Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 29 ოქტომბერი


დღევანდელი პრესა აშუქებს 28 ოქტომბერს გამართულ პრემიერ-მინისტრისა და ახალარჩეული პრეზიდენტის პრესკონფერენციას. „რეზონანსი“ წერს: „რა პრიორიტეტები ექნება ახლა პრეზიდენტს და იქნება თუ არა ისეთი დამყოლი, როგორც აქამდე ჩანდა, ძალიან კარგად გამოჩნდა ივანიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც მარგველაშვილმა უცხოელ ჟურნალისტს საკმაოდ მკაფიოდ გაუსწორა, რომ რუსებს საზღვარი საქართველოს ტერიტორიაზე არ გადმოუწევიათ, რადგან ეს მთლიანად საქართველოს ტერიტორიაა, და მათ ოკუპაციის ხაზი გადმოსწიეს“.

„24 საათიც“ აშუქებს გუშინდელ პრესკონფერენციას სტატიით, რომლის სათაურია „ბაქრაძის 21 პროცენტი - სიურპრიზი ივანიშვილისთვის“: „პრემიერის აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის პროცენტი იმაზე მიუთითებს, რომ საზოგადოებას პოლიტიკური სიმწიფე აკლია და ამიტომ ივანიშვილი აპირებს საზოგადოებას სწორი ანალიზის გაკეთებაში დაეხმაროს“.

„ახალი თაობა“ კითხულობს: „რატომ არ ჩატარდა თუშეთში საპრეზიდენტო არჩევნები?“. სტატიაში წაიკითხავთ: „ახმეტის მე-18 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მინდია იუკურიძის განცხადებით, თუშეთში სულ 108 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათი ნაწილი საქართველოში არ იმყოფება, ნაწილმა კი, რომლებიც თუშეთში არიან, ხმა უგზოობის გამო ვერ მისცეს. როგორც იუკურიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, უამინდობის გამო თუშეთში ასვლა და გადასატანი ყუთის 19 საათამდე უკან დაბრუნება ვერ მოესწრებოდა“, - წერს „ახალი თაობა“.

„ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში არჩევნების შედეგებზე, განსაკუთრებით კი, „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის მეორე ადგილზე გასვლის შესახებ ლაპარაკობს ნანა კაკაბაძე: „საზოგადოებამ ზუსტად უნდა იცოდეს, რა მეთოდებით გახდა ის მეორე ძალა. საზოგადოებამ ჩემ გარეშეც ძალიან კარგად იცის, როგორი მეთოდებით მოხდა ეს, რომ ეს იყო ხელისუფლების და დასავლეთის დაკვეთა, მაგრამ ამის აღსრულება რა მეთოდით მოხდა, ესეც ძალიან კარგად უნდა იცოდეს საზოგადოებამ“.

„აი, რატომ გაპარულან სააკაშვილი და უგულავა პარიზში...“ - ამ სათაურს „ალიას“ პირველ გვერდზე ნახავთ. ეს ინტერვიუა საფრანგეთში მცხოვრებ გიორგი ფოფხაძესთან, რომელიც ირწმუნება, რომ „სააკაშვილი და უგულავა პარიზში არიან, კეზერაშვილის ადვოკატთან, რომ „კეზერამ“ პირი არ გააღოს და არ ალაპარაკდეს. სააკაშვილი იმდენად „ვრედნია“, შესაძლებლად მიმაჩნია, ბრიუსელშიც ჩამოვიდეს და შეხვდეს თავის ლობისტებს. ესენი ახლა დასხდებიან და ერთად დაგეგმავენ რაიმე პროვოკაციას“.

„ალიას“ არჩევნების შედეგებზე ეუბნება შალვა ნათელაშვილი: „ხალხმა ჩვენ ხმა მოგვცა, მაგრამ გაგვიყალბეს შედეგები. ამას არ ვაპატიებთ არც „ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“. მწარედ ვანანებ და გავუმწარებ სიცოცხლეს ორივე პოლიტიკურ ძალას“. არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით „ძალიან დიდ კითხვის ნიშნებზე“ ლაპარაკობს „სახალხო კრების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ნინო ბურჯანაძის თანამებრძოლი გია ბურჯანაძე.

„რეზონანსის“ ბიზნესის განყოფილებაში წაიკითხავთ სტატიას - „აზერბაიჯანელი და სომეხი მესაქონლეები საქართველოს ტერიტორიებს იკავებენ“. „აზერბაიჯანელი და სომეხი მესაქონლეები საქართველოს ტერიტორიებს იკავებენ. დავით-გარეჯსა და ნინოწმინდაში ქართული ცხვარი აზერბაიჯანულმა და სომხურმა ცხვარმა ჩაანაცვლა, ცხვრებს მწყემსები მოჰყვებიან, მწყემსებს - ოჯახები და ქართული ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე უფრო თვალშისაცემი ხდება. საქართველოს კი მიწათმოწყობის სამსახურიც აღარ აქვს, კონკრეტული რაიონებისა და სოფლების საზღვრები რომ დაადგინოს“, - წერს „ბიზნეს-რეზონანსი“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG