Accessibility links

logo-print

ძველი რეფორმები ახალი ეკონომიკური აქტივობისთვის


"გაფორმების ეკონომიკური ზონა" ფოთში

"გაფორმების ეკონომიკური ზონა" ფოთში

საქართველოს მთავრობას ინვესტორების მოზიდვა სურს და მათ მოხიბვლას წინა მთავრობის მიერ გატარებული საგადასახადო თუ ადმინისტრაციული რეფორმების შედეგებით ცდილობს. მიმდინარე კვირაში ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრმა, გამოაცხადეს, რომ საქართველოში დაბალი გადასახადები და მცირე ბარიერებია.

მთელი რიგი სტატისტიკური მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში შემცირებულია ინვესტიციების მოცულობა, საგარეო ვაჭრობის მოცულობა და, საერთო ჯამში, ეკონომიკური აქტივობა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უკანასკნელი კვლევის თანახმად, საქართველოს ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5 პროცენტით ნაკლებია. განსაკუთრებით შემცირდა საინვესტიციო საქონლის იმპორტი, რაც ასევე ინვესტიციების მოცულობის კლების მანიშნებელიცაა. ეს ტენდენცია უკვე თითქმის 6 თვეა გრძელდება. ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, საქართველოში უკვე არათუ ეკონომიკის ზრდის შენელება, არამედ ეკონომიკური ვარდნა-რეცესია დაიწყო. შექმნილი ვითარების დაძლევის გზები მმართველ პოლიტიკურ ძალას ოპოზიციამ, «ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ», 4 პუნქტიანი გეგმის სახით შესთავაზა. პარტიის წარმომადგენლის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯი გადასახადების შემცირებაა:

«უნდა მოხდეს გადასახადების შემცირება, როგორც ეს იყო დაგეგმილი 2012 წლის დეკემბერში საგადასახადო კოდექსის ცვლილებების მიღებამდე».

ზურაბ ჯაფარიძე ლაპარაკობს საშემოსავლო გადასახადის 20-დან 18 პროცენტამდე შემცირებისა და დივიდენდის გადასახადის გაუქმების თაობაზე, რაც მთავრობის შეცვლამდე კანონით იყო განსაზღვრული. ის ასევე შრომის ბაზრის ლიბერალური კანონმდებლობის შენარჩუნების და ბიზნესისთვის სტაბილური გარემოს შექმნის მოწოდებით გამოვიდა, რომლის გარეშე ახალი სამუშაო ადგილების შექმნა შეუძლებელი იქნება.

საქართველო მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში გადასახადების სიმცირით, ეს გააკეთა წინა ხელისუფლებამ, რაც ძალიან კარგია.
თუ როგორ შეხვდა ახალი მთავრობა ძველი მმართველი ძალის ინიციატივას, ეს ვიცე-პრემიერ კახა კალაძის კომენტარიდან ჩანს:

«ჩვენ ძალიან კარგად ვიხილეთ, 9 წლის განმავლობაში მათი დასაქმების პროგრამები როგორი იყო. ასე რომ, არასერიოზულად ვუყურებ».

თუმცა, ამ დამოკიდებულების მიუხედავად, საქართველოს ახალი მმართველი პოლიტიკური ძალა სწორედ თავისი წინამორბედის რეფორმების შედეგებით ცდილობს თავი მოიწონოს უცხოელი ინვესტორების წინაშე. 26 აპრილს თბილისში გამართულ საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში დაბალი გადასახადებია:

«ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი, შეწონილი გადასახადი გვაქვს მსოფლიოში - მეოთხე ადგილზე ვართ. გარდა ამისა, უნდა გითხრათ, რომ ჩვენ სულ 6 გადასახადი გვაქვს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დაბალი ბარიერები გვაქვს».

ამავე უპირატესობას გაუსვა ხაზი უკრაინელი ბიზნესმენების წინაშე გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც:

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

«მეც ერთზე შევჩერდები მხოლოდ, რომ კომპლექსური «ნალოგი», კომპლექსური გადასახადი 16 პროცენტია საქართველოში. და ამით თუ ჩვენ საერთაშორისო რეიტინგში მეოთხე ადგილზე ვართ, სინგაპურია მესამეზე და უფრო წინ, მეორე და პირველ ადგილს პატარა კუნძულები იჭერენ - მე არ მახსოვს, მაგას პერტაია [საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი] დაწვრილებით გეტყვით. - მოკლედ, აი, სერიოზული ქვეყნებიდან, - სერიოზული არის ის ქვეყნებიც, რა თქმა უნდა, მე შეურაცხყოფას არ ვაყენებ, - ვინც ჩვენზე წინ არის კომპლექსური გადასახადის მხრივ, ჩვენზე ნაკლები აქვთ, მაგრამ 16 პროცენტი და მეოთხე ადგილი მსოფლიოში, მოგეხსენებათ, ბიზნესმენებისთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს».

ბოლო დრომდე პრემიერ-მინისტრი და მისი მთავრობის სხვა წევრები საერთაშორისო ეკონომიკურ რეიტინგებში საქართველოს კარგ მაჩვენებლებს ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, მას წინა ხელისუფლების სიცრუის შედეგადაც კი მოიხსენიებდნენ, მაგრამ ორიოდე თვის წინ ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა კომპანიის სწრაფად დარეგისტრირების თუ გადასახადების პროცედურების სიმარტივის მნიშვნელობა აღნიშნა და განაცხადა;

«საქართველო მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში გადასახადების სიმცირით, ეს გააკეთა წინა ხელისუფლებამ, რაც ძალიან კარგია».

ბევრჯერ არის დასაბუთებული, რომ კარგია დაბალი გადასახადები - მეტი ფული რჩება ბიზნესს, მეტი ბრუნვების შესაძლებლობა უჩნდება ბიზნესს და ეს კარგია მისთვის, იმიტომ რომ მეტი შემოსავალი და მეტი მოგება მიიღოს...
ყოფილი მმართველი ძალის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს ძველი მაჩვენებლების კიდევ უფრო გაუმჯობესებისკენ მოუწოდებენ. ბიზნესის გამოცოცხლებაში გადასახადების შემცირების მნიშვნელობას აღიარებს ეკონომიკის ბევრი ექსპერტი, მათ შორის, «ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის» გამგეობის წევრი მერაბ ჯანიაშვილიც:

«ნებისმიერ ადამიანს რომ ვკითხოთ და ნებისმიერ ეკონომისტს, ყველა დაეთანხმება იმას, რომ გადასახადების შემცირება ძალიან კარგი მოვლენაა ქვეყანაში, თუმცა ხელისუფლებისთვის ეს, როგორც წესი, ძალიან მტკივნეულია ხოლმე, იმიტომ რომ მას გარკვეული სოციალური პასუხისმგებლობა გააჩნია».

მერაბ ჯანიაშვილმა ეს განცხადება ტელეკომპანია «მაესტროს» პირდაპირ ეთერში გააკეთა. სოციალური ვალდებულებების მომიზეზებით მთავრობის მიერ გადასახადების შემცირებაზე უარის თქმა არამართებულად მიაჩნია «ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს» ვიცე-პრეზიდენტს გია ჯანდიერს:

«ჩემი აზრით, ბევრჯერ არის დასაბუთებული, რომ კარგია დაბალი გადასახადები - მეტი ფული რჩება ბიზნესს, მეტი ბრუნვების შესაძლებლობა უჩნდება ბიზნესს და ეს კარგია მისთვის, იმიტომ რომ მეტი შემოსავალი და მეტი მოგება მიიღოს. ეს კარგია იმათთვის, ვინც ამ ბიზნესშია დასაქმებული და ამ წესით მეტი სამუშაო ადგილი იქმნება, იზრდება სამუშაო ადგილებიც და ეს კარგია თვითონ მთავრობისთვისაც, იმიტომ რომ ეს ერთადერთი რეალისტური გზა არის, გაზარდო თავად სამთავრობო შემოსავლებიც».

გია ჯანდიერის ამ მოსაზრებისგან განსხვავებული შეხედულება აქვს საქართველოს მთავრობას. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ხელისუფლებამ, საშემოსავლო გადასახადის შემცირების ნაცვლად, სოციალურად უფრო სამართლიანი, დაუბეგრავი მინიმუმის პრინციპი დააწესა და მის გადახედვას აღარ აპირებენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG