Accessibility links

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უკანონოდ დამონტაჟებული ფარული მოსასმენი და ვიდეოჩამწერი აპარატურის აღმოჩენის შესახებ. სამინისტროს ინფორმაციით, აუდიო და ვიდეოკონტროლი შეიძლებოდა დისტანციურადაც განხორციელებულიყო. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, უკვე მოხდა უკანონო მიყურადების მოწყობილობების დემონტაჟი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში - მათ შორის, თბილისის №8 და №9 , ბათუმის №3, ქუთაისის №2, გეგუთის №14 და ზუგდიდის №4 დაწესებულებაში - 2006-2010 წლებში, შენობების მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოების ჩატარების დროს, უკანონოდ დამონტაჟდა ფარული მოსასმენი და ვიდეოჩამწერი აპარატურა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ნინო გიორგობიანის თქმით, ირკვევა, რომ დანაშაული სისტემური ხასიათის იყო:

”შესაბამისად, დანაშაული სისტემურად ორგანიზებულ ხასიათს ატარებდა.
დაწესებულებებში ჩატარებული ჩხრეკისა და დათვალიერების პროცესში, უკანონოდ დამონტაჟებული ფარული მოსასმენი და ვიდეოჩამწერი აპარატურის გარდა, გამომძიებლებმა მიაკვლიეს სპეციალურ სათავსოს, ე.წ. "პულტების ოთახს", რომელიც აღჭურვილი იყო მონაცემთა გაცვლისათვის საჭირო სპეციალური ტექნიკით, რაც საშუალებას იძლეოდა ვიდეო და აუდიოკონტროლი დისტანციურად განხორციელებულიყო”.
სერვერზე შეიძლება არ მოეწოდებოდათ ეს ინფორმაცია, ანუ არავინ ისმენდა და არ ახორციელებდა ამის გადაღებას, მაგრამ თვითონ ამ ტექნიკის არსებობის გამო ვიღაცა ბოროტ და არაკეთილსინდისიერ ადამიანს შეიძლება ყოველთვის ჰქონდეს ცდუნება ...

აღნიშნულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეს შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო იძიებს. როგორც სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილე გიგა გიორგაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, უკანონო ფარული აუდიო და ვიდეოჩამწერი მოწყობილობები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავად სასჯელაღსრულების სამინისტროს სერვერებთან იყო დაკავშირებული, უკანონო სათვალთვალო მოწყობილობები დამონტაჟებული იყო როგორც პატიმართა საკნებში, ასევე ადვოკატებისა და კლიენტების შეხვედრის ოთახებში. გიგა გიორგაძის სიტყვებით, უკანონო თვალთვალი პოლიტიკური მიზნებით ხორციელდებოდა. გიგა გიორგაძე ამბობს, რომ უკანონო თვალთვალის მოწყობილობები სერვერებიდან სამინისტროს წინა ადმინისტრაციის დროს ჩაიხსნა, თუმცა ამჟამად მისი სრული დემონტაჟი განხორციელდა, რათა კიდევ არ გაჩნდეს მისით სარგებლობის ცდუნება:

”სერვერზე შეიძლება არ მოეწოდებოდათ ეს ინფორმაცია, ანუ არავინ ისმენდა და არ ახორციელებდა ამის გადაღებას, მაგრამ თვითონ ამ ტექნიკის არსებობის გამო ვიღაცა ბოროტ და არაკეთილსინდისიერ ადამიანს შეიძლება ყოველთვის ჰქონდეს ცდუნება, რომ ეს ისევ მიუერთოს და ამიტომ, ეს რომ გამოირიცხოს, ჩვენ სადაც აღმოვაჩინეთ, საერთოდ ამოვიღეთ ეს აპარატურა, რომ არავის არ გაუჩნდეს ამის სურვილი არც ერთ დონეზე”.

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის გიგა გიორგაძის სიტყვებით, არსებობს უკანონო ფარული ჩამწერი მოწყობილობების მიერ აღბეჭდილი კადრებიც, თუმცა მათ შინაარსზე მინისტრის მოადგილე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ საუბრობს. იმას, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში შესაძლოა არსებულიყო ფარული მიყურადების საშუალებები, ადასტურებს სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი, ამჟამად ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარე, გიორგი ტუღუში. მისი თქმით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან პირველი შეხვედრისას გაიცა ბრძანება, რომ ყველა უკანონო მიყურადების და თვალთვალის მოწყობილობა ჩახსნილიყო და სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ეტაპობრივად ახორციელებდა კიდეც უკანონო მოსასმენი აპარატურის დემონტაჟს:
საზოგადოებისთვის, ვფიქრობ, არაფერი ახალი არ არის. ამის შესახებ არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია და ჩემთვის რაიმე მოულოდნელობა და ისეთი ფაქტი არ არის ჩემთვის, რომელმაც შეიძლება გაგვაოცოს ...

”ვინმეს თუ ჰგონია, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში არც ერთი სათვალთვალო კამერა არ უნდა არსებობდეს, ეს არის მცდარი, იქიდან გამომდინარე, რომ კანონი ითვალისწინებს სხვადასხვა მოწყობილობების არსებობას, თუმცა ისევ და ისევ ნორმების დაცვით. ეს მოწყობილობები დგას როგორც დაწესებულებების საერთო ნაწილებში, ასევე თვალთვალი შეიძლება განხორციელდეს საკანშიც, ოღონდ ამაზე პატიმარი უნდა იყოს ინფორმირებული. თუ ფარულად ხორციელდება თვალთვალი და მიყურადება, ამაზე უნდა არსებობდეს სასამართლოს შესაბამისი ბრძანება. მე არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული აპარატურა დაწესებულებებში იქნა აღმოჩენილი, რომელიც არ ფუნქციონირებდა, თუმცა ჩემი მინისტრობის პერიოდში დეპარტამენტს ჩემგან ჰქონდა მიღებული მითითება, რომ ყველა უკანონო მოწყობილობა უნდა ჩახსნილიყო და მათ უნდა მოეხდინათ მათი იდენტიფიცირება და გაუქმება, რაც, სავარაუდოდ, გაკეთდა კიდეც იმ პერიოდში”.

სასჯელაღსრულების სისტემაში უკანონო მოსასმენი აპარატურის აღმოჩენა არ უკვირს სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს:

”საზოგადოებისთვის, ვფიქრობ, არაფერი ახალი არ არის. ამის შესახებ არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია და ჩემთვის რაიმე მოულოდნელობა და ისეთი ფაქტი არ არის ჩემთვის, რომელმაც შეიძლება გაგვაოცოს. ამის შესახებ გვესმოდა იგივე პატიმრების მხრიდან, თუმცა არ არსებობდა შესაბამისი ვიდეომტკიცებულებები. თუ ეს მტკიცებულებები არსებობს და ისინი უკანონოდ იქნა მოპოვებული, ამაზე უნდა მოხდეს შესაბამისი რეაგირება და დაიწყოს გამოძიება”.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG