Accessibility links

logo-print

დასავლეთს და რუსეთს შორის დაძაბულობა დღითიდღე იზრდება. ამ ფონზე საქართველო ანტირუსული რიტორიკისგან თავს იკავებს და რუსეთთან ერთგვარი დათბობის პოლიტიკას აგრძელებს. რამდენად სწორია ასეთი მიდგომა? („ამერიკის ხმის“ მიერ ტელეკომპანია "იმედისთვის" მომზადებული სიუჟეტი)

უკრაინის საზღვართან რუსეთმა სამხედრო წვრთნები ჩაატარა. ნატოს მონაცემებით, იქ სულ მცირე 20 ათასი რუსი ჯარისკაცია თავმოყრილი. დასავლეთი შიშობს, რომ მოსკოვი ომისთვის ემზადება. უკრაინის საზღვრის მახლობლად, ოღონდ ამჯერად პოლონეთის ტერიტორიაზე კი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წვრთნები გაიმართა.

ურთიერთობა თეთრ სახლს და კრემლს შორის თანდათან მწვავდება. ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მოსკოვთან ასეთი დაძაბულობა 1962 წლის კუბის კრიზისის შემდეგ არ ყოფილა. აშკარაა, რომ უკრაინაში ე.წ. სამშვიდობო მისიის ვაშინგტონში აღარავის სჯერა. თეთრი სახლის სპიკერმა ჯოშ ერნესტმა ამის შესახებ შეუფარავად განაცხადა. „რუსეთს „სამშვიდობო მისიით“ უკანონო სამხედრო ინტერვენციის და ოკუპაციის შენიღბვის ცნობილი გამოცდილება აქვს“ - აღნიშნა მან.

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მოსკოვს უკანდახევისკენ მოუწოდებს: „მოვუწოდებ რუსეთს უფსკრულს მოცილდეს და საზღვრიდან უკან დაიხიოს. ნუ გამოიყენებთ სამშვიდობო მისიას ომის წარმოების საბაბად“ - აცხადებს ის.

არაერთი გაფრთხილების მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტი -ვლადიმირ პუტინი- უკრაინაში ჰუმანიტარული მისიის საბაბით 280 საბარგო მანქანისგან შემდგარ კოლონას აგზავნის. თუმცა, მას დასავლეთში ნდობის მანდატი უკვე ამოწურული აქვს. რუსულ კოლონას ხშირად ტროას ცხენს ადარებენ და კიევს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ნატოში კურტ უოკერი ამბობს, რომ საქართველოს გამოცდილებიდან გამომდინარე, კრემლი უკრაინაში ტაქტიკას ცვლის: რუსეთმა საქართველოში გაკვეთილი ისწავლა. უკრაინაში ჯარების შეუფარავად შეყვანის მომსწრე აღარ გავხდებით, იქ უფრო მეტად შეფარული ოპერაციები მიმდინარეობს“ - აღნიშნავს ის.

2008 წლის აგვისტოში საქართველოში განხორციელებული ღია აგრესიის მიუხედავად, დასავლეთს რუსეთის მიმართ ასეთი მწვავე რეაქცია მაშინ არ ჰქონია. მაიკლ ჩეჩირეს, საგარეო ურთიერთობათა კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსის აზრით, ამ შემთხვევაში საუბარი რამდენიმე ფაქტორზე შეიძლება.

„მტკიცე რეალობა, რომელსაც სამწუხაროდ ვერ გავექცევით, არის გეოგრაფია. საქართველო საკმაოდ შორს არის ამერიკის და ევროპისგან. მაშინ, როცა უკრაინა უფრო ევროპის ნაწილად აღიქმება... შემდეგ: უკრაინა გაცილებით დიდი ქვეყნაა, ბევრად უფრო ძლიერი არმიით... ამას გარდა, ევროპაში, ამერიკაში თუ მთელ მსოფლიოში ბევრი ფიქრობს, რომ კონფლიქტის ესკალაციაში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ტემპერამენტმა თუ ზედმეტმა აგრესიამ და ანტირუსულმა რიტორიკამაც ითამაშა გარკვეული როლი“ - ამბობს მკვლევარი.

უახლესი ისტორიის მძიმე კვალის და მოსკოვთან დასავლეთის ღია დაპირისპირების ფონზე, საქართველო ამ ეტაპზე ანტირუსული რიტორიკისგან თავს იკავებს და რუსეთთან ერთგვარი „გადატვირთვის“ პოლიტიკას აგრძელებს. რამდენად გამართლებულად შეიძლება ჩაითვალოს ეს მიდგომა?

„ვფიქრობ, ისეთი მცირე ზომის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს წინდახედული პოლიტიკაა. ვერ ვხვდები, სხვა რა უნდა გააკეთოს... 2008 წლის რიტორიკამ დიდი შედეგი ვერ გამოიღო. ერთადერთი, რა შედეგიც მაშინ მივიღეთ, იყო ის, რომ რუსეთის აგრესია გაიზარდა და მათ ძალადობის პროვოცირების მეტი საბაბი მიეცათ. ბევრი მცირე ზომის ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც ანტირუსულ პოლიტიკას მიმართავს, მაგრამ ისინი ევროკავშირის და ნატოს წევრები არიან და მათ უსაფრთხოების ისეთი გარანტიები გააჩნიათ, როგორიც საქართველოს ელემენტარულად არ აქვს... ამიტომ ეს გონივრულ პოლიტიკად მიმაჩნია“ - აღნიშნავს მაიკლ ჩეჩირე.

ექსპერტები კრემლის შემდგომი ნაბიჯების პროგნოზირებისგან თავს იკავებენ. რუსეთის სპეციალისტის, ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარის, დევიდ სატერის აზრით, რომელსაც სკაიპის მეშვეობით დავუკავშირდით, პუტინის ხელისუფლებას ამ ეტაპზე მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება აინტერესებს.

„ეს არის საგარეო პოლიტიკის მქონე ბანდა. ასე შეიძლება უფრო ზუსტად მათი დახასიათება. მათ ძალაუფლების შენარჩუნების მიღმა, სხვა არანაირი სტრატეგიული ხედვა არ გააჩნიათ“ - ამბობს ის.

იმაზე, თუ რა მოხდება უკრაინაში, დიდად არის დამოკიდებული საქართველოს მომავალიც. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ უკრაინის საზღვარზე რუსული ძალების დიდი კონცენტრაციაა და რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციის განცხადებით, საუბარია „საკმაოდ უნარიან და სრულ მზადყოფნაში“ მყოფ ძალებზე.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG