Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სოლიდარობა უკრაინას


უკრაინაში გრძელდება მასობრივი პროტესტი ქვეყნის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმად, უკრაინამ იუარა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა. კიევისა და ლვოვის ქუჩები დემონსტრანტებითაა სავსე. პოლიციასთან შეტაკების შედეგად, ათობით დაშავებული ადამიანი მოხვდა საავადმყოფოებში. რადიო თავისუფლების უკრაინის ბიუროს ცნობით, პროტესტანტები დაშლას არ აპირებენ და აქციის მონაწილეებს კიევში ლვოვიდანაც ელიან. “უკრაინის მომავალი წყდება ახლა“ - ამ შინაარსის პლაკატებით დემონსტრანტები კიევში დამოუკიდებლობის მოედანს ამ დრომდე არ ტოვებენ.

ევროპული არჩევანის გზაზე უკრაინელი ხალხის მარცხი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ამავე გზაზე უმძიმესი ერთი წელი ელის წინ - ასეთი შეფასებები კეთდება თბილისში, კიევის ქუჩებში დემონსტრანტების პროტესტის ფონზე.

კიევში განვითარებული მოვლენების გამო საქართველოში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა უკრაინის რადის ვიცე-სპიკერმა რუსლან კოშულინსკიმ, რომელიც თბილისში სუუამის საპარლამენტო ასამბლეის სხდომას ესწრებოდა. მისი თქმით, უკრაინაში სამართლდამცავები არაპროფესიულად მოიქცნენ - ასეთ დროს კი დემოკრატიული ქვეყნის ხელისუფლება აუცილებლად გადადგებოდა.

„ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ სუუამის საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს ევროპულ არჩევანზე გავლენას ვერაფერი მოახდენს, მათ შორის, ვერც კიევში შექმნილი ვითარება. ფანჯიკიძემ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში ვითარება მშვიდობიანად დასრულდება:

იმედი მაქვს, რომ ის, რაც დღეს კიევში ხდება, მშვიდობიანად დასრულდება. ხოლო ის ხედვა, რომ თუკი საქმე ცუდად წავა, ჩვენ ვიხეირებთ, ძალიან არასწორია. შეუძლებელია საქართველოსთვის რაიმე იყოს კარგი, რაც არ არის კარგი უკრაინელი ხალხისთვის...
დავით უსუფაშვილი
„ეს საკმაოდ რთული იქნება დღეს, რადგან მას შემდეგ, რაც გუშინ ვნახეთ გადაცდომა და გამოყენებული ძალაც, ასევე არიან დაშავებულებიც, მაგრამ მაინც,სანამ კიდევ უფრო უარესი არ მომხდარა, ჯერ კიდევ არის დრო იმისათვის,რომ ორივე მხარე შეეცადოს ვითარების დარეგულირებას“.

უკრაინელ ხალხს მათი თავისუფალი არჩევანის რეალიზებას უსურვებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც, რომელსაც ასევე აქვს იმედი, რომ საქართველო და უკრაინა კვლავაც ერთად განაგრძობენ გზას დემოკრატიული სამყაროსკენ:

„იმედი მაქვს, რომ ის, რაც დღეს კიევში ხდება, მშვიდობიანად დასრულდება. ხოლო ის ხედვა, რომ თუკი საქმე ცუდად წავა, ჩვენ ვიხეირებთ, ძალიან არასწორია. შეუძლებელია საქართველოსთვის რაიმე იყოს კარგი, რაც არ არის კარგი უკრაინელი ხალხისთვის“.

უკრაინაში მიმდინარე საპროტესტო აქციები არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის, არამედ აღმოსავლეთევროპული პოლიტიკის და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბედსაც განსაზღვრავს, - ასე ფიქრობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი:

„თუკი უკრაინაში გაიმარჯვა საზოგადოებამ და ევროპულმა არჩევანმა, ეს ნიშნავს, რომ პუტინის იდეას, ამა თუ იმ ფორმით აღადგინოს საბჭოთა კავშირი, დაესმება ერთხელ და სამუდამოდ წერტილი“.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს როგორც „საგანგაშოს“ და აცხადებს, რომ საქართველოსთვის უკრაინა ყველა მთავრობის პირობებში სტრატეგიულ პარტნიორად რჩება:

ამ მოვლენებმა ძალიან კარგად გასცა პასუხი იმ ილუზიებს,რომ რუსეთთან შეიძლება რაღაცის მოგვარება. ძალიან კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც უკრაინელ ხალხს სურს ევროინტეგრაციით მიღებული სარგებლის მიღება...
ელენე ხოშტარია
,,საქართველოსთვის უკრაინა რომ სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ, ყველანი, რომ უკრაინის მეგობრები ვართ, ეს, მე მგონი, ცხადად დადასტურდა ყველა მთავრობის პირობებში. მე ვგულშემატკივრობ, როგორც ჩემი ქვეყნის რიგითი მოქალაქე, უკრაინის ევროპულ პერსპექტივას, იმიტომ რომ ეს არის მთელი რეგიონისათვის მნიშვნელოვანი ქვეყანა. მე დარწმუნებული ვარ, რომ, საბოლოოდ, უკრაინა გახდება ევროპული ოჯახის ნაწილი ჩვენთან ერთად“.

არასამათავრობო ორგანიზაცია „რეფორმების ასოციაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიასათვის უკრაინა დღეს რუსეთის პოლიტიკის მიმართ წინააღმდეგობის შთამბეჭდავი მაგალითია. მეტიც, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის ძნელად იხსენებს ამ მასშტაბის ანტიიმპერიალისტურ პროტესტს, რაც ემოციურად დიდი მუხტის მატარებელია:

„ამ მოვლენებმა ძალიან კარგად გასცა პასუხი იმ ილუზიებს,რომ რუსეთთან შეიძლება რაღაცის მოგვარება. ძალიან კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც უკრაინელ ხალხს სურს ევროინტეგრაციით მიღებული სარგებლის მიღება, ამ დროს მოდის დიდი ჩექმით რუსეთი და უკრძალავს ამას უკრაინის პრეზიდენტს“.

ელენე ხოშტარია იმასაც აცხადებს, რომ თუ ევროკავშირი ვერ აღმოჩნდება მზად ამ რეგიონში ევროპული უსაფრთხოების პრობლემებთან გასამკლავებლად, რაც დრო გავა, ეს პრობლემები სულ უფრო მეტად მიუახლოვდება ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს.

ამერიკის შეერთებული შტატები კიევში მიმდინარე პროცესებს სიფრთხილით დააკვირდება, - განუცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა 2 დეკემბერს ჟურნალისტებს. მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია საკითხის მშვიდობიანად მოგვარება.

უკრაინის მოვლენებს საქართველოში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც ეხმაურებიან. გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის აზრით, უკრაინელი ხალხისთვის სოლიდარობის გამოცხადება აუცილებელია:

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ გვერდით დგომისთვის, მორალურად და ფიზიკურად უნდა დავეხმაროთ მათ", - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
ბოლო ორი დღეა უკრაინელი ხალხის ნების მხარდასაჭერად თბილისში მშვიდობიანი აქციები იმართება. საქართველოში ყველა თანხმდება იმაზე, რომ თუ უკრაინაში ხალხის ნებამ ვერ გაიმარჯვა, ხვალ შესაძლოა რუსეთმა პროვოკაციები საქართველოშიც დაგეგმოს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG