Accessibility links

logo-print

IFC: საქართველოში ბიზნესგარემო უმჯობესდება


 საქართველოს ბიზნეს გარემოს კვლევა 2012

საქართველოს ბიზნეს გარემოს კვლევა 2012

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) გამოკვლევის თანახმად, საქართველოს მეწარმეთა უმეტესი ნაწილი ბიზნესგარემოს მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი. კვლევა იანვარ-თებერვალში ჩატარდა და ათასზე მეტი მეწარმე გამოიკითხა. გამოკითხვის მიზანი იყო პრობლემური საკითხების გამოვლენა, რათა მათი გადაწყვეტის გზით კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ბიზნესგარემო.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ საქართველოს ბიზნესგარემოს შესასწავლად კვლევა მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ რესპონდენტთა 75 პროცენტი ბიზნესგარემოს მეტ-ნაკლებად მიმზიდველად ახასიათებს. კორუფციის შესახებ ილაპარაკა მხოლოდ ერთმა გამოკითხულმა და მხოლოდ 6 პროცენტს სმენია კორუფციის შესახებ. საქართველოში ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების ტენდენციაზე საუბრობს ბიზნესომბუდსმენი გიორგი პერტაია, რომლის წლიური ანგარიში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოისმინა.

მდგომარეობა 2011 წელს, წინა წელთან შედარებით, გაუმჯობესებულია. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც წლების განმავლობაში გადასაჭრელი იყო, გადაიჭრა 2011 წელს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ შემოსავლების სამსახურმა აირჩია უფრო პარტნიორული დამოკიდებულება ბიზნესთან. ხდება საკანონმდებლო რეფორმების განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართვა. შესაბამისად, სიტუაცია გაუმჯობესებული არის.”

გიორგი პერტაია

გიორგი პერტაია

გიორგი პერტაიამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხდა, რომ გადამხდელებთან კომუნიკაციის შედეგად წარმოდგენილი რეკომენდაციების 54 პროცენტი უკვე გათვალისწინებულია, ხოლო 56 პროცენტი განხილვის პროცესშია.

ბიზნესომბუდსმენის ჩარევის შედეგად, მოწესრიგდა ისეთი საკითხები, როგორიცაა ამნისტია ხანდაზმულ, ე.წ. არაღიარებულ დარიცხვებზე, საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადა გაიზარდა 20-დან 30 დღემდე და სხვა.

ბიზნესომბუდსმენის როლს - მიიტანოს მეწარმეების პრობლემები და წინადადებები მთავრობამდე - დადებითად აფასებს მმართველი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი ლიდერი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი:

”ვფიქრობთ, რომ ძალზედ მნიშვნელოვანი ინსტიტუტი არის და ხელს უწყობს იმას, რომ ხელისუფლებასთან მოვიდეს ყველა ის საკითხი და პრობლემა, რომელიც ბიზნესმენებს აწუხებთ და ის იყოს მოწოდებული დროულად.”
მე მოხარული ვიქნები, როდესაც ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები საქართველოს რაიმე მიმართულებით პოზიტიურად აფასებენ, ეს ყველას უხაროდეს, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს ...

ამგვარი თანამშრომლობის შედეგად, არა მარტო მსხვილი, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესის ინიციატივებიც კი საკანონმდებლო ნორმებად იქცა. მაგალითისთვის გამოდგება ფიქსირებული გადასახადის თემა. მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტის გიორგი ისაკაძის განცხადებით, ბიზნესომბუდსმენის მეშვეობით მთავრობასთან კომუნიკაცია გაიოლდა.

სახელმწიფოსა და ბიზნესის ნაყოფიერი თანამშრომლობაა აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მოხსენებაშიც. გიორგი ისაკაძე აცხადებს, რომ ბოლო წლებში საქართველომ უამრავი ბიუროკრატიული ბარიერის გაუქმებით გიგანტური ნაბიჯები გადადგა:

”მე მოხარული ვიქნები, როდესაც ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები საქართველოს რაიმე მიმართულებით პოზიტიურად აფასებენ, ეს ყველას უხაროდეს, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს და ე.წ. ექსპერტებს, რომლებიც ერთ ვაივიშვიშს იწყებენ ამ საკითხთან მიმართებაში. ასევე არის მეორე უკიდურესობაც, რომელიც არანაკლებ პრობლემატურია. საკმარისია ქვეყანამ მიაღწიოს გარკვეულ წარმატებებს სხვადასხვა რეიტინგებთან მიმართებაში, – საქართველო მუდმივად მოწინავეა. მე მგონი, რომ ყველაზე მეტად გასამახვილებელია ყურადღება, რომ ფხიზლად ვიყოთ იმ პოზიციებზე, სადაც საქართველო შედარებით მოიკოჭლებს.“

ის, რომ მათ ბანკები არ აძლევენ სესხებს უპასუხისმგებლოდ, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში ფინანსები არ იშოვება ...
გიორგი ისაკაძის მიერ ნახსენები საკითხები, რომელშიც საქართველო მოიკოჭლებს, აღნიშნულია საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის კვლევაში. მათ შორის მთავარ პრობლემად დასახელებულია ფინანსების ხელმისაწვდომობის ნაკლებობა. ასევე გამოვლინდა, რომ ბიზნესის შემცირების ძირითადი მიზეზი მოთხოვნის ნაკლებობა, ანუ მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითუნარიანობაა. არის სხვა საკითხებიც, რომლებიც განსაკუთრებით მცირე მეწარმეებს აწუხებთ, მათ შორის სალაროს აპარატთან დაკავშირებული შემოწმებები და სხვა. შესაბამისად, ბიზნესის გაფართოების მიმართ დიდი ზომის კომპანიები უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილი, ვიდრე მცირე მეწარმეები. აღნიშნულ ტენდენციებზე ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი საუბრობს:

გია ჯანდიერი

გია ჯანდიერი

„ჩემი აზრით, იმით არის გამოწვეული, რომ წვრილი კომპანიები ვერ აუდიან ათასგვარი რეგულირებების შესრულებას და მსხვილი კომპანიებისთვის ეს უფრო მარტივია, იმიტომ რომ მათ შეუძლიათ დაიქირავონ აუდიტორები და იურისტები და მათი საშუალებით გადაჭრან პრობლემები. მთავარ პრობლემად ბიზნესები ასახელებენ ფინანსების ხელმისაწვდომობას. რას გულისხმობენ ამაში, ძნელი წარმოსადგენია. ის, რომ მათ ბანკები არ აძლევენ სესხებს უპასუხისმგებლოდ, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში ფინანსები არ იშოვება. პირიქით, ჭარბადაც არის.“

გია ჯანდიერი ამბობს, რომ, დასახელებული პრობლემების მიუხედავად, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ გამოკითხული მეწარმეების დიდი უმრავლესობა ბიზნესგარემოს და ბიზნესის უფლებების დაცვას პოზიტიურად აფასებს. ასევე აღნიშნულია, რომ კორუფციული გარიგებები პრაქტიკულად აღარ არსებობს. პოზიტიურ ტენდენციებად დასახელებულია: საწარმოთა დახურვის, დალუქვის ან შეფერხების შემთხვევების შემცირება, სახელმწიფო ორგანოებისადმი ნდობის ამაღლება და ის, რომ, წარსულთან შედარებით, უფრო მეტი კომპანია მოელის ზრდას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG