რომ სრულუფლებიანი წევრი გახდეს.“

საქართველოს პრეზიდენტის წინაშე ჟოზე მანუელ ბაროზუს მიერ გაკეთებულ ზემოხსენებულ განცხადებამდე ორი კვირით ადრე ოტინგერმა მიმართა ნიკა გილაურს და განუმარტა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რა სიკეთეს ნახავდა ქვეყანა ევროპის ენერგოგაერთიანების სრულუფლებიანი წევრობის შემთხვევაში; რა სიკეთეს მოუტანდა ეს მონაწილე მხარეებს. გილაურთან ერთად მიმართვა მოისმინეს საქართველოს სამთავრობო დელეგაციის სხვა წევრებმაც. ეს იყო 2010 წლის 5 ნოემბერს, ბრიუსელში, ევროკომისიის მიერ მოწყობილ კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის საკითხებს ეძღვნებოდა.

დამსწრეთაგან არავის უხსენებია ევროპის ენერგოგაერთიანების საკითხი და ამ თემამ მხოლოდ რამდენჯერმე გაიელვა ბრიუსელის მაშინდელი მოვლენების გაშუქებისას, ისიც მხოლოდ ბაროზუსთან შეხვედრის კონტექსტში.

ოტინგერმა მას შემდეგაც არაერთხელ გააკეთა ღია და საჯარო განცხადებები ევროპის ენერგოგაერთიანებაში საქართველოს წევრობის სიკეთის შესახებ, მაგრამ ამას კვლავ მოსდევდა ჯიუტი დუმილი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.

თუნდაც მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირთან ჰარმონიზაციის მიზნებიდან გამომდინარე, ეს დუმილი გაუგებარი და ძნელი ასახსნელია. რაც შეეხება ეკონომიკურ ინტერესებს, ნუთუ საქართველოს მართლაც იმდენად არა აქვს პრობლემა ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან თუ სხვა განვითარებული სახელმწიფოებიდან, რომ შეუძლია, არაფრად ჩააგდოს ევროკომისიის პრეზიდენტის დაპირება: „ეს შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო გაღრმავდეს ჩვენი ურთიერთობები და გაძლიერდეს საქართველოს მიმზიდველობა ენერგეტიკული ინვესტიციებისათვის.“

ცხადია, არსებობდა მიზეზი ან მიზეზთა ერთობლიობა, რამაც განაპირობა ევროპის ენერგოთანამეგობრობის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მიდგომა. ამ მიზეზების კვლევა, ალბათ, ახლა უფრო გაიოლდება. ისიც ცხადია, რომ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იქნებოდა სწორედ იმ ვალდებულებების გამო, რომლებიც საქართველოს წინაშე დადგებოდა ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრობის შემთხვევაში.

მაგრამ ერთი რამ კი ნამდვილად შეიძლება ითქვას: თუ ეს სასურველი მიზანი მაინც იყო, ამ საკითხზე საქართველოში ფართო და საჯარო დისკუსიები უნდა გამართულიყო.

ასე მოვედით აქამდე... ევროკავშირის ინტერესი, გააღრმავოს თანამშრომლობა საქართველოსთან, მართლაც მრავალმხრივია. ამ სფეროში, ალბათ, არ არსებობს მცირე საკითხები ან ისეთი საკითხები, რომელთა მიჩქმალვაც დასაშვებია. მით უმეტეს, რომ ცნობილია, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკომისია გაზის სამხრეთული დერეფნის გეგმების განხორციელებას. მაგალითისთვის, კვლავ ჟოზე მანუელ ბაროზუს სიტყვები გავიხსენოთ ევროპის ენერგოგაერთიანებაში საქართველოს წევრობის შესახებ: „რაც შეეხება ენერგეტიკული წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციას, სამხრეთის დერეფნის განვითარება უმთავრესი პრიორიტეტია ევროკავშირისთვის. ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო როლს“.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG