Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული წიგნის კუთხე ქვინსის ბიბლიოთეკაში


ქართული წიგნის კუთხე ფორესტ ჰილსის ბიბლიოთეკაში
ქართული წიგნის კუთხე ფორესტ ჰილსის ბიბლიოთეკაში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქვინსში, ფორესტ ჰილსის საჯარო ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა.

ქვინსი, ამერიკის ეთნიკურად ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი დასახლებაა, მის 62 ბიბლიოთეკაში ლიტერატურა სულ მცირე 50 ენაზე ინახება.

ფრედ გიტნერი - ქვინსის ბიბლიოთეკის ასისტენტ დირექტორი ამბობს, რომ ქართული კუთხის გახსნის იდეა ნიუ-იოკრში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქართველმა მიაწოდა:

“სანამ უშუალოდ წიგნების შეგროვებას დავიწყებდეთ ჩვენ უბნების დემოგრაფიას ვსწავლობთ. ჩვენი სპეციალისტი მოსახლეობის აღწერის შედეგებს ეცნობა. სწორედ ასე დავადგინეთ, რომ ქართული წიგნები ყველაზე მეტ მკითხველს ფორესტ ჰილსში მოიზიდავდა,” ამბობს გიტნერი.

ჩვენ უბნების დემოგრაფიას ვსწავლობთ. ჩვენი სპეციალისტი მოსახლეობის აღწერის შედეგებს ეცნობა. სწორედ ასე დავადგინეთ, რომ ქართული წიგნები ყველაზე მეტ მკითხველს ფორესტ ჰილსში მოიზიდავდა.
ფრედ გიტნერი, ქვინსის ბიბლიოთეკის ასისტენტ დირექტორი

ქვინსის მოსახლეობის უკანასკნელი აღწერისას წარმოშობის ადგილად საქართველო 1100-მა ადამიანმა დაასახელა. გიტნერის თქმით ბიბლიოთეკის მისიაა ქვინსში მცხოვრებმა იმიგრანტებმა თავი დაფასებულად იგრძნონ.

“ჩვენ გვინდოდა ქართული წიგნებისთვის კუთხე გამოგვეყო, მით უფრო როცა ქართველებმა ინტერესი გამოხატეს მათი კულტურა აქ ყოფილიყო წარმოდგენილი. ”

50-ზე მეტი წიგნი, მათ შორის ქართველი კლასიკოსების და თანამედროვე მწერლების ნაშრომები, ასევე ქართულ ენაზე გამოცემული თარგმანები და ქართული ფილმები ქვინსს საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უსახსოვრა.

ჰვაი მინ ვუდი, ფორესტ ჰილსის ბიბლიოთეკის მენეჯერია, ის 20 წელია ბიბლიოთეკაში მუშაობს, მაგრამ ვერც ერთ შემთხვევას ვერ იხსენებს, როცა ბიბლიოთეკის სტუმრებმა ქართული ლიტერატურა იკითხეს. ქართული წიგნის კუთხის გახსნით, მას სწორედ ასეთი მკითხველების მოზიდვა სურს:

“ფორესტ ჰილსის მკვიდრები ქვინსში ყველაზე განათლებულ მკითხველებად მიიჩნევიან. იმიტომ რომ ისინი ასე განათლებულნი და ნაკითხნი არიან მოთხოვნებიც მაღალი აქვთ. როცა რამე სჭირდებათ, არ მოსწონთ ან შენიშნები აქვთ, გვწერენ, რეკავენ ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, აგზავნიან წერილებს. მათ იცნობენ როგორც მომთხოვნ მკითხველებს და რადგანაც ითხოვენ, ჩვენც მეტად ვცდილობთ მათი მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ და ვხვდებით, რომ გაუმჯობესება ყოველთვის შესაძლებელია,” ამბობს ვუდი.

ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ბიბლიოთეკაში ჩემი წიგნი ორივე ენაზე - ინგლისურად და ქართულად აქვთ. იმედია ქვინსში მცხოვრები ქართველების ახალი თაობა მათ გამოიყენებს და ორიგინალსა და თარგმანს ერთმანეთს შეადარებს.
თომას გოლცი, მონტანის უნივერსიტეტის პროფესორი

ფორესტ ჰილსის ბიბლიოთეკაში 300 ათასი წიგნი ინახება, ამდენივე მკითხველი სტუმრობს ბიბლიოთეკას ყოველთვიურად და თვეში დაახლოებით 40 ათასი წიგნი გააქვს. ბიბლიოთეკის სტუმრებს უკვე აკაკი წერეთლის, ილია წავჭავაძის, ვაჟა ფშაველას წიგნებთან ერთად რატი ამაღლობლის, ბასა ჯანიკაშვილის, ზვიად კავარაცხელიას და სხვა თანამედროვე ავტორების კითხვაც შეეძლებათ.

პარლამენტის საჯარო ბიბლიოთეკის მიერ გამოგზავნილ წიგნებთან ერთად ბიბლიოთეკაში ინახება ყოფილი ჟურნალისტის და კონფლიქტოლოგის - თომას გოლცის წიგნი “საქართველო”. ბიბლიოთეკის საზეიმო გახსნაზე ამ წიგნის პრეზენტაციაც გაიმართა.

“ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ბიბლიოთეკაში ჩემი წიგნი ორივე ენაზე - ინგლისურად და ქართულად აქვთ, რომელიც სულ ექვსიოდე თვის წინ გამოვიდა. იმედია ქვინსში მცხოვრები ქართველების ახალი თაობა მათ გამოიყენებს და ორიგინალსა და თარგმანს ერთმანეთს შეადარებს. დიდი პატივია იყო რაღაცის ნაწილი მის საწყის ეტაპზე,” ამბობს მონტანის უნივერსიტეტის პროფესორი თომას გოლცი.

ქართული კუთხის გახსნაზე ბრუკლინის ქართული ცენტრის “ფესვების” მოცეკვავეებმა რამდენიმე ნომერი შეასრულეს. ქართული ტრადიციული პოლიფონიური სიმღერის გუნდ “სუფრულის” ამერიკელმა წევრებმა კი სტუმრებს ქართულ და მეგრულ ენებზე უმღერეს.

XS
SM
MD
LG