Accessibility links

logo-print

მეზღვაურებს დახმარების იმედი გაუჩნდათ


”მარია დელ კარმენ 2”-ის ეკიპაჟი

”მარია დელ კარმენ 2”-ის ეკიპაჟი

პანამის არხში, პორტ ბალბოასთან, ნავსადგურიდან ხუთი კილომეტრის დაშორებით, ზღვაში მყოფი ნიგერიული გემის ქართული ეკიპაჟის დასახმარებლად საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალურ გეგმას ადგენს. გეგმის დეტალები ცნობილი გახდება მოგვიანებით, სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც სენტ კიტსისა და ნევისის დროშით მცურავი ტანკერის ”მარია დელ კარმენ 2"-ის ქართველ მეზღვაურებს მექსიკაში საქართველოს ელჩი მალხაზ მიქელაძე შეხვდება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ამბობს, რომ მეზღვაურთა საქართველოში დაბრუნების საკითხებზე მოლაპარაკებები საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც მიმდინარეობს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, პანამის არხში სამი თვის განმავლობაში გაჩერებული ნიგერიული გემის ქართული ეკიპაჟი საქართველოში უახლოეს მომავალში დაბრუნდება, თუმცა საქმე მარტივად არ არის და ცალკეული დეტალებია დასადგენი. მეზღვაურებისთვის მნიშვნელოვან ამ დეტალებში იგულისხმება სახელფასო დავალიანებაც:

”დავალიანება აქვს ამ გემს მეზღვაურების მიმართ. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი თემა მათთვის და სანამ ისინი თვითონ არ მიიღებენ გადაწყვეტილებას, ჩვენ, რასაკვირველია, მათი სურვილის წინააღმდეგ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ.”
შევთანხმდით იმაზე, რომ რაც დაკისრებული ვალდებულება ჰქონდათ ქართველ მეზღვაურებს, შეასრულებდნენ, მიიღებდნენ თავიანთ რაც დავალიანება აქვთ ხელფასების და იქნებოდნენ საქართველოში დაბრუნებულები. მაგრამ არ მოხდა იმ ვალდებულებების შესრულება, რაც ჩვენს მეზღვაურებს ჰქონდათ დაკისრებული. ეს ვალდებულება კი გემის გენერატორის შეკეთებაა...


უფრო კონკრეტულად კი, ივლის-აგვისტოს ხელფასი არ მიუღიათ გემის კაპიტანს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს, უფროს მექანიკოსს და მეორე მექანიკოსს. ივლისიდან დაწყებული, ოქტომბრის ჩათვლით, ეკიპაჟის წევრთა ხელფასი დანაკლისითაა გაცემული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან დახმარების იმედი გაჩნდა, მეზღვაურებისთვის ჯერჯერობით მაინც არაფერი შეცვლილა. 17 ნოემბერს მათ მიიღეს 1 ტონა საწვავი, რომელიც დაახლოებით 2-3 დღის მარაგია. ფაქტობრივად, ამოეწურათ საჭმელი და ძირითადად ერთჯერადი სუპებით იკვებებიან. აქვთ სასმელი წყალი, დასაბანად კი წვიმის წყალს აგროვებენ. კაპიტნის თანაშემწის მოადგილის დავით ბარქაიას თქმით, გემის ნიგერიელი მეპატრონე ბოლო დროს საერთოდ აღარ გამოჩენილა. მოთხოვნები კი დამსაქმებლის მიმართ შემდეგია;

”ჩვენ ახლა, ამწუთას, ამჟამად ჩვენ გვინდა ჩვენი კუთვნილი ხელფასები მივიღოთ და ავიაბილეთები, თუ შეიძლება, რომ დავბრუნდეთ ჩვენს ოჯახებში. ჩვენი კონტრაქტები საერთოდ იყო ოთხთვიანები, 2-დან 4 თვემდე. მაგრამ ჩვენ უკვე შვიდ თვეზე მეტია ვმუშაობთ. გავწვალდით, რა. ეს სამი თვეა გავწვალდით, საერთოდ. სულ პრობლემები იყო კვებასთან დაკავშირებით, საწვავთან დაკავშირებით”.

ტანკერი ”მარია დელ კარმენ 2” კომპანია ”Ocean Crest Internetional”-ს ეკუთვნის. გემი ძველია, იგი 1971 წელს არის აგებული და ავარიულ მდგომარეობაშია. გემის ეკიპაჟი 16 წევრისგან შედგება, რომელთაგან 4 ნიგერიელია, 12 კი საქართველოს მოქალაქე. ეკიპაჟის მოვალეობა გემის ეკვადორიდან ლაგოსის პორტში, ნიგერიაში ჩაყვანა იყო. გემს რემონტი ჩაუტარდა ეკვადორის ერთ-ერთ პორტში, პანამაში კი ტანკერის რემონტი უნდა გაგრძელებულიყო. როგორც მეზღვაურები ამბობენ, გემი პრაქტიკულად 7 თვეა გაჩერებულია და მხოლოდ 4 დღე იარა. მეზღვაურები თავიანთ დამსაქმებელ სააგენტოს, „ფრეგატს“, პრეტენზიებს უყენებენ, მათ შორის, ხელფასის გაუცემლობის გამო. „ფრეგატის“ დირექტორი ირაკლი დუმბაძე, თავის მხრივ, ქართველი მეზღვაურების მიერ მოვალეობის შეუსრულებლობაზე ამახვილებს ყურადღებას:

”მე პირადად ვიყავი პანამაში ჩასული 5 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრამდე. შევხვდი გემთმფლობელს, გემის მენეჯერს, ქართველ მეზღვაურებს. შევთანხმდით იმაზე, რომ რაც დაკისრებული ვალდებულება ჰქონდათ ქართველ მეზღვაურებს, შეასრულებდნენ, მიიღებდნენ თავიანთ რაც დავალიანება აქვთ ხელფასების და იქნებოდნენ საქართველოში დაბრუნებულები. მაგრამ არ მოხდა იმ ვალდებულებების შესრულება, რაც ჩვენს მეზღვაურებს ჰქონდათ დაკისრებული. ეს ვალდებულება კი გემის გენერატორის შეკეთებაა.”
არავითარი სუპერინტერდანტი ამ დროისთვის გემზე არ არის. გემზე იყო ჩამოსული ტექნიკური მექანიკოსი, გენერატორზე დააყენა გამაძლიერებელი, წყლის გამაგრილებელი, რომელიც სისტემას აგრილებს. მეტი არაფერი ამ გემზე არ გაკეთებულა, ფაქტობრივად. ჰოლანდიელი წარმომადგენელი ახლა, ამ დროისთვის, გემზე არ არის...


ირაკლი დუმბაძე აზუსტებს, რომ ამ სამუშაოს შესრულებაში ქართველი მეზღვაურები გემის ეკიპაჟის წევრ ნიგერიელ მეზღვაურებს უნდა დახმარებოდნენ. მისივე ინფორმაციით, გემზე იმყოფება ჰოლანდიელი სუპერინტერდანტი, რომელიც გენერატორის შეკეთებითაა დაკავებული. ამ ინფორმაციას უარყოფს გემის კაპიტანი ზურაბ დავითაძე.

”არა, არა, არავითარი სუპერინტერდანტი ამ დროისთვის გემზე არ არის. გემზე იყო ჩამოსული ტექნიკური მექანიკოსი, გენერატორზე დააყენა გამაძლიერებელი, წყლის გამაგრილებელი, რომელიც სისტემას აგრილებს. მეტი არაფერი ამ გემზე არ გაკეთებულა, ფაქტობრივად. ჰოლანდიელი წარმომადგენელი ახლა, ამ დროისთვის, გემზე არ არის. ნიგერიელები, რომლებიც ახლა გემზე უნდა იყვნენ, ოთხი კაციდან არც ერთი არ არის, გარდა ერთისა. ენაცვლებიან ერთმანეთს. სამი არის გადასული ნაპირზე. ისვენებენ თუ რას აკეთებენ, არ ვიცი”.

”მარია დელ კარმენ 2"-ის კაპიტანმა ზურაბ დავითაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა ისიც, რომ ეკიპაჟის მოვალეობებში გენერატორის შეკეთება არ შედიოდა.

”ჩვენ ვართ ექსპლუატატორები და არა მექანიკოსები, რომლებსაც გემზე სარემონტო სამუშაოების შესრულება ევალებათ”, - გვითხრა ზურაბ დავითაძემ დამსაქმებელი კომპანია „ფრეგატის” დირექტორის, ირაკლი დუმბაძის პასუხად. მანვე განმარტა, რომ პირობა იყო გემის პანამაში ჩაყვანა და დოკზე დაყენება ან ადგილზე შეკეთება, რაც ეკიპაჟმა, გემის მეპატრონისგან განსხვავებით, შეასრულა. ზურაბ დავითაძე „ფრეგატის“ დირექტორისგან შრომის ანაზღაურების საკითხის მოგვარებას ითხოვს, ირაკლი დუმბაძე კი, თავის მხრივ, იმედოვნებს, რომ ქართველ მეზღვაურებს სახელფასო დავალიანებას 10 დღის განმავლობაში დაუფარავენ.
XS
SM
MD
LG