Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრების უპრეცედენტო სიკვდილიანობა


სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2010 წელს საქართველოში გამოვლინდა პატიმართა გარდაცვალების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი ბოლო 5 წლის განმავლობაში. ომბუდსმენის მიერ დასახელებული რიცხვი თითქმის ორჯერ მეტია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის მიწოდებულ რიცხვზე. რით არის განპირობებული ასეთი მკვეთრი სხვაობა და რა ძირითადი მიზეზები იწვევს პატიმართა სიკვდილიანობას სასჯელაღსრულების სისტემაში?

თუკი 2009 წელს სახალხო დამცველის აპარატმა პატიმართა გარდაცვალების 91 შემთხვევა აღრიცხა, 2010 წელს ამ მაჩვენებელმა, 56-პროცენტიანი ზრდით, 142-ს მიაღწია. სახალხო დამცველის ხელთ არსებულ სიაში ზუსტად არის მითითებული 2010 წელს სასჯელაღსრულების სისტემაში გარდაცვლილი 142 პატიმრის ვინაობა თუ გარდაცვალების ადგილი.
შემიძლია ვივარაუდო, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს მიაწოდეს მონაცემი მხოლოდ და მხოლოდ სისტემის შიგნით გარდაცვლილ პატიმრებზე...

ხსენებული სიის მიმართ ჯერჯერობით არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, თუმცა, იმავე სამინისტროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში იტყობინება, რომ 2010 წელს საქართველოში გარდაცვლილი პატიმრების რაოდენობა 72-ს შეადგენდა.

შეკითხვა, თუ როგორ მიიღო სამინისტრომ ამგვარი დაბალი მონაცემი, საქართველოს სახალხო დამცველს არაერთხელ დაუსვა შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში. გიორგი ტუღუშს ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხი არა აქვს. თუმცა მან პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით გამოსვლისას, 14 ივნისს, გარკვეულ ვარაუდი მაინც გამოთქვა:

”შემიძლია ვივარაუდო, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს მიაწოდეს მონაცემი მხოლოდ და მხოლოდ სისტემის შიგნით გარდაცვლილ პატიმრებზე, იმიტომ რომ სადღაც ნახევარი გაყვანილ იქნა სისტემის გარეთ. აქედან გამომდინარე, ეს შეიძლება იყოს ამის ლოგიკური ახსნა. თუმცა, ასე ვთქვათ, 100-პროცენტიან დასტურს ამაზე ვერ მოგცემთ.“
ხშირად სამედიცინო ხასიათის გადაწყვეტილებას იღებს არა ექიმი, პაციენტის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, არამედ დაწესებულების ადმინისტრაცია...

სახალხო დამცველის ამგვარი ვარაუდი მის წლიურ ანგარიშში ხაზგასმულ ტენდენციას - ”სიკვდილის ექსპორტს” - უკავშირდება, რომლის მიხედვითაც პრაქტიკულად უიმედო მდგომარეობაში მყოფი პატიმრები სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებებში გადაჰყავთ და, შედეგად, მათი გარდაცვალების შემთხვევები სასჯელაღსრულების სისტემის სტატისტიკის მიღმა რჩება. სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2010 წელს გარდაცვალების შემთხვევათა დაახლოებით 45 პროცენტი სწორედ ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოზე მოდის.

15 ივნისს რადიო თავისუფლება უშედეგოდ ცდილობდა მიეღო პასუხი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან პატიმართა გარდაცვალების მაჩვენებლებთან დაკავშირებით. თუმცა ჩვენს არქივში ინახება ამავე სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეა სუხიშვილის კომენტარი, რომელშიც ის ერთიან სტატისტიკაზე ლაპარაკობს:
რაც შეეხება გარდაცვალების სტატისტიკას, ის, ბუნებრივია, იწერება ჩვენს სტატისტიკაში. ასე რომ, სად გარდაიცვლება პატიმარი, მაგას არა აქვს მნიშვნელობა...

”ადამიანი, რომელიც საჭიროებს უფრო მეტ მკურნალობას, ვიდრე ეს არის შესაძლებელი დაწესებულების ფარგლებში, ის ადამიანი გადადის საზოგადოებრივ სამკურნალო დაწესებულებებში. რაც შეეხება გარდაცვალების სტატისტიკას, ის, ბუნებრივია, იწერება ჩვენს სტატისტიკაში. ასე რომ, სად გარდაიცვლება პატიმარი, მაგას არა აქვს მნიშვნელობა.”

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. არადა, სწორედ ეს უწყება წარმოადგენს ხსენებულ ანგარიშში ასახული მწვავე კრიტიკის ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს. 14 ივნისს, პარლამენტში გამოსვლისას, გიორგი ტუღუშმა გარკვევით თქვა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანდაცვის კუთხით არსებული სავალალო მდგომარეობა დიდწილად სწორედ სამინისტროს არაქმედითი მუშაობის შედეგია:
ჩვენი არაერთი მოწოდების მიუხედავად, სამინისტრო, ნაცვლად პრობლემის გამოვლენისა და მის აღმოფხვრაზე მუშაობისა, მათი დამალვით იყო დაკავებული...

”შემიძლია თამამად ვთქვა, რომ შესაძლებელი იყო სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული პრობლემების თავიდან აცილება ან მათი უარყოფითი შედეგების მნიშვნელოვნად შემცირება. ჩვენი არაერთი მოწოდების მიუხედავად, სამინისტრო, ნაცვლად პრობლემის გამოვლენისა და მის აღმოფხვრაზე მუშაობისა, მათი დამალვით იყო დაკავებული.“

სახალხო დამცველის ინფორმაციით, პატიმართა გარდაცვალების 2010 წელს აღრიცხული შემთხვევების მიზეზებს შორის პირველ ადგილზე დგას ტუბერკულოზი და პატიმრების გარდაცვალება დიდწილად დაგვიანებული, არასწორი ანდა არასაკმარისი მკურნალობის შედეგია. ხშირად ისიც ხდება, რომ ექიმს პატიმრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების საშუალება, უბრალოდ, არა აქვს:

”ხშირად სამედიცინო ხასიათის გადაწყვეტილებას იღებს არა ექიმი, პაციენტის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, არამედ დაწესებულების ადმინისტრაცია, რეჟიმის უსაფრთხოებისა და სხვა მსგავსი ტიპის ინტერესების პრიორიტეტული გათვალისწინებით, რაც შემაშფოთებელი ტენდენციაა. ”

დაბოლოს, კიდევ რამდენიმე საყურადღებო მონაცემი სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშიდან:
გიორგი ტუღუში

ყოველ მესამე გარდაცვლილ პატიმარს აღენიშნებოდა ფიზიკური ზემოქმედების კვალი - სისხლჩაქცევები თუ ჭრილობები, რაც არ არის დაკავშირებული სამედიცინო მანიპულაციებთან: ”ექსპერტიზა ასკვნის, რომ დაზიანებები მსუბუქი ხასიათისაა და მათ არ შეეძლო სიკვდილის გამოწვევა. დასკვნის ამ ნაწილში ექსპერტებს რომც დავეთანხმოთ, იბადება კითხვა, თუ სად და რა ვითარებაში, ასევე ვის მიერ მიიღეს გარდაცვლილებმა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები და რატომ არ ხდება ამ ფაქტების გამოძიება?”

2010 წელს საქართველოს პენიტენციარული სისტემის დაწესებულებებში გარდაცვლილთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების ანალიზის საფუძველზე დადგენილია ნაძალადევი სიკვდილის 8 შემთხვევა.

2010 წელს გარდაცვლილ პატიმართა სოლიდურ ნაწილს დადგენილი ჰქონდა მძიმე და განუკურნებელი დაავადების დიაგნოზი, თუმცა ამ პატიმართა მიმართ სასჯელის გადავადების ან ვადამდე გათავისუფლების საკითხი არ დასმულა. სახალხო დამცველი ”ადამიანის მიმართ არაჰუმანურ მოპყრობად” აფასებს თითეული ასეთი პაციენტის მოვლისა და მკურნალობის პირობებს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG