Accessibility links

logo-print

საქართველოში ფასები მცირდება


თბილისის მაღაზიების ნაწილში ფასდაკლების აქციებია

თბილისის მაღაზიების ნაწილში ფასდაკლების აქციებია

უკვე მესამე თვეა საქართველოში დეფლაციაა. ეს იმას ნიშნავს, რომ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამომხმარებლო პროდუქციის დიდი ნაწილის ფასები შემცირებულია. ზოგიერთი ეკონომისტი ამ ტენდენციაში ეკონომიკის ზრდის შენელების საფრთხეს ხედავს, თუმცა საქართველოს მთავრობა საპირისპირო პროგნოზს აკეთებს. რა იწვევს დეფლაციურ პროცესებს საქართველოში და რა შედეგები მოაქვს მას?

ბოლო სამი თვეა საქართველოში უფრო დაბალი ფასები აღინიშნება, ვიდრე ეს იყო 2011 წლის გაზაფხულზე. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიაფდა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები.

ფასების მასობრივი ზრდა წელს ნამდვილად არაფერზე არ ყოფილა, იგივე ფასების დონე არის შენარჩუნებული ან გაიაფებულია ...
ფასები შემცირდა კავშირგაბმულობის სფეროში, ჯანდაცვაში, დასვენებისა და გართობის სერვისში. ამ ქვეჯგუფების გაიაფება ვერ გადაწონა ტრანსპორტის სერვისის გაძვირებამ, რომელშიც საწვავის ფასებიც შედის. ასევე, ფასების მატებაა ფეხსაცმელსა და ტანსაცმელზე. შედეგად, აპრილის თვეში ჯამური ინფლაცია ნულს გაუტოლდა, ხოლო წლიური მაჩვენებელი მინუს ორ პროცენტზე ოდნავ მეტია. საქსტატის ხელმძღვანელის ზაზა ჭელიძის განცხადებით, საქართველოში ორპროცენტიანი დეფლაციაა:

”ფასების მასობრივი ზრდა წელს ნამდვილად არაფერზე არ ყოფილა, იგივე ფასების დონე არის შენარჩუნებული ან გაიაფებულია ის საქონელი, რომელიც შარშან გაძვირდა. აქ, პირველ რიგში, იგულისხმება სურსათი - სოფლის მეურნეობის და კვების პროდუქტები. რაც შეეხება მონაცემებს, თებერვალი იყო - 2.1, მარტი იყო - 2.2 და აპრილიც მივიღეთ - 2.1.”

ინფლაციის გრაფიკი

ინფლაციის გრაფიკი

საქსტატის ხელმძღვანელის ზაზა ჭელიძის ვარაუდით, მაისის თვეშიც იგივე ტენდენცია შენარჩუნდება.

ეკონომისტების განმარტებით, საქართველოში დეფლაცია - სამომხმარებლო ფასების წლიური კლება - ძირითადად საბაზო ეფექტით არის გამოწვეული. ანუ გასული წლის მაღალ ინფლაციას, ფასების ზრდას, ადარებენ წლევანდელ მდგომარეობას.

ექსპერტების აზრით, დეფლაციის ერთ-ერთ ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე შინამეურნეობების სამომხმარებლო ხარჯების სიმცირე, რაც მწირი შემოსავლებით და ეკონომიკური ოპტიმიზმის დეფიციტით აიხსნება. ამას ემატება ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენციაც და ვარაუდობენ, რომ დეფლაციური ტენდენციის გაგრძელებას ხელს შეუწყობს სეზონური ფაქტორიც.

ეკონომისტების ერთი ნაწილის აზრით, დეფლაცია, მართალია, სამომხმარებლო ფასების შემცირებას ნიშნავს, მაგრამ ის ეკონომიკისთვის კარგ მოვლენად ვერ ჩაითვლება. ასე ფიქრობს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტი შოთა მურღულიაც:
რაც შეეხება დეფლაციას, ის თუ გაგრძელდა, ეკონომიკურ უკუსვლას ნიშნავს და არა წინსვლას...

”ყველამ იცის, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდა მაღალ ინფლაციურ მაჩვენებელს იწვევს და უნდა მოხდეს ამის რეგულირება, რომ ინფლაცია ორნიშნა არ იყოს და ძალიან დიდი უკუშედეგი არ გამოიწვიოს. რაც შეეხება დეფლაციას, ის თუ გაგრძელდა, ეკონომიკურ უკუსვლას ნიშნავს და არა წინსვლას.”

დეფლაციის უარყოფით გავლენაზე საუბრობს სტატისტიკის სამსახურის უფროსი ზაზა ჭელიძეც:

”დეფლაცია ეკონომიკისთვის ისეთივე ცუდია თავისი გავლენით და ზიანით, როგორც მაღალი ინფლაცია...”

დეფლაციის უარყოფით შედეგთა შორის გამოყოფენ მოთხოვნის დაცემას საქონელსა და მომსახურებაზე, რადგან მყიდველები ფასების დონის შემდგომ დაწევას ელოდებიან; შესაბამისად, მცირდება კომპანიების მოგების მოცულობა. ამას მოჰყვება კომპანიების მიერ ხარჯების - მათ შორის, პერსონალის ხარჯების - შემცირება, ხელფასების დონის კლება, რაც მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტი მომჭირნეობისკენ უბიძგებს; ძვირდება ასევე მოქალქეების მიერ უკვე აღებული კრედიტების მომსახურება და ბანკები ახალი კრედიტების მოცულობას ამცირებენ.
ნიკა გილაური

ნიკა გილაური


ჯერჯერობით ასეთი პროცესები არ გამოუწვევია საქართველოში აღნიშნულ დეფლაციას. უფრო მეტიც, პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ეკონომიკის დაგეგმილზე მაღალ ზრდას ვარაუდობს. გასულ კვირაში გამართულ მთავრობის სხდომაზე ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლები იზრდება:

”ბოლო კვარტალის ანალიზმა გვაჩვენა, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდა შეგვიძლია 5%-დან 6%-ზე. ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზიც არის, თუმცა დეფლატორი მოდის 6%-დან 5%-ზე, ანუ ინფლაციის მაჩვენებელი მცირდება 6%-დან 5%-მდე.”

მთავრობის მსგავსად, დეფლაცია ჯერჯერობით არც ეროვნულ ბანკს მიაჩნია სერიოზულ საფრთხედ, თუმცა ის კიდევ აგრძელებს საპროცენტო განაკვეთის შემცირებას. ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, რომ თუ დეფლაცია გაგრძელდა, ეროვნულ ბანკს უფრო აქტიური მოქმედება მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში შეიძლება მკვეთრად დამუხრუჭდეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG