Accessibility links

31 მაისს თბილისში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ მომზადებული ერთობლივი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ანგარიშის თანახმად, არასათანადო მოპყრობა საქართველოს ციხეების მთავარ გამოწვევად რჩება. აღმოსავლეთ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ”ღია საზოგადოება - საქართველოს” მხარდაჭერით ჩატარებულმა ერთობლივმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ ყველაზე მძიმე ვითარება, არასათანადო მოპყრობის თვალსაზრისით, გლდანის მე-8, ქსნის მე-15 და მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა მე-18 სამკურნალო დაწესებულებებშია.

აღმოსავლეთ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებს სახალხო დამცველის აპარატისა და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლები 2011 წლის ზაფხულსა და ზამთარში აკვირდებოდნენ. მონიტორინგს კონკრეტული მიზანი ჰქონდა - გაერკვიათ, რამდენად ხშირი იყო ციხეებში არასათანადო მოპყრობის ფაქტები, რომელთა შესახებ ანონიმურად არაერთი პატიმარი ლაპარაკობს და რაც არაერთხელ ჩაიწერა კიდეც სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშში. სახალხო დამცველის ოფისის აპარატისა და საიას დასკვნაში ამჯერადაც ვკითხულობთ, რომ არასათანადო მოპყრობა ციხეებში დღემდე გადაუჭრელი პრობლემაა.

მკაფიო მაგალითია გლდანის მე-8 დაწესებულება, სადაც პატიმრები ზაფხულში აცხადებდნენ, რომ დღის განმავლობაში მათ არ ჰქონდათ ძილის უფლება; მიუხედავად აუტანელი სიცხისა, არ ჰქონდათ საკანში მაისურის გახდის უფლება, ეკრძალებოდათ მოესმინათ რადიო საშუალო ხმაზე მაინც და ეთამაშათ ნარდი ისე, რომ კამათელი ხის დაფაზე გაეგორებინათ, რადგან ეს, ადმინისტრაციის აზრით, ხმაურს იწვევდა. ამ წესების დარღვევის შემთხვევაში პატიმრებს ან სცემდნენ, ან დაწესებულების კარანტინში გადაჰყავდათ. რაც მთავარია, მერვე დაწესებულებაში მოქმედებს ე.წ. საჯარო დასჯის მეთოდი - აშავებს ერთი პატიმარი, ისჯება მთელი საკანი. ეს ის საკითხებია, რომლის მოგვარებასაც შესაბამისი უწყების კეთილი ნება სჭირდება და არა რეფორმა, ამბობს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნათია იმნაძე:
გლდანში არასათანადო პირობებში ყოფნა აუცილებლად უბიძგებს ამ ადამიანებს აღიარებითი ჩვენებებისკენ ...

”მხოლოდ სასჯელაღსრულების სამინისტროს ნებაზეა დამოკიდებული, მინისტრის თუ დეპარტამენტის უფროსის სურვილზე, არასათანადო მოპყრობა ციხეებში აღმოიფხვრას. ეს არის ძალიან ადვილი. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ მთავარი არის პროკურატურის პასუხი ჩვენს მიმართვებზე, არის მეორე მომენტიც - როდესაც სახალხო დამცველი პირდაპირ ასახელებს იმ ჩინოვნიკებს, რომლებიც არაერთხელ იყვნენ შემჩნეული არასათანადო მოპყრობაში, ელემენტარულად მათგან უნდა გათავისუფლდეს დეპარტამენტი. ეს იქნებოდა ყველაზე ადეკვატური პასუხი ჩვენს ანგარიშებზე.”

აღსანიშნავია, რომ გლდანის მერვე დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრები თავს იკავებენ წერილობით დაადასტურონ არაადამიანური მოპყრობის ის ფაქტები, რომლებზეც პირად საუბარში ღიად ლაპარაკობენ და ადმინისტრაციის მოძალადე თანამშრომლებსაც ასახელებენ. საიას თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი გლდანის დაწესებულებას იმ ნიშნითაც გამოყოფს, რომ იქ მოთავსებულები არიან ბრალდებულები, რომელთა მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია:

თამარ ჩუგოშვილი

თამარ ჩუგოშვილი

”გლდანში არასათანადო პირობებში ყოფნა აუცილებლად უბიძგებს ამ ადამიანებს აღიარებითი ჩვენებებისკენ. საერთო ჯამში კი, სისხლის მართლმსაჯულებისთვის ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. რადგან ვიცით, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით პრობლემები გვაქვს, შესაბამისად, ადამიანებს არა აქვთ იმედი, რომ სასამართლოში შეძლებენ საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას, და თუ ამას ემატება არაადამიანური მოპყრობა სწორედ ამ წინასწარი ორი თვის განმავლობაში, ცხადია, ეს პირობები წაახალისებს მათ გააკეთონ აღიარებითი ჩვენებები და ეს არ არის კარგი.”

როგორც სახალხო დამცველის აპარატი, ისე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, მთავარ რეკომენდაციად პროკურატურის მისამართით არასათანადო მოპყრობის ფაქტების დაუყოვნებლივ გამოძიებას ასახელებს:

”თუ არ ისჯებიან ის ადამიანები, ვისაც პატიმარი ხელს ადებს, ადამიანები აღარ საუბრობენ იმაზე, რომ ისინი საერთოდ გახდნენ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლნი. და რაც მთავარია, უკვე წლებია ასეა - ან ძალიან ჭიანურდება გამოძიება, ან სრულდება უშედეგოდ და არავინ ისჯება”, - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

მაგალითად, #1 დაწესებულებას მოემატა რამდენიმე ათეული ადგილი, ანუ ფართი კი არ გაიზარდა, უბრალოდ, დაკანონდა, რომ ამდენი ადგილი არის ნორმალური ...
სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურატურას არაერთხელ მიმართა წერილით, რომელშიც ითხოვდა ინფორმაციას იმ საჯარო მოხელეების შესახებ, რომლებიც კონკრეტული დანაშაულისათვის დაისაჯნენ - იქნებოდა ეს არაადამიანური მოპყრობა, წამების მუქარა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება თუ სხვა. სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ პროკურატურიდან მიღებული პასუხებიდან შეუძლებელია იმის გარკვევა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ პირთაგან რამდენი იყო საჯარო მოხელე; შეუძლებელია იმის განსაზღვრაც, ეს მოხელე პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო დაისაჯა თუ სხვა სამსახურებრივი გადაცდომისათვის. რადგან რეაგირებას ვერ ხედავს, პატიმართა უმრავლესობაც ლაპარაკს ერიდება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არასათანადო მოპყრობის ფაქტები შემცირებულია, ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

არასათანადო მოპყრობის ფაქტების გარდა, ანგარიშში აისახა ციხეებში არსებული ვითარება საკნების გადატვირთულობის, საყოფაცხოვრებო პირობების თვალსაზრისით. 2011 წლის განმავლობაში, მაგალითად, თბილისის #1 და რუსთავის #17 დაწესებულებებში საკუთარი საწოლიც კი არ ჰქონდათ. ნათია იმნაძეს საგანგაშოდ მიაჩნია ისედაც გადავსებულ ციხეებში ე.წ. ლიმიტის გაზრდის ფაქტიც:

”მაგალითად, #1 დაწესებულებას მოემატა რამდენიმე ათეული ადგილი, ანუ ფართი კი არ გაიზარდა, უბრალოდ, დაკანონდა, რომ ამდენი ადგილი არის ნორმალური - ეს მაშინ, როცა იქ ისედაც არსებობდა გადატვირთულობის პრობლემა.”

ეს კი თავისთავად ქმნის მთელ ჯაჭვს პრობლემებისა, რომლებიც უკავშირდება სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს, პატიმართა ქცევას, მათდამი მოპყრობას და ა.შ. რაც შეეხება წმინდა საყოფაცხოვრებო პირობებს, ახლად გარემონტებულ დაწესებულებებში ეს პრობლემა ნაწილობრივ მოგვარებულია, ამბობს ნათია იმნაძე, თუმცა იქ არსებული ვითარება ძალიან შორს არის ევროპული სტანდარტებისაგან.

შედარებით ხელმისაწვდომი გახდა პატიმრებისათვის სამედიცინო მომსახურება, რაც იმას გულისხმობს, რომ, წინა წლებთან შედარებით, მეტი პატიმარი გადაჰყავთ სამედიცინო დაწესებულებებში, თუმცა ამ მხრივაც ვითარება დამაკმაყოფილებელიც კი ვერ არის. სახალხო დამცველისა და საიას ერთობლივი ანგარიშის მთავარი რეკომენდაციები ყველა ჩამოთვლილ საკითხს ეხება. არ შეცვლილან ანგარიშის ავტორების ადრესატები - საქართველოს მთავარი პროკურატურა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი და კონკრეტული ციხეების ადმინისტრაციები.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG