Accessibility links

logo-print
27 აგვისტოს სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასში” არჩევნების პორტალის განახლებული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა. საარჩევნოდ შექმნილ პორტალს, რომლის ელექტრონული მისამართია www.electionportal.ge, 2008 წლის შემდეგ ჩატარებული თითოეული არჩევნების შედეგები და ინტერაქციული რუკებიც დაემატა, რომლებიც რეგიონებს, საარჩევნო ოლქებსა და უბნებს მოიცავს. არჩევნების პორტალი დაინტერესებულ ადამიანებს 2006 წლიდან დღემდე ამომრჩეველთა სიის ანალიზსაც სთავაზობს. არჩევნების პორტალის განახლებისა და ინფორმაციით შევსების პარალელურად ფინალისკენ მიდის ამომრჩეველთა სიების საბოლოოდ დაზუსტების პროცესიც - ამ პროცესში, სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიის გარდა, როგორც ცნობილია, პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც არიან ჩართული.

არჩევნების პორტალზე, რომლის პრეზენტაციაც დაახლოებით ერთი თვის წინ გაიმართა, ინტერაქციული რუკების მეშვეობით შესაძლებელი გახდა ამა თუ იმ საარჩევნო უბანს ვესტუმროთ და ვნახოთ, მაგალითად, კონკრეტულ დროში რამდენი ამომრჩეველი აძლევდა ხმას, მერე კი მარტივი არითმეტიკით დავასკვნათ, რომ ხმის მიცემის პროცესში რაღაც წესრიგში არ იყო:

”ცნობილია, რომ უბანზე სამი ამომრჩეველი წუთში - ეს არის ხმის მიცემის მისაღები და რეალური სიჩქარე, მაგრამ როცა რვა ამომრჩეველი აძლევს წუთში ხმას, რისი დაფიქსირებაც ჩვენს საიტზე მარტივადაა შესაძლებელი, ეს უკვე ეჭვს აჩენს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის და ამ პროცესს ყურადღება უნდა მიექცეს”, - ამბობს არჩევნების პორტალის კოორდინატორი, ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED)“ წარმომადგენელი მიხეილ ბენიძე. მისი აზრით, საიტზე წარმოდგენილი გასული არჩევნების შედეგები - ასევე 2006 წლიდან დღემდე ამომჩეველთა სიის ანალიზი - საინტერესო დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. არჩევნების პორტალი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ყველა სახის - მათ შორის, სიებთან დაკავშირებული - ინფორმაციის მიღებას განაგრძობს. სიების დაზუსტების ჯერ კიდევ დაუსრულებელი პროცესი აქტუალურია პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორისათვის, რომლებიც ამ პროცესში სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის პარალელურად არიან ჩართულნი.
მთავარი პრობლემა - გაცხრილულიყო ამომრჩეველთა სია - მაინც ვერ მოგვარდა. კარგია, რომ უფრო მეტი აღნიშვნაა სიაზე და ჩანს, ვინ არის ქვეყნიდან გასული, შიდა მიგრაცია როგორია ...

საარჩევნო სიას, რომლის შესწორებაც ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაინც ბევრი ხარვეზი აქვს, ფიქრობს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი:

”მთავარი პრობლემა - გაცხრილულიყო ამომრჩეველთა სია - მაინც ვერ მოგვარდა. კარგია, რომ უფრო მეტი აღნიშვნაა სიაზე და ჩანს, ვინ არის ქვეყნიდან გასული, შიდა მიგრაცია როგორია, თუმცა ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ სიის ხელოვნურად გაზრდის პრობლემა ვერ გადაიჭრა.”

სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელი მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ სიები, 27 აგვისტოს მონაცემებით, კვლავაც ზუსტდება. განცხადებების მიღების თარიღი 1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე განისაზღვრა, დღემდე კი კომისიამ მხოლოდ ”ქართული ოცნებისგან” 56 000 განცხადება მიიღო. დასრულებულია სიების დაზუსტების მხოლოდ პირველი, პირველ აგვისტომდე განსაზღვრული ეტაპი, რომლის ფარგლებშიც „კარდაკარის“ მეშვეობით ამომრჩეველთა დაზუსტებული სიის განახლებული ვერსია შეიქმნა. ეს იყო მეთოდი „სიიდან ამომრჩევლამდე“. დღეს სიების დაზუსტების მეორე მეთოდი ამოქმედდა - „ამომრჩევლიდან სიამდე“, რაც იმას ნიშნავს, რომ სიები ცნობილია და ყველას შეუძლია ცესკოს საიტზე საკუთარი თავი სიაში გადაამოწმოს.

კაციტაძის განცხადებით, ”ქართული ოცნებიდან” შესული მონაცემების 45% კომისიამ უკვე გადაამოწმა და მათგან მონაცემების 82% ერთმანეთს დაემთხვა, დარჩენილი 18%-ის გადამოწმება კი ახლა მიმდინარეობს:

”ჩვენი კომისია ყველა ამ ინფორმაციის შეჯერების შემდეგ საბოლოო სიას 15 სექტემბრისათვის გამოაქვეყნებს.”
თამამად შეიძლება ითქვას, რომ 189 000 მიწერილი ამომრჩეველი ხელოვნურად დატოვეს სიაში. მიწერილი ამომრჩეველი კი ნიშნავს ისეთ ამომრჩეველს, რომელიც რეგისტრირებულია მისამართზე მესაკუთრის თანხმობის გარეშე ...

მუშაობას განაგრძობენ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიები. ”ქართული ოცნების” „კარდაკარის“ ჯგუფის ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი განგვიმარტავს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის მიერ შემოწმებული სიები მათ 23 აგვისტოს გადასცა. ახლა ”ქართული ოცნება” თავად ამოწმებს იმავე სიას და ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ამიტომ ზაქარია ქუცნაშვილს დღეს უჭირს შეაფასოს, არის თუ არა დიდი განსხვავება ორი „კარდაკარის“ შედეგებს შორის. ზოგადად კი, საარჩევნო სიის სრულყოფაზე საუბრისას ქუცნაშვილი იხსენებს პარლამენტის ერთი თვის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მიწერილ ამომრჩევლებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება შეუნარჩუნდათ:

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ 189 000 მიწერილი ამომრჩეველი ხელოვნურად დატოვეს სიაში. მიწერილი ამომრჩეველი კი ნიშნავს ისეთ ამომრჩეველს, რომელიც რეგისტრირებულია მისამართზე მესაკუთრის თანხმობის გარეშე. დიდი ალბათობით, ესენი არიან გამყალბებლები, ფიქტიური ამომრჩევლები, რომლებსაც უმზადებენ ყალბ პირადობის მოწმობებს, მაგრამ ასეთი მოწმობის დამზადებას აზრი არა აქვს, თუ პიროვნება სიაში არ არის შეყვანილი და სწორედ ამიტომ შეიტანეს კანონში ცვლილება და მისცეს ამ ხალხს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება.”

შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ პროცესების პარალელურად არასამთავრობო ორგანიზაცია „ამომრჩეველთა ლიგამ“, თავის მხრივ, „კარდაკარის“ შემდეგ დაუდგენელ პირთა დადგენის კამპანია ”სად ცხოვრობ შენ” წამოიწყო. „ამომრჩეველთა ლიგის“ „კარდაკარის“ (რომელიც მათ თბილისსა და ზუგდიდში ჩაატარეს) შედეგები, განსაკუთრებით უცხოეთში წასული მოქალაქეების რაოდენობის თვალსაზრისით, მკვეთრად განსხვავდება ცესკოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული მონაცემებისგან. თუ სახელმწიფო კომისიის გადამოწმებული სიით, საქართველოდან გასულია 300 000 ადამიანი, „ამომრჩეველთა ლიგა“ აცხადებს, რომ ეს რიცხვი მათ მონაცემს 4-ჯერ ჩამორჩება.
თუმცა მამუკა კაციტაძე „ამომრჩეველთა ლიგის“ მონაცემებს, რომელიც მათ საიტზეც დაიდო, ეჭვქვეშ აყენებს, რადგან, მისი თქმით, სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიას არანაირი ოფიციალური დოკუმენტი - დადასტურებული მონაცემი - ”ამომრჩეველთა ლიგისგან” არ მიუღია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG