Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას


საპროტესტო გამოსვლები კიევში
საპროტესტო გამოსვლები კიევში
უკრაინაში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენებისადმია მიპყრობილი საქართველოს ყურადღებაც. მას შემდეგ, რაც კიევის ქუჩებში ვითარება საგრძნობლად დაიძაბა და ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლებს მსხვერპლიც მოჰყვა, უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის დამადასტურებელი აქციები საქართველოშიც იმართება. საქართველოს ხელისუფლება გმობს ძალადობას და იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები მდგომარეობის განმუხტვას შეძლებენ, საპარლამენტო უმცირესობა კი ხელისუფლებისგან უკრაინის მხარდამჭერ უფრო მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვს.

საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველომ და უკრაინამ, ასევე „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სხვა ქვეყნებმა, ევროპისაკენ მიმავალ გზაზე გვერდიგვერდ იარონ, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 23 იანვარს, არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, თუმცა დასძინა, რომ ამ ეტაპზე საქართველო შიშობს, არ მოხდეს ჰუმანიტარული კატასტროფა მეზობელ ქვეყანაში. მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინას ჰყავს არჩეული ხელისუფლება, რომლის საქმიანობაშიც საქართველო რადიკალურად ვერ ჩაერევა:

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს გაუფრთხილდნენ მთავარს - ადამიანის სიცოცხლესა და ქვეყნის ერთიანობას. უკრაინას ჰყავს თავისი არჩეული ხელისუფალი, ხოლო ჩვენ ასე პირდაპირ უკრაინის შიდა საქმეებში ვერ ჩავერევით“.

არადა, სწორედ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უფრო მკვეთრი პოზიციის გამოხატვა იყო არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთ-ერთი რჩევა მარგველაშვილისადმი, თუმცა შეხვედრის შემდეგ „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ მისთვის გასაგებია პრეზიდენტის, როგორც ქვეყნის პირველი პირის, პოზიციაც:

„გვესმის, რომ მისთვის, როგორც ქვეყნის პირველი პირისათვის, რთული იქნება დაპირისპირებული ან ერთი, ან მეორე მხარის მიმართ სენტიმენტები გამოხატოს, თუმცა იმით, რაც უკრაინაში ხდება, ყველა აღშფოთებულია და ამას გამოხატავენ კიდეც“.

უკრაინაში შექმნილ ვითარებას პარლამენტის ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც. უკრაინაში ბოლო დღეების განმავლობაში ძალადობის ესკალაცია, უსუფაშვილის შეფასებით, არც უკრაინელი და არც ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის:

„ჩვენი პოზიცია, რომელიც არაერთხელ გამოვხატეთ, სრულიად ცალსახაა, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაზე, კონსტიტუციის ფარგლებში პროცესების განვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და ყველა ხელისუფლება არჩეულია იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს მსგავსი გართულებები. მინდა ყველამ კიდევ ერთხელ მივმართოთ ჩვენს კოლეგებს, პოლიტიკოსებს უკრაინაში, რომ როგორმე მოახერხონ მშვიდობიანი გზით საკითხების გადაწყვეტა“.

ამ განცხადების შემდეგ ლევან ბეჟაშვილმა, საპარლამენტო ოპოზიციიდან, პარლამენტს უკრაინის საკითხებზე ერთობლივი განცხადების შემუშავება შესთავაზა, თუმცა, უსუფაშვილის თქმით, პარლამენტის მხრიდან ამ თემაზე განცხადებები უკვე გაკეთდა. მიუხედავად ამისა, საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებისგან მაინც მოითხოვს უფრო პრინციპული პოზიციის გამოხატვას უკრაინის თავისუფლებისაკენ სწრაფვის მხარდასაჭერად. დავით საყვარელიძე იმ მთავარ მესიჯებს ასახელებს, რაც, მისი აზრით, ამ განცხადებაში უნდა აისახოს:

„მთავარი უკრაინელი ერის სწრაფვაა თავისუფლებისკენ და რუსეთის ზეწოლის დაგმობა, რუსეთის მანკიერი მანქანების დაგმობა, რომელიც ცდილობს, რომ ბრჭყალებიდან არ გაუშვას მის გარშემო მყოფი რესპუბლიკები და თავისუფალი ხალხი“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ დრომდე ორი ოფიციალური განცხადება გაავრცელა: ერთი - პრემიერის, რომელიც შენიშნავს, რომ საქართველო გმობს ყოველგვარ ძალადობას და იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინის ხელისუფლება და საზოგადოება არ დაუშვებენ მოვლენათა ძალადობრივ განვითარებას, ხოლო მეორე განცხადებაში, რომელიც 22 იანვარს გავრცელდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს კიევში განვითარებული მოვლენებისას მოქალაქეთა დაღუპვისა და დაშავების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მათ ოჯახებს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს როგორც უკრაინის მთავრობას, ასევე აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან და იმედოვნებს, რომ უკრაინა, რომელიც საქართველოს ტრადიციულად მეგობარი ქვეყანაა და რომელთანაც ორმხრივ და მრავალმხრივ, მათ შორის, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატში, წარმატებულად ვთანამშრომლობთ, შეძლებს დიალოგის გზით სიტუაციის განმუხტვას, ქვეყნისა და უკრაინელი ხალხის ინტერესების შესაბამისად. გულწრფელად გვსურს, მომავალშიც უკრაინა, საქართველოსთან ერთად, ვიხილოთ როგორც საერთოევროპული ფასეულობების გამზიარებელი ქვეყანა დიდ ევროპულ ოჯახში“, - წერია განცხადებაში.

საქართველოს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ საქართველოს არასოდეს დაუხევია უკან უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვის თვალსაზრისით, თუმცა, მისი თქმით, უმრავლესობა, როგორც მმართველი ძალა, პოზიციების გამოხატვისას მეტად შეზღუდულია, უმცირესობასთან შედარებით.

თენგიზ ფხალაძე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს, ერთი მხრივ, როგორც რუსეთის ბრძოლას თავისი გეოპოლიტიკური გავლენის სფეროების გაფართოებისათვის და, მეორე მხრივ, უკრაინის საზოგადოების ბრძოლას თავისუფლებისთვის. შესაბამისად, ამ ბრძოლის შედეგზე დიდად არის დამოკიდებული საქართველოს მომავალიც:

„თუ ეს თავისუფალი არჩევანი დამარცხდა, თუნდაც დროებით, ერთ-ერთი შემდეგი დარტყმის ობიექტი საქართველო იქნება“.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ინტერესით აკვირდება საქართველოს საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი. უკვე ორი დღეა მათი ერთი ნაწილი უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის აქციებს მართავს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG