Accessibility links

logo-print
„რეზონანსი“ წერს, რომ 5 თებერვალს ახალგორელების ნაწილი წეროვანში, ახალგორის გამგეობის წინ, გეგმავს აქციის გამართვას. ავტორი განმარტავს, რომ ეს ის ახალგორელები არიან, ვინც ომის შემდეგაც მუდმივად ახალგორში ცხოვრობს. ერთ-ერთს „რეზონანსისთვის“ უთქვამს: „ყველა წამოვალთ! დღეს ყველა ერთიმეორეს ეკითხებოდა - აბა, ხომ წამოხვალ. გამგეობასთან შევიკრიბებით. არც კოტეჯი მოგვცეს, არც კომპენსაცია და ზოგიერთს დევნილის სტატუსიც კი არ აქვს. 800-ზე მეტი ადამიანი ასე რომ დაგვტოვეს, ჩვენ ხალხი არ ვართ?! თვითონ, გამგეობის ხალხმა, დაინაწილეს და თავიანთებს დაუნაწილეს ყველაფერი და ჩვენ - არაფერი?! მანდ ყველა, ვინც კოტეჯები და კომპენსაცია გასცა, დასაჭერია!“.

„რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ე.წ. „მუხროვანის ამბოხის“ საქმეზეც ლაპარაკობს: „დიახ, ეს ყველაფერი დადგმული იყო. ვინც ამბობს, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება იყო, ამის ერთი ფაქტი მოიყვანონ. რეალობა ისაა, რომ სააკაშვილს ოპოზიციის წინააღმდეგ ჯარის გამოყვანა უნდოდა, რაზეც ჯარისკაცებმა, უფრო სწორად, რამდენიმე ოფიცერმა უარი განაცხადა. უკანონო დავალებაზე უარის თქმა ამბოხებად ჩაითვალა“, - ეუბნება ეკა ბესელია „რეზონანსს“.

ამავე თემაზე გენერალ კობა კობალაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს „საქართველოს რესპუბლიკა“. ის ამბობს: „სპეცოპერაცია მზადდებოდა იანვრის თვიდან. ხელისუფლება აწარმოებდა ოფიცრების ჩაწერას, თვალთვალს. ეს ქმედება შეიცავდა დანაშაულის წახალისების მომენტებს. რაც იქ დავინახეთ, ეს არის ისტერია და ქაოსი, მეტი არაფერი. ახლა გვამადლიან, თურმე სახელმწიფომ იზრუნა იმაზე, რომ ერთი გარდაიცვალა და ორი დაიჭრაო. რეალობა კი ისაა, რომ მათი ხელით სამივე იყო გარდაცვლილი. უბრალოდ, ღმერთის მადლით, გადარჩა ამირიძე და ოთანაძე. 12 ტყვია ერთს აქვს მოხვედრილი და 9 მეორეს და ესენი ამბობენ, რომ სახელმწიფომ იზრუნა მათზე, რომ არ გარდაცვლილიყვნენ?!“.

საფრანგეთში დავით კეზერაშვილის პატიმრობიდან გაშვების ფაქტს ეხმაურება „ალია“. ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილს გაზეთისთვის უთქვამს: „დასავლეთში მიღებულია პრაქტიკა, რომ წინასწარი გამოძიების დროს, გამონაკლისის სახით, იყენებენ პატიმრობას, აღმკვეთი ღონისძიების სახით, და ისიც გასაკვირი იყო, რომ აქამდე გამოყენებული იყო კეზერაშვილის მიმართ პატიმრობა. როგორც წესი, გირაოს უფარდებენ. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ მყარი მტკიცებულება ვერ წარადგინა და საფრანგეთის სასამართლომ ის გაათავისუფლა. გადმოსცემენ თუ არა საქართველოს, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად უტყუარი მტკიცებულებები აქვს მის დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით ქართულ მხარეს. ამის დამტკიცება არ უნდა იყოს რთული, თუკი საქართველოს პროკურატურა ამ საკითხს პროფესიულად მიუდგება“.

შალვა ნათელაშვილთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს „ახალი თაობა“: „ადრე ვიცოდით მაინც, ვინ იყო პასუხისმგებელი ქვეყანაზე ავად თუ კარგად - გიჟი იყო თუ ჭკვიანი, მტაცებელი იყო თუ არამტაცებელი, ვიცოდით. ახლა ეგეც აღარ ვიცით, ვის უნდა მოვთხოვოთ ქვეყანაზე პასუხი. ის, ვინც ქვეყნის ბედს წყვეტს, ბოტანიკურ ბაღშია, განმარტოებულია და არ ჩანს. ყოველ შემთხვევაში, იურიდიული პროცედურით პასუხისმგებლობა არ ეკისრება“.
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ გენერალური მდივანი „ახალ თაობას“ უცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება: „სააკაშვილი ამბობდა, ჩვენ რაიონებს მაჟორიტარების გარეშე ვერ დავტოვებთო. ახლა გამოდის ძიძიგური და იძახის, ჩვენ სოფლებს დეპუტატების გარეშე ვერ დავტოვებთო. რიტორიკა იგივე გახლავთ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ კუბლაშვილის დაწერილი საარჩევნო კანონი დარჩა ძალაში. აი, ასე ვხვდებით თვითმმართველობის არჩევნებს. ოცნების ასეთი სიჯიუტე ერთ რამეზე მიუთითებს: ისინი არჩევნების გაყალბებისთვის ემზადებიან“.
XS
SM
MD
LG