Accessibility links

logo-print
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი რეზოლუცია კვლავაც შეახსენებს რუსეთს, რომ მას შესასრულებელი აქვს არაერთი ვალდებულება საქართველო-რუსეთის ომის შედეგების აღმოფხვრასთან მიმართებით. როგორც ცნობილია, საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციებიდან რუსეთს დღემდე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის არც ერთი რეკომენდაცია არ გაუთვალისწინებია. რა შეიძლება შეიცვალოს ამ მხრივ საქართველოს ხელისუფლების შეცვლის ფონზე?

იმაში, რაც 2 ოქტომბერს სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის სხდომაზე მოხდა, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ აგვისტოს ომის თემა პირველად აისახა ევროსაბჭოს წინაშე რუსეთის ვალდებულებათა მონიტორინგის დოკუმენტში. აქვე ვთქვათ, რომ ქვეყნის მონიტორინგის შედეგების ამსახველი რეზოლუცია რუსეთთან მიმართებით პირველად იქნა მიღებული ბოლო 7 წლის განმავლობაში და ის საკმაოდ მწვავეა ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობის შეფასების თვალსაზრისით.

რა არის ნათქვამი ამ რეზოლუციაში საქართველოსთან დაკავშირებით?

”რუსეთმა უარი უნდა თქვას ე.წ. ”პრივილეგირებულ ინტერესთა” ზონებზე; ასევე დაგმობილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული უკანონო პასპორტიზაცია და ასევე კიდევ ერთხელ არის გამოხატული შეშფოთება, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსეთმა უკანონოდ გახსნა საარჩევნო უბნები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მოლდავეთის დნესტრისპირეთში”, - აქცენტები, რომლებიც საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ევროსაბჭოში მამუკა ჟღენტმა ჩამოთვალა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, 2 ოქტომბერს მიღებული რეზოლუციის რამდენიმე პარაგრაფში ქართული მხარის ძალისხმევით შევიდა და, როგორც ელჩი ამბობს, რუსეთის მხარის საკმაოდ დიდი გაღიზიანებაც გამოიწვია.
მსგავსი რეზოლუციები ემსახურება საერთაშორისო დიპლომატიური ფონის შექმნას, რაც, საბოლოოდ, აიძულებს რუსეთის ფედერაციას გადადგას ეს ნაბიჯები... საბოლოო ჯამში, რუსეთს მოუწევს საქართველოსთან დალაპარაკება, მაგრამ მეორე საკითხია - რისთვის იქნებიან ისინი მზად. ეს მაშინ გამოჩნდება, როცა ცოტა მეტი ინფორმაცია გვექნება...

უკვე ჩამოთვლილი ასპექტების გარდა, 2 ოქტომბერს დამტკიცებული რეზოლუცია რუსეთს 2008-2009 წლებში მიღებული სამი მეტად მწვავე რეზოლუციის მოთხოვნათა შესრულებასაც შეახსენებს, რაც მოიცავს საქართველოსთვის პრინციპულ არაერთ მოწოდებას რუსეთის მისამართით, იქნება ეს: ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო არმიის გაყვანა, დევნილების ღირსეული დაბრუნების ხელშეწყობა თუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმება.

თუკი საქართველო-რუსეთის ომთან დაკავშირებული საკითხები, პრობლემები და რეკომენდაციები მანამდე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ცალკე მიღებულ რეზოლუციებში იყრიდა თავს, 2011 წლის იანვარში გადაწყდა, რომ აგვისტოს ომის შედეგების შეფასებები უკვე ქვეყანათა მონიტორინგის ფარგლებში გადაინაცვლებდა. როგორც საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ევროსაბჭოში მამუკა ჟღენტმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ასეთი გადაწყვეტილება მონიტორინგის კომიტეტმა გასული წლის იანვარში ქართული მხარის ინიციატივის გათვალისწინებით მიიღო, ხოლო 2 ოქტომბრის რეზოლუციის ბოლო, 27-ე, პარაგრაფის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთს საქართველოს წინაშე პასუხისმგებლობა არაერთგზის გამეორებულ მოთხოვნათა შესრულებამდე დაეკისრება.

უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთს ამ დრომდე არც ერთი მოთხოვნა არ შეუსრულებია და, მეტიც, მოსკოვი ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოწოდებებს შეგნებულად უკეთებდა იგნორირებას. შესაბამისად, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში ხელისუფლების შეცვლის ფონზე, როცა არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან საერთო ენის გამონახვის პერსპექტივებზე ლაპარაკობს. თუმცა რუსეთის მედია დიდ ყურადღებას უთმობს განცხადებას, რომელიც რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა 2 ოქტომბერს, მახაჩკალაში სტუმრობისას, გააკეთა:
დმიტრი მედვედევი

დმიტრი მედვედევი


” ‘ედინაია როსია’, როგორც რუსეთის მმართველი პოლიტიკური ძალა, მზად არის დიალოგისთვის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა მომავლის გარშემო. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსა და საქართველოს არ აქვთ სახელმწიფოებრივი ურთიერთობები, პარტია ”ედინაია როსია” მუდამ ინარჩუნებდა კონტაქტს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან საქართველოში.”

რუსეთის კონსტრუქციულ მიდგომებში და, შესაბამისად, რუსეთ-საქართველოს სამომავლო დიალოგის შედეგიანობაში ეჭვი ეპარება გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელს თენგიზ ფხალაძეს. თუმცა, დიპლომატიურ ფრონტზე გზის გაკვლევის თვალსაზრისით, ის მაინც მნიშვნელოვნად მიიჩნევს 2 ოქტომბერს სტრასბურგში მიღებული რეზოლუციის მსგავს დოკუმენტებს:

”მსგავსი რეზოლუციები ემსახურება საერთაშორისო დიპლომატიური ფონის შექმნას, რაც, საბოლოოდ, აიძულებს რუსეთის ფედერაციას გადადგას ეს ნაბიჯები... საბოლოო ჯამში, რუსეთს მოუწევს საქართველოსთან დალაპარაკება, მაგრამ მეორე საკითხია - რისთვის იქნებიან ისინი მზად. ეს მაშინ გამოჩნდება, როცა ცოტა მეტი ინფორმაცია გვექნება.”

ანალიტიკოსების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს სამომავლო დიალოგის ყველაზე მტკივნეულ და მწვავე თემად კვლავაც დარჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თემა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG