Accessibility links

რუსეთ-საქართველოს პირდაპირი დიალოგი იწყება


პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პირველად, რუსეთი და საქართველო პირდაპირი დიალოგის გასამართად ემზადებიან. უახლოეს მომავალში დაგეგმილ შეხვედრას, სავარაუდოდ, შვეიცარია უმასპინძლებს და, წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის სახელით მასში მონაწილეობას მიიღებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე იმედოვნებს, რომ რუსეთი საქართველოსთან დიალოგს წინაპირობების გარეშე დაიწყებს. რამდენად შესაძლებელია უპირობო და უანგარო დიალოგი ოკუპაციის პრობლემისა და კრემლის მიერ აღიარებული ”ახალი რეალობის ” გათვალისწინებით?

”მზად ვართ, რომ რუსეთის ფედერაციასთან ვაწარმოოთ სოლიდური და კონსტრუქციული დიალოგი”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა 10 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე და იქვე განმარტა, რომ პოლიტიკური დიალოგის ახალი ფორმატი არავითარ შემთხვევაში არ ჩაანაცვლებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატს, სადაც საქართველო და რუსეთი ერთმანეთს საერთაშორისო თანამეგობრობის შუამავლობით ელაპარაკებიან:

”ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ჟენევის ფორმატს არ ვეხებით ამ შემთხვევაში. ჟენევის ფორმატმა უნდა გააგრძელოს მუშაობა. ჩვენ თავიდანვე გვქონდა ხედვა, რომ საუბარი უნდა იყოს კომუნიკაციის ახალ ფორმაზე, პოლიტიკური დიალოგის სრულიად ახალ, დამოუკიდებელ არხზე”.
საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის ერთადერთ ფასს, რომელიც საქართველომ უნდა გადაიხადოს, აქვს მარტივი სახელი და მას ეწოდება საქართველოს სუვერენიტეტი ...

ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ რუსეთთან დიალოგს ქართული მხარე ყოველგვარი წინაპირობის გარეშე თანხმდება და რუსეთისგანაც იმასვე მოელის. იმის იმედს, რომ საუბარს თავიდანვე წითელ ხაზებსა და წინაპირობებზე არც მოსკოვი დაიწყებს, აბაშიძეს, როგორც თავად ამბობს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის 9 დეკემბრის კომენტარი აძლევს, სადაც ის შესაძლო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ლაპარაკობს. მაგრამ სერგეი ლავროვი იქვე არაერთხელ აღნიშნავს, რომ მოსკოვს აინტერესებს ქართული მხარის ”კონტექსტი”, ანუ რას გულისხმობს საქართველოს ახალი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილში იმ ფონზე, როცა პარალელურად შენარჩუნებულია ”მკაცრი კურსი” იმისა, რომ არ იყოს დანახული ახალი რეალობა. აქვე ვთქვათ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი ”ახალი რეალობის” აღიარების აუცილებლობა რუსეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა ბოლოდროინდელ განცხადებებშიც არის ნახსენები, საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობების ჭრილში. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ რუსეთი სწორედ ამ რეალობის დაკანონებით არის დაინტერესებული და რომ ის არასოდეს შეეგუება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის იდეას. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, დეპუტატი გიორგი კანდელაკი აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, პროგრესი მხოლოდ საქართველოს კომპრომისის ფასად იქნება შესაძლებელი:

”საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის ერთადერთ ფასს, რომელიც საქართველომ უნდა გადაიხადოს, აქვს მარტივი სახელი და მას ეწოდება საქართველოს სუვერენიტეტი. თუ საქართველოს მთავრობა მზად არის ამ ფასის გადასახდელად, სხვა საქმეა. ვფიქრობ, ასეთნაირი ფასის გადასახდელად საქართველოს მოქალაქეები მზად არ არიან”.

თავისთავად დიალოგის დაწყებას მიესალმება ”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” თანადამფუძნებელი ელენე ხოშტარია. ანალიტიკოსი შესაძლებლად მიიჩნევს ეკონომიკური ხასიათის გარკვეულ წინსვლას რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების შედეგად, მაგრამ მისთვის გაუგებარია მოტივაცია, თუ რამ უნდა განაწყოს მოსკოვი ფუნდამენტური ცვლილებებისთვის:
გასაგებია, თუ რატომ გაწყდა ურთიერთობები და გასაგებია, თუ რატომ არ შეგვიძლია ჩვენ ახლა ყველაფერი, ასე ვთქვათ, დავივიწყოთ, შევეგუოთ ახალ რეალობას ...

”ფუნდამენტურად რუსეთის პოზიციების ცვლილების საფუძველს ვერ ვხედავ, თუ ჩვენ არ დავთმეთ მათთვის ყველაზე მთავარი საკითხები - ტერიტორიული მთლიანობა და ნატო. მათ ბოლოდროინდელ განცხადებებში ჩანდა, რომ ოკუპაციის საკითხი არ განიხილება და ეს ტერიტორიები არიან თავისუფალი, რომ ნატოში ჩვენი შესვლა მიუღებელია და გაიჟღერა ასევე ცინიკურმა განცხადებამ, აი, დსთ-ში შესვლას თუ გადაწყვეტთ, თქვენთვის გამარტივებულად იქნებაო. ანუ მათ თავიანთი მთავარი ინტერესები დააფიქსირეს”.

მთავარი ინტერესების დათმობას არც საქართველო აპირებს და ამის შესახებ 10 დეკემბერს რადიო თავისუფლებასთან ზურაბ აბაშიძემ ილაპარა. მისი განცხადებით, მოლაპარაკებები არავითარ შემთხვევაში არ წარიმართება საქართველოს ინტერესების საზიანოდ და თბილისი არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ დამკვიდრებულ ”ახალ რეალობას” ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. იგივე ითქმის ალიანსების შერჩევის თავისუფლებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, რასაც ქართული მხარე ასევე ხელუხლებელ ”წითელ ხაზად” მიიჩნევს. როგორც ზურაბ აბაშიძე აღნიშნავს, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე არ იქნება საუბარი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე რუსეთთან:

”გასაგებია, თუ რატომ გაწყდა ურთიერთობები და გასაგებია, თუ რატომ არ შეგვიძლია ჩვენ ახლა ყველაფერი, ასე ვთქვათ, დავივიწყოთ, შევეგუოთ ახალ რეალობას (როცა რუსეთის მხარე თვლის ჩვენი ტერიტორიების ნაწილს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად) - ამაზე ჩვენ ვერ წავალთ. მაგრამ თუ ურთიერთობათა გაუმჯობესების პროცესი რაღაც რეალურ შედეგებს მოგვცემს, რაღაც ეტაპზე მოხდება რაღაც სერიოზული გარღვევები, რაღაც სერიოზული შედეგები, შეიძლება დადგეს საკითხი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ”.

ზურაბ აბაშიძე აცნობიერებს, რომ კონკრეტული შედეგების მისაღწევად გასავლელი გზა მეტად რთული და გრძელი იქნება, მაგრამ როცა უახლოესი 1-2 თვის ამოცანებზე ლაპარაკობს, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, უპირველეს ყოვლისა, პირდაპირი რეგულარული დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბებას გულისხმობს. მისი აზრით, შესაძლებელია ასევე დაიწყოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა და წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, თუკი რუსეთის მხრიდანაც მოხდება სავიზო რეჟიმის გადახედვა. ”ამ საკითხების გადაწყვეტა კარგი მინიშნება იქნებოდა, რომ მხარეები პოზიტიურ გზას დაადგნენ”, - ამბობს ზურაბ აბაშიძე და იქვე დასძენს, რომ ურთიერთობების დარეგულირების პროცესს რუსეთსა და საქართველოს შორის საერთაშორისო თანამეგობრობა გულშემატკივრობს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG