Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაჟა კიკნაველიძემ პრაღაში საცხოვრებელი უბანი - ”ვაკე” ააშენა


ვაგრძელებთ რეპორტაჟების ციკლს პრაღაში მცხოვრებ ქართველებზე და ამჯერად ვაჟა კიკნაველიძეს გაგაცნობთ. იგი 19 წლის იყო, როდესაც საქართველო დატოვა და,

აგერ უკვე 21 წელია, სამშობლოდან მოშორებით ცხოვრობს, აქედან 17 წელი - პრაღაში. ჩეხეთის დედაქალაქში ვაჟა კიკნაველიძე, როგორც თვითონ ამბობს, მცირე ბიზნესს ეწევა - საამშენებლო საქმითაა დაკავებული და, ჩეხური ტექნოლოგიების საზღვარგარეთ გატანის მცდელობასთან ერთად, აქ, პრაღაში, საქართველოს პოპულარიზებასაც ცდილოს. უფრო მეტს პრაღაში მცხოვრები ამ ერთი ქართველი პიროვნების შესახებ პირადად მასთან ჩემი საუბრიდან შეიტყობთ.

[ისმის ჩეხური მუსიკა]

[ვაჟა კიკნაველიძის ხმა] ”უკვე სწავლის პერიოდში დავქორწინდი. მეუღლე ჩეხეთის მოქალაქეა და...
... სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, აქეთ შემოვრჩი.”

ვაჟა კიკნაველიძე პრაღაში გადმოსვლამდე ლენინგრადის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. სწორედ იქ გაიცნო და ცოლად შეირთო ჩეხი ქალბატონი და ახლა მათ 3 შვილი ჰყავთ: 22 წლის გიორგი, 18 წლის მედეა და 12 წლის სანდრო. როგორც შვილები, ასევე ვაჟას ცოლიც ოჯახში ქართულად ურთიერთობენ და არცთუ იშვიათად საქართველოსაც სტუმრობენ.

მე ვაჟა კიკნაველიძესთან საუბრისას ყველაზე მეტად იმან დამაინტერესა, თუ როგორ შეძლო სამშობლოდან მოშორებით ახალგაზრდა ქართველმა კაცმა არა მარტო ოჯახის შექმნა, არამედ საკუთარი საქმის წამოწყება და ბიზნესის გამართვა:

[ვაჟა კიკნაველიძის ხმა] ”შეცდომებისა და მცდელობების ხარჯზე, ვინაიდან მე დავიწყე სულ სხვა სფეროთი, ვინაიდან მე მხატვრობასთან ახლოს ვიყავი...
... მოკლედ, ამ გზით ნელ-ნელა მოვედით მშენებლობამდე. შევიძინეთ პატარა საამშენებლო ფირმა 1995 წელს და დავიწყებთ მუშაობა.”(სტილი დაცულია)

როგორც ჩანს, ვაჟა კიკნაველიძემ ამ საქმეშიც სამშობლოს სიყვარული ჩააქსოვა და მისი ფირმის მიერ აშენებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანს ”ვაკე” შეარქვა.

[ვაჟა კიკნაველიძის ხმა] ”ერთი რაიონი გვაქვს გაშენებული პრაღასთან ახლოს, ვაკე დავარქვით...
... ოფიციალურად არა, მაგრამ ყველა კატალოგში ვაკე წერია და იქაურებიც ყველანი ვაკეს ეძახიან.”

[ჩეხური მუსიკა]

ბიზნესის გარდა, ბატონი ვაჟა საზოგადოებრივი საქმიანობითაცაა დაკავებული - იგი პრაღაში საქართველოს მეგობართა საზოგადოების ერთ-ერთი ლიდერია. ეს საზოგადოება იმ საკითხების ორგანიზებისათვის შეიქმნა, რომელიც თავად მის სახელწოდებაშია ნაგულისხმევი.

გარდა იმისა, რომ საქართველოს მცირე ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, საზოგადოება აქ, ჩეხეთში, მცხოვრებ ქართველებსაც ეხმარება.
მისი ორგანიზებით, პრაღაში წლების მანძილზე 2 კლასიანი ქართული სკოლა ფუნქციონირებდა. საზოგადოება ჩეხეთში ჩვენი ქვეყნის პოპულარიზებასაც ცდილობს.

[ვაჟა კიკნაველიძის ხმა] ”ვაპირებთ უფრო გავშალოთ მუშაობა, გვინდა კულტურის სამინისტროზე გავიდეთ. ვაპირებთ კულტურის დღეების გაკეთებას. კულტურის დღეები ბიზნესმენს გაახედებს იქით...
... მომავალი წლის შემოდგომაზე გვაქვს ეს დაგეგმილი.”

სამშობლოს სიყვარული, ისევე როგორც თითქმის ნებისმიერ ქართველს, არც ვაჟა კიკნაველიძეს აძლევს მოსვენებას და აქ, პრაღაში, ჩამოსვლის დღიდან საქართველოში დაბრუნებაზე ფიქრობს:

[ვაჟა კიკნაველიძის ხმა] ”... მე ჩემი სიკვდილი მხოლოდ იქ წარმომიდგენია. ალბათ, ბიზნესით დავბრუნდები.

ვაჟა კიკნაველიძეს იმედი აქვს, რომ საქართველოში მიმდინარე ცვლილებების შემდეგ, მომავალში, სამშობლოში დაბრუნება ბევრ ქართველს გაუადვილდება:

[ვაჟა კიკნაველიძის ხმა] ”მე ვთვლი, რომ თუ აწმყო არ გვწყალობდა, მომავალი უკეთესი იქნება. ეს არის ჩვენი დაუწერელი ჰიმნი.”(სტილი დაცულია)

[“ჩემო კარგო ქვეყანა”]
XS
SM
MD
LG