Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო და უკრაინა - ეკონომიკური ურთიერთობების დეტალები


საქართველოს ეკონომიკა რომ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მის სამეზობლოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ეს, ცხადია, ახალი ამბავი არ არის. უკრაინაში მიმდინარე ომი არ შეიძლება არ ასახულიყო საქართველოსა და უკრაინის ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ამიტომ, ვფიქრობთ, საინტერესოა ბოლო თვეების ეკონომიკური მაჩვენებლების გადახედვა.

2014 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან უკრაინაში 90,5 მილიონი აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 72, 8 მილიონი აშშ დოლარის ექსპორტი, რაც ნიშნავს, რომ ექსპორტის მასშტაბი ამ ქვეყანაში, მიმდინარე ომის მიუხედავად, დაახლოებით 30 პროცენტით არის გაზრდილი. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ მოხმარება ამ პერიოდში უკრაინაში - ყოველ შემთხევაში, საქართველოს პროდუქციისა - არ შემცირებულა.

სამაგიეროდ, კლების გარკვეული ტენდენციით აღინიშნა იმპორტი უკრაინიდან საქართველოში. კერძოდ, უკრაინიდან ქვეყანაში 2014 წლის იანვარ-ივლისში 296,8 მლნ აშშ დოლარის იმპორტი განხორციელდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 325,9 მლნ აშშ დოლარის იმპორტი, ანუ იმპორტის მოცულობა დაახლოებით 30 მილიონით არის შემცირებული.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი ჯერ კიდევ 2014 წლის დასაწყისში პროგნოზირებდა იმპორტის მსგავს შემცირებას, რაც რამდენიმე ფაქტორთან გახლდათ დაკავშირებული. კერძოდ, იყო მოსალოდნელი სირთულეები მრეწველობის ენერგომომარაგების კუთხით და, ზოგადად, შესაძლო ფინანსური პრობლემები ბიზნესსექტორში. ამას გარდა, მნიშვნელოვანი იყო ოდესის პორტის ფუნქციონირებისთვისაც პრობლემების შექმნა, რაც ასევე გამოიკვეთა ამ პერიოდში.

ზოგადად, როცა უკრაინის საწარმოო პოტენციალზე ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს, რომ სამრეწველო სექტორი არ სარგებლობდა სახელმწიფოს ენერგოსუბსიდიებით და ყოველთვის მოხმარებული ბუნებრივი აირის საბაზრო ფასს იხდიდა. თუმცა გამოწვევას წარმოადგენს მათი ენერგოტევადი საწარმოო ციკლი. საშუალო ინდუსტრიულ ეკონომიკასთან შედარებით, უკრაინის ეკონომიკა 10-ჯერ მეტ ელექტროენერგიას/გაზს/ნავთობს მოიხმარს საქონლისა და მომსახურების წარმოებისთვის. ენერგომატარებლებზე ასეთი დამოკიდებულების გამო, მწარმოებლები კიდევ უფრო დაუცველნი არიან „გაზპრომის“ მანიპულაციების წინაშე. მაგალითად, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებში კრიზისის დაწყებისთანავე, „გაზპრომმა“ ბუნებრივი აირის ფასი თითქმის 80%-ით, ანუ 268 აშშ დოლარიდან 485 აშშ დოლარამდე გაზარდა.

ამას თან დაერთო ურთიერთეკონომიკური სანქციები რუსეთის მიმართ და რუსეთის მხრიდან, რამაც უკრაინის მრეწველობაზე და, შესაბამისად, საექსპორტო პოტენციალზეც ზეგავლენა მოახდინა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ასევე არის ის, რომ ომი ძირითადად დიდ სამრეწველო რეგიონებში მიმდინარეობს.

ყველაფერმა ამან ასახვა პოვა როგორც უკრაინის ექსპორტის მასშტაბზე, ასევე უკრაინულ ინვესტიციებსა და ფულად გზავნილებზე, მათ შორის - საქართველოში.

კერძოდ, მინუსებშია გადასული ინვესტიციების მასშტაბი. კერძოდ, 2014 წლის პირველ 6 თვეში იგი მინუს 4,3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ ეს თანხა ინვესტიციის ან მოგების სახით გაედინა საქართველოდან უკრაინაში.

ფულადმა გზავნილებმა 2014 წლის 8 თვეში უკრაინიდან საქართველოში 20,9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემი 25,7 მილიონი აშშ დოლარი იყო, ანუ შემოსულობები დაახლოებით 20 პროცენტით არის შემცირებული.

აღნიშნული სტატისტიკა აშკარად მეტყველებს უკრაინის ეკონომიკაში შექმნილ პრობლემებზე, რაც, როგორც ამ ციფრებიდანაც ჩანს, საქართველო-უკრაინის ეკონომიკურ ურთიერთობებზეც აისახა. თუმცა, იმავე სტატისტიკის თანახმად, უკრაინა საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ პარტნიორად რჩება, განსაკუთრებით, საქართველოს საექსპორტო ბაზრის თვალსაზრისით.

XS
SM
MD
LG