Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს


საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა საბოლოო გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღო: 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საქართველო მონაწილეობას მიიღებს. ეს გადაწყვეტილება კომიტეტმა 2 მაისს რიგგარეშე სესიაზე მიიღო. საპარლამენტო უმცირესობა ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლების მხრიდან რუსეთისათვის მწვანე შუქის ანთებად მიიჩნევს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის რიგგარეშე სესიაზე, 46 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, გადაწყდა, რომ ქართველი სპორტსმენები ზამთრის 22-ე ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც რუსეთში, ქალაქ სოჭში, 2014 წელს ჩატარდება, მონაწილეობას მიიღებენ. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის მიერ ხელმოწერილი დასტური 7 მაისს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ჟაკ როგს გადაეგზავნება და საბოლოოდ დაესმება წერტილი ქართველი სპორტსმენების სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება-არ მიღების საკითხს.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავკაცობამ თითქმის ერთი საათი მიუძღვნა იმის მტკიცებას, რომ სავსებით აცნობიერებენ ქართული საზოგადოების წუხილსა და გულისტკივილს, ოლიმპიადა რომ რუსეთში ტარდება, ტარდება იმ ქვეყანაში, რომელმაც 2008 წელს საქართველოს მიმართ აგრესია განახორციელა, რის შედეგადაც ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედი ოკუპირებულია. მაგრამ ისინი იმასაც აცხადებენ, რომ, მიუხედავად ამისა, აუცილებელია საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ქართველი სპორტსმენებისა და ოლიმპიური მოძრაობის ინტერესები დაიცვას. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი აცხადებს, რომ ოლიმპიადისათვის ბოიკოტის გამოცხადების შემთხვევაში საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი არაერთ სანქციას აამოქმედებდა:

დაიბლოკება ყველა პროგრამა, მათ შორის, გრძელვადიანი სტიპენდიები სპორტსმენებს, მწვრთნელებს, საგანმანათლებლო პროგრამები და სხვა. ბოიკოტი ნეგატიურად იმოქმედებს ქართული სპორტის და ოლიმპიზმის განვითარებაზე...
ემზარ ზენაიშვილი
”დაიბლოკება ყველა პროგრამა, მათ შორის, გრძელვადიანი სტიპენდიები სპორტსმენებს, მწვრთნელებს, საგანმანათლებლო პროგრამები და სხვა. ბოიკოტი ნეგატიურად იმოქმედებს ქართული სპორტის და ოლიმპიზმის განვითარებაზე, მის საერთაშორისო იმიჯზე. დაუმსახურებლად შეილახება იმ სპორტსმენების ინტერესები, რომლებიც ოლიმპიური ციკლის პერიოდში მიზანმიმართულად ემზადებოდნენ ოლიმპიური თამაშებისათვის, რადგან სოჭის ასპარეზობას განიხილავენ როგორც საკუთარი სპორტული ბიოგრაფიის მნიშვნელოვან ფურცელს”.

ხელისუფლებაში მოსვლიდან ორ კვირაში პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ღიად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია იმის თაობაზე, რომ საქართველო სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებდა. ამ აზრს მანამდეც და მას შემდეგაც კატეგორიულად არ იზიარებდნენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები. სოჭში ოლიმპიადის ჩატარება და თამაშებში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობა მიუღებელი იყო საქართველოს პრეზიდენტისთვისაც. ყოფილ ხელისუფლებას ამგვარი პოზიციის გასამართლებლად რამდენიმე არგუმენტი აქვს. ნუგზარ წიკლაური, საპარლამენტო უმცირესობის წევრი, სწორედ ამ არგუმენტებზე გვესაუბრება. მისი თქმით, სოჭის ოლიმპიადის მზადებისას მნიშვნელოვანი ეკოლოგიური ზიანი მიადგა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიას. გარდა ამისა, როგორც ის ამბობს, ”კრასნაია პოლიანა”, სადაც ოლიმპიური თამაშები უნდა გაიმართოს, სწორედ ის ადგილია, სადაც 1860 წელს ჩერქეზთა გენოციდი განხორციელდა. - შეგახსენებთ, რომ ჩერქეზთა გენოციდი საქართველოს პარლამენტმა ზუსტად ორი წლის წინ აღიარა. -ნუგზარ წიკლაურს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ და, შესაბამისად, ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებამ რუსეთს მწვანე შუქი აუნთო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ქმედების განსახორციელებლად:

”ეს გადაწყვეტილება ძალიან კარგად ჯდება იმ საერთო პოლიტიკურ კონტექსტში, რომელიც შეიქმნა არჩევნების შემდეგ. კერძოდ, საქართველოს ხელისუფლება არ ითვალისწინებს საქართველოს ინტერესებს, საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს, არამედ ის მთლიანად არის ორიენტირებული, რომ დაუბრკოლებლად, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, შეასრულოს დამპყრობელი ქვეყნის მითითებები”.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის რიგგარეშე სხდომა
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის რიგგარეშე სხდომა
2 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე არაერთი სპორტული ფედერაციის პრეზიდენტმა გამოთქვა აზრი იმის თაობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი სპორტსმენებისა და სპორტის განვითარებისათვის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა. მათ შორის იყვნენ როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის სპორტული სახეობების პირველი პირები. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ის ერთმნიშვნელოვნად გმობს რუსეთის ქმედებებს საქართველოს მიმართ, მაინც სპორტსმენის ინტერესებიდან ამოდის:

”რა დააშავა სპორტსმენმა? სპორტსმენი მთელი ცხოვრების მანძილზე ემზადება იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოს ოლიმპიურ თამაშებში. ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვყალიბდეთ, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთად ვერ იქნება. მე, პირადად, ზვიად სიჭინავა, წინააღმდეგი ვარ, რომ ოლიმპიადა სოჭში ტარდება, მაგრამ ჩვენ უნდა წავიდეთ ოლიმპიადაზე”, - ამბობს ის.

ეს საკითხი საერთოდ არც უნდა განიხილებოდეს. რასაკვირველია, სპორტსმენები ოლიმპიადაზე უნდა წავიდნენ...
გია ნიჟარაძე
რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე იზიარებს იმ აზრს, რომ ქართველი სპორტსმენები სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე აუცილებლად უნდა გაემგზავრონ:

”ეს საკითხი საერთოდ არც უნდა განიხილებოდეს. რასაკვირველია, სპორტსმენები ოლიმპიადაზე უნდა წავიდნენ. ამავდროულად, ვართ ამ ქვეყნის შვილები და ყველას გვტკივა ეს სიტუაცია. მე ძალიან მაღიზიანებს, როცა სპორტსმენებს მოუწოდობენ პატრიოტიზმისკენ. სპორტსმენს ნამდვილად ვერავინ ასწავლის პატრიოტიზმს და ნურც ნურავინ შეგვეჯიბრება. მე ვერ მოვისმინე ვერც ერთი არგუმენტი ოლიმპიადაში მონაწილეობის მოწინააღმდეგეების მხრიდან, რომელიც პირადად მე შემაცვლევინებს აზრს”, - აცხადებს გია ნიჟარაძე.

დღესდღეობით საქართველოს სოჭის ოლიმპიადის ოთხი ლიცენზია აქვს მოპოვებული და ოთხივე სათხილამურო სპორტში, მათ შორის, სპეციალურ სლალომსა და გიგანტურ სლალომში. გიორგი ცაგარელი, სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივანი, ვარაუდობს, რომ ქართველი სპორტსმენები კიდევ ორი ლიცენზიის მოპოვებას სწრაფ დაშვებასა და სნოუბორდის სახეობებში მოახერხებენ. ის იმასაც იმედოვნებს, რომ ქართველი სპორტსმენები ზამთრის ოლიმპიადაზე პოზიტიურ შედეგს აჩვენებენ:

”რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება მედლები, რადგან სამთო-სათხილამურო ძალიან ელიტარული სპორტია და ძალიან რთულია ამ სპორტში შედეგების მიღება, მაგრამ თუკი ამ სპორტში ხვდები, მაგალითდ, საუკეთესო 30-ში, ეს ძალიან კარგი შედეგია უკვე და ჩვენ მაქსიმალურად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ეს შედეგი ვაჩვენოთ”.

სპორტსმენებს, რომლებიც მოიპოვებენ ოლიმპიურ ლიცენზიებს, ჩვენი მხარდაჭერა და ხელშეწყობა სჭირდება იმისთვის, რომ ღირსეულად წარადგინონ საქართველო ოლიმპიურ თამაშებში...
მაკა გიორგობიანი
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საუკეთესო შედეგი საქართველომ 2006 წელს იტალიაში, ტორინოში, აჩვენა. მოციგურავე ელენე გედევანიშვილმა მაშინ მეათე ადგილი დაიკავა. 2014 წლის სოჭის თამაშებისათვის ლიცენზიის მოპოვებას ის სექტემბერში შეეცდება. როგორც ფიგურული სრიალის ფედერაციის პრეზიდენტი მაკა გიორგობიანი გვეუბნება, ლიზენციის მოპოვებისათვის ბრძოლას მასთან ერთად კიდევ ერთი მოცეკვავე წყვილი აპირებს:

”სპორტსმენებს, რომლებიც მოიპოვებენ ოლიმპიურ ლიცენზიებს, ჩვენი მხარდაჭერა და ხელშეწყობა სჭირდება იმისთვის, რომ ღირსეულად წარადგინონ საქართველო ოლიმპიურ თამაშებში. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ საქართველოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას და ვეცდებით, რომ მაქსიმალური გავაკეთოთ წარმატებისთვის”.

როგორც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილის ამბობს, სოჭში სამი ოლიმპიური სოფელი იფუნქციონირებს, რომელთაგან ქართული დელეგაცია ორში - მთის და ზღვისპირა კლასტერში - უნდა განთავსდეს. დადგენილია ქართული დელეგაციის სოჭში ჩასვლის თარიღიც - 2014 წლის 4 თებერვალი, თამაშების საზეიმო გახსნამდე სამი დღით ადრე. რაც შეეხება ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონიალს, ის 5 ან 6 თებერვალს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის ოლიმპიადის სოჭში ჩატარება 2007 წლის 4 ივლისს გვატემალაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 119-ე სესიაზე, გადაწყდა. თავად იდეა ილიმპიური თამაშების სოჭში ჩატარებისა კი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ეკუთვნის. როგორც ოლიმპიურ საზოგადოებაში აცხადებენ, მაშინ პუტინმა დიდი ძალისხმევა გასწია საიმისოდ, რომ საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის მაღალჩინოსანთა კეთილგანწყობა მოეპოვებინა. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის რუსეთის აგრესია საერთაშორისო თანამეგობრობამ ღიად დაგმო, მოგვიანებით კი ოფიციალურად აღიარა ოკუპაციის ფაქტი, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს სოჭში ოლიმპიადის ჩატარების მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია.

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, პირველად 1994 წელს ვილეჰამერის ოლიმპიადაში ჩაება, ყველაზე დიდი დელეგაციით კი, 8 სპორტსმენით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საქართველო 2010 წელს ვანკუვერში წარდგა. ეს ოლიმპიადა საქართველოსთვის ტრაგიკული აღმოჩნდა. ვანკუვერში, მოსამზადებელი დაშვების დროს, უისტლერის ტრასაზე, 21 წლის მოციგურავე ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG