Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კვლავ მაღალ ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობენ


ცათამბჯენის მშენებლობა ბათუმში
ცათამბჯენის მშენებლობა ბათუმში
საქართველოს მთავრობაში კვლავ ვარაუდობენ, რომ ეკონომიკა 6 პროცენტზე უფრო მეტად გაიზრდება, მიუხედავად საარჩევნო ციკლის, სტიქიით მიყენებული ზარალის თუ მსოფლიო ეკონომიკური ზრდის შენელებისა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კვლევის თანახმად კი, საქართველოში ეკონომიკის ზრდა ნავარაუდევზე ნაკლები იქნება.

მიუხედავად ევროპის ეკონომიკაში არსებული სირთულეებისა, ყველა აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა ზრდას მაინც განაგრძობს, მაგრამ საგრძნობი სხვაობა შეიმჩნევა პროგნოზებს შორის. ახლახან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც საქართველოს ეკონომიკის 5.5 პროცენტიან მატებაზეა საუბარი. ეს მაშინ, როდესაც, ამ კვლევის თანახმად, ცენტრალური ევროპის ქვეყნების ზრდის მაჩვენებელი 2 პროცენტსაც არ შეადგენს. ეკონომიკის მეცნიერებათა პროფესორმა ლადო პაპავამ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზი არც ისეთი ოპტიმისტურია, როგორც საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობდა:
პრეზიდენტის შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა უნდა იყოს 8%, მაშინ როდესაც EBRD-ის პროგნოზი შედარებით მოკრძალებულია - 5,5 % ...
ლადო პაპავა

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზი განსხვავებულია, ვიდრე ამ პროგნოზს აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობა. პრეზიდენტის შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა უნდა იყოს 8%, მაშინ როდესაც EBRD-ის პროგნოზი შედარებით მოკრძალებულია - 5,5 %. თუმცა იმის ფონზე, რაც დღეს არის ევროზონაში, ხუთ-ნახევარი პროცენტი საკმაოდ მაღალია.“

ლადო პაპავა ვარაუდობს, რომ წლის მეორე ნახევარში საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებელი შეიძლება შემცირდეს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კი საპირისპირო პროგნოზებს აკეთებენ. ჯერ კიდევ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კვლევის შედეგების გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ასეთი რამ განაცხადა:

„პირველ კვარტალში 7 პროცენტიანი ზრდა ნიშნავს იმას, რომ წლის დამლევს შეიძლება გვქონდეს, მინიმუმ, ეკონომიკური ზრდის 8% - ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოში. ევროპაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი, რა მოგვცა ჩვენმა რეფორმებმა.“
აპრილში, წინასწარი შეფასებებით, ზრდამ შეადგინა 6.8 პროცენტი, მაისში ზრდამ შეადგინა 8.4 პროცენტი, ივნისში კი - 8.9 პროცენტი ...
ზაზა ჭელიძე

მიხეილ სააკაშვილის მიერ ნახსენები პროგნოზი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან გამომდინარეობს. ეს სამსახური ყოველთვიურად და ყოველკვარტალურად აქვეყნებს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მონაცემებს და შეფასებებს. საქსტატის ხელმძღვანელის ზაზა ჭელიძის განცხადებით, 2012 წლის პირველი ნახევარი ნავარაუდევზე უფრო მაღალი ზრდით ხასიათდება:

”ჩვენ პირველი კვარტალის მონაცემები უკვე დავთვალეთ და გამოვაქვეყნეთ და პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 6.8 პროცენტი. მეორე კვარტალის მონაცემები გვაქვს წინასწარი შეფასებების მიხედვით. აპრილში, წინასწარი შეფასებებით, ზრდამ შეადგინა 6.8 პროცენტი, მაისში ზრდამ შეადგინა 8.4 პროცენტი, ივნისში კი - 8.9 პროცენტი. შესაბამისად, მეორე კვარტალის ზრდის მაჩვენებელმა შეადგინა 8.1 პროცენტი.”

ზაზა ჭელიძის უწყების მონაცემებზე დაყდნობით, საქართველოს მთავრობაში გამოითქმის იმედი, რომ წლის ბოლოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი დაგეგმილზე მაღალი იქნება. ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის აზრით, 2012 წლის პირველ ნახევარში, გლობალურ ეკონომიკაში არსებული გამოწვევის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკის მწარმოებლურობა განსაკუთრებით გაიზარდა. მინისტრი იმედოვნებს, რომ ” 2012 წლის რეალური ზრდა არსებულ 6%-იან პროგნოზზე (2012 წლის ბიუჯეტის მიხედვით) მეტი იქნება".
XS
SM
MD
LG